რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინის სავარაუდო ახალი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო „ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ „უკრაინაში ექსტრემისტული შეხედულებები დომინანტურად არ იქცეს“. ამასთან, ლავროვის განცხადებით, მოსკოვი თვლის, რომ უკრაინის კრიზისის გადაჭრის გზა „დიალოგზე და კიევსა და რეგიონებს შორის კომპრომისის დაშვებაზე“ გადის. მოსკოვში, ჟურნალისტებთან საუბრისას ლავროვი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ უკრაინის ლიდერებმა არ უნდა გაააქტიურონ „საგანგებო ოპერაცია“ ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ - რომლებსაც კიევი ტერორისტებს უწოდებს. ლავროვის შეფასებით, უკრაინაში საპრეზიდენტო კამპანიას „პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია“. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიმეორა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება - რომ „რუსეთი პატივისცემით მოეკიდება უკრაინელი ხალხის ნებას“. ლავროვის თქმით, რუსეთი პოროშენკოსთან დიალოგის დასაწყებად მზად არის.
ყველაზე პოპულარული
1