აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კვიპროსს სტუმრობს. ის აგრძელებს ვაშინგტონის მოკავშირეების მხარდაჭერაში დარწმუნებას, უკრაინის საკითხზე დასავლეთსა და რუსეთს შორის უთანხმოების ფონზე. წინასწარი ინფორმაციით, ბაიდენი კვიპროსის ჩრდილოეთისა და სამხრეთის ლიდერებს მოუწოდებს მოლაპარაკებების განახლებისკენ, რომლის მიზანიც კუნძულის გაერთიანება იქნება. ნიქოზიაში ყოფნისას, ბაიდენი ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მიმართ აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებზე. საკითხი აქტუალურია კვიპროსისთვის, რომლის ბანკებშიც რუსეთის მოქალაქეებს მილიარდობით დოლარი აქვთ დაბანდებული. კვიპროსის ლიდერებთან შეხვედრებისას, ჯო ბაიდენი ენერგეტიკის თემაზეც იმსჯელებს - კერძოდ, უკანასკნელ ხანს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, კვიპროსსა და ისრაელს შორის, ოფშორში აღმოჩენილ ბუნებრივი აირის საბადოზე. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, კვიპროსის წყლებში ბუნებრივი აირის მარაგის აღმოჩენამ, შესაძლოა, კვიპროსი აქციოს ენერგო-ლიდერად რეგიონში. კვიპროსმა უკვე მიანიჭა ლიცენზია აშშ-ის კომპანია „ნობელს“, ბუნებრივი აირის მოსაპოვებლად ბურღვის დასაწყებად. ბუნებრივი აირის მოსაძებნი სამუშაოებისთვის ლიცენზიები გაიცა აგრეთვე იტალიის „ენი“-სა და საფრანგეთის „ტოტალზე“. კვიპროსი ევროკავშირის წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც არ არის ნატოს წევრი და არ მონაწილეობს ნატოს სამშვიდობო პროგრამაში. კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი, თავისი წინამორბედისგან განსხვავებით, პროდასდავლურ პოლიტიკას ატარებს. კვიპროსი გაყოფილია 1974 წლის შემდეგ, როცა თურქეთმა დაიკავა კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელსაც ცალკე ერთეულად მხოლოდ თურქეთი ცნობს.
ყველაზე პოპულარული
1