Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრი მედიას: ჩვენს მუშაობას დანახვა უნდა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ახალი ხელისუფლების საგანგებო წარმატებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ეგულება, იქნება ეს ქვეყნის ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება თუ საგარეო პოლიტიკა და ეს მან 4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზეც აღნიშნა. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში მედია სრულიად თავისუფალია, მაგრამ ხშირად იტყუება და მხოლოდ ცუდს ხედავს; რომ საქართველოში კრიმინალური ვითარება არ გაუარესებულა და რომ, კორუფციასთან ბრძოლის მიზნით, სახელმწიფო მოხელეები ფინანსურად უნდა წახალისდნენ.

”ხშირად მესმის სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მთავრობამ დანაპირები არ შეასრულა და რომ ყელაფერი იყო ტყუილი... ვერც ერთ დანაპირებს ვერ დამისახელებთ, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, - ამბობს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, თუმცა, მეორე მხრივ, იქვე აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ხალხისთვის მიცემულ დაპირებებს ”ქართული ოცნება” 4-წლიან პერიოდში შეასრულებს.
მე ვიცი განწყობები და მე ვიცი შეფასებები თითოეული რაიონის, თითოეული სოფლის მიხედვით: იქ ”ქართული ოცნება” დგას ხუთი თავით მაღლა ყველაზე და არავინ არ ჩანს რეალურად, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე...
ირაკლი ღარიბაშვილი

რა არ მოიგონა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა აღარ დაგვაბრალა, მაგრამ ეკონომიკამ რეალური გამოცოცხლება გასული წლის ბოლო თვეებში დაიწყო, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 7.4 პროცენტი შეადგინაო, - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, გაზრდილია ექსპორტის მოცულობა და ”რეკორდულია”, რომ ევროკავშირის ბაზრის მიმართულებით ექსპორტი 72%-ით გაიზარდა.

ექსპორტის განვითარების თემას ბუნებრივად უკავშირდება წარმოების განვითარების თემა და ამ კუთხით პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს მისივე ინიციატივით 1 ივნისიდან ამოქმედებულ პროექტზე ”აწარმოე საქართველოში”. ასევე წარმოების განვითარების კონტექსტში აღინიშნება ”შეღავათიანი აგროკრედიტის” პროექტი, რომლის ფარგლებშიც 1 წლის განმავლობაში 17 ათასზე მეტმა პირმა სახელმწიფოსგან 400 მილიონ ლარზე მეტი ისესხა. აქვე პრემიერ-მინისტრი პასუხს სცემს ოპონენტების მიერ დასმულ შეკითხვას: სად არის დაპირებული 100 საწარმო?

”ჯერ ერთი, შეგახსენებთ, რომ 100 საწარმო, ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ შეიქმნებოდა, ასე ვთქვათ, 2016 წლის ბოლომდე - მინიმუმ 100 საწარმო. ჩვენ წელს უკვე მოვახერხეთ 70-ზე მეტი ახალი საწარმოს გახსნა - ჩვენი დახმარებით, რა თქმა უნდა. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საწარმოებში 700-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 400-ზე მეტი საწარმოს გაფართოება, გადაიარაღება განხორციელდა”.

ირაკლი ღარიბაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობას” ოპონენტ პოლიტიკურ ძალად არ აღიქვამს და მიაჩნია, რომ ეს ძალა ”პოლიტიკური სივრცის რადარიდან ქრება”. მეტიც, ზოგადად, ”ქართული ოცნების” ლიდერს საქართველოში საერთოდ არ ეგულება კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიცია:

”მე ვიცი განწყობები და მე ვიცი შეფასებები თითოეული რაიონის, თითოეული სოფლის მიხედვით: იქ ”ქართული ოცნება” დგას ხუთი თავით მაღლა ყველაზე და არავინ არ ჩანს რეალურად, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე. ალბათ გაიზრდება, ალბათ განვითარდება ეს ოპოზიციაც და... ”

იმაში, რომ მედია აბსოლუტურად თავისუფალია საქართველოში, მისხალი ეჭვიც კი არ ეპარება ირაკლი ღარიბაშვილს. ჟურნალისტების მთავარ პრობლემად კი ის ამ ეტაპზე უსამართლო აღქმებსა და შეფასებებს მიიჩნევს. 4
თქვენ ხელი არ უნდა შეუწყოთ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიას - ვგულისხმობ ”ნაციონალურ მოძრაობას” - სიცრუის ტირაჟირებაში და საზოგადოების დაძაბვაში...
ირაკლი ღარიბაშვილი
ივნისს პრესკონფერენციაზე დასმული მწვავე შეკითხვების არცთუ მცირე ნაწილს პოლიტიკურად მიკერძოებული, ვიღაცების ნაკარნახევი უწოდა და ჟურნალისტებს რჩევა-დარიგებებიც მისცა:

”მთავრობა 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და მართლა ვაკეთებთ ყველაფერს. ამას სჭირდება დანახვა და ამას სჭირდება სწორი გაშუქება და არა დამახინჯებულად. თქვენ ხელი არ უნდა შეუწყოთ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიას - ვგულისხმობ ”ნაციონალურ მოძრაობას” - სიცრუის ტირაჟირებაში და საზოგადოების დაძაბვაში”.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მედია ცუდ საქმეს აკეთებს და, მათ შორის, ინვესტორებსაც აფრთხობს, როდესაც დანაშაულის ფაქტებს ინტენსიურად აშუქებს და ქმნის ”დაძაბულ ფონს”, რომ თითქოს ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია გაუარესდა. პრემიერ-მინისტრი ასეთ შეფასებას არანაირად არ ეთანხმება, თვლის, რომ დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება, ამის პრევენცია შეუძლებელია და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო შესანიშნავად მუშაობს.

4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრის გაღიზიანება პრემიებისა და სახელფასო დანამატების თემამაც გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ თავად სიამაყით ხაზგასმით აღნიშნა, პრემია არასოდეს მიმიღიაო, ირაკლი ღარიბაშვილი მაინც ფიქრობს, რომ სახელმწიფო მოხელეებს, მათი პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთის გათვალისწინებით, აუცილებლად სჭირდებათ ფინანსური წახალისება იმისათვის, რომ შევარდნაძის კორუფციულ ეპოქაში არ დავბრუნდეთ.

თავის ძირითად გამოსვლაში პრემიერ-მინისტრს ოკუპირებული ტერიტორიები არ უხსენებია, ხოლო როდესაც დაუსვეს შეკითხვა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, მან თქვა, რომ საქმე შეეხება საკადრო გადაადგილებებს და რომ თბილისი გალის მოსახლეობასთან მიმართებით ამ ეტაპზე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. რაც შეეხება მოლოდინს ნატოსთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვარაუდის ფონზე, რომ უელსის სამიტზე საქართველოს არ მიანიჭებენ MAP-ს, ირაკლი ღარიბაშვილი შეფასებებს შეგნებულად არიდებს თავს და ცნობისმოყვარეებს ურჩევს, უელსის სამიტს დაელოდონ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG