Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამას ინიციატივით, მილიარდი დოლარით უნდა დაფინანსდეს ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერება


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები აპირებს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ევროპაში მეტი ცოცხალი ძალის და აღჭურვილობის განთავსებით. ობამამ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომოროვსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ობამას თქმით, ის აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს მილიარდი დოლარის გამოყოფას ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის დასაფინანსებლად. ამ ნაბიჯის ფონს ქმნის რუსეთის ქმედება უკრაინასთან მიმართებით. კომოროვსკის შეფასებით, აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა „კარგი პასუხია“. დღესვე ობამამ „წმიდათა წმიდა“ უწოდა პოლონეთისა და სხვა აღმოსავლეთევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოებისადმი ვაშინგტონის მხარდაჭერას. „ჩვენი ერთგულება პოლონეთის უსაფრთხოების, ისევე როგორც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი მოკავშირეების მიმართ, არის ჩვენივე უსაფრთხოების ქვაკუთხედი და არის წმიდათა წმიდა“, განაცხადა ობამამ, რომელმაც ვარშავაში ვიზიტით დაიწყო ოთხდღიანი ევროპული ტურნე. ამ ტურნეს ფარგლებში ის ეწვევა ბელგიას და საფრანგეთსაც.
XS
SM
MD
LG