უკრაინის სათბობისა და ენერგეტიკის მინისტრმა იური პროდანმა განაცხადა, რომ თუ გაზის საკითხზე რუსეთთან შეთანხმება ვერ მოხერხდება, კიევი სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს: „დღეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გავმართეთ და, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით ფასის ფორმირების მექანიზმზე“, - სააგენტო „უნიანის“ საკუთარი კორესპონდენტის თანახმად, იური პროდანმა ეს 10 ივნისს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით, მხარეებმა მოილაპარაკეს - პრობლემური საკითხები გადაჭრან შეთანხმებათა პაკეტით, რომელშიც გაზის ფასზე მოლაპარაკების შემდეგ მხარეები შეთანხმდებიან ვალის დაფარვაზე. „ფასის ფორმირებაზე რუსეთის ფედერაციის პოზიცია არ შეცვლილა“, - განაცხადა პროდანმა. მისივე ინფორმაციით, „გაზპრომს“ უკრაინისთვის შეუთავაზებია ფასდაკლება გაზზე საექსპორტო გადასახადის ხარჯზე. თუმცა, უკრაინელი მინისტრი თვლის, რომ რუსეთის მხარის ეს გადაწყვეტილება შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს: „ამიტომ არ გვსურს ამ შეთავაზების მიღება და ვცდილობთ სამართლიანი ფასის მიღებას“, - აცხადებს პროდანი.
გაზის ფასზე მოსკოვთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში კიევი სტოკჰოლმის სასამართლოს მიმართავს
ყველაზე პოპულარული
1