Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს


ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ. მისი ინფორმაციით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, საკითხის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზე საქართველოს მთავრობამ 22 მაისის სხდომაზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ შეთანხმებას პრემიერ-მინისტრი მოაწერს ხელს. თადუმაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, საგარეო ურთიერთობებსა და სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებისთვის საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს, მას მთავრობის თანხმობა სჭირდება. შალვა თადუმაძის განცხადებითვე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებზე მოლაპარაკების და მათი ხელმოწერის გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს მთავრობა. თადუმაძის განმარტებით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნებოდა ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება ექნებოდა მიღებული მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. „გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ევროკავშირთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობით მოკლებულია შესაძლებლობას მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას“ - განაცხადა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
XS
SM
MD
LG