Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილი: აფხაზეთში ნათლად ჩანს, რომ რუსეთი ერევა საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში


საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის აზრით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენებიდან ნათლად ჩანს, რომ ეს არის რუსეთის პირდაპირი და ღია ჩარევა საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებში და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებაში. მარგველაშვილმა ეს განცხადება გააკეთა თბილისში, შვეიცარიის პრეზიდენტთან, დიდიე ბურკჰალტერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მარგველაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი ასეთი ჩარევით არ შეეცდება საქართველოს „დასჯას“ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ივნისს გადადგა დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რასაც წინ უძღოდა ოპოზიციის მიერ 27 მაისიდან დაწყებული საპროტესტო აქციები. საქართველოში ვიზიტისას, შვეიცარიის პრეზიდენტმა დიდიე ბურკჰალტერმა განაცხადა, რომ ამჟამად მსჯელობენ საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის შესაძლებლობახე. მისი თქმით, განხილვის საგანია მისიის ფორმატი და უკვე არსებობს ინიციატივა, რომ ეუთოს ფარგლებში შეიქმნას სპეციალური ცენტრი. ასევე დაგეგმილია მობილური სამუშაო ჯგუფის ამოქმედება, რომელიც ვენაში იქნება განთავსებული. თბილისში პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ბურკჰალტერმა ისაუბრა კონფლიქტების მოგვარების პროცესში ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზეც.
XS
SM
MD
LG