Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკომ შეჰფიცა, რომ შეინარჩუნებს ერთიან უკრაინას


კიევში, პარლამენტში უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ინაუგურაცია გაიმართა. საპრეზიდენტო გვარდიის აღლუმის მიღების შემდეგ, პეტრო პოროშენკომ პარლამენტის ტრიბუნაზე საპრეზიდენტო საზეიმო ფიცი დადო და ძალაუფლების სიმბოლოები ჩაიბარა. თავის საინაგურაციო სიტყვაში კი პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინას მშვიდობა, უსაფრთხოება და ერთიანობა სჭირდება. უკრაინის ახალი პრეზიდენტის თქმით, იგი ამ მიზნის მისაღწევად ძალიან მალე ჩავა აღმოსავლეთ უკრაინაში და ძალაუფლების დეცენტრალიზაციისა და რუსეთის ენის სტატუსის შესახებ გამართავს მოლაპარაკებებს. მისივე თქმით, იგი მზად არის გამოვიდეს მოწოდებით დონბასში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამართვის შესახებ. პოროშენკომ ექსტრემისტებს ამნისტიას დაჰპირდა, თუ ისინი შეწყვეტენ ბრძოლას და ჩააბარებენ იარაღს. პეტრო პოროშენკომ დაგმო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, რომელიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, იყო და იქნება უკრაინის მიწა. უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას მრავალი ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პოლონეთის, ბელორუსიის, ლატვიის და საქართველოს პრეზიდენტები. რუსეთი მხოლოდ მისი ელჩით იყო წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG