Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოცნებისგან, ნაციონალებისა და ძაღლებისგან გაწმენდილი ქალაქი - ოქრუაშვილის დაპირება


არჩევნებამდე 5 დღით ადრე წინასაარჩევნო კამპანია გორში უფრო აგრესიული და რადიკალურიც კი ხდება. დაწყებულია ეგრეთ წოდებული პლაკატების ომი. კონკურენტები ერთმანეთის პლაკატებს ან ხევენ, ან ზევიდან აკრავენ. ეს ყველაფერი ღამით კეთდება. ერთ შემთხვევაში კი არასაპარლამენტო ოპოზიციასა და ოქრუაშვილის მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლაც მოხდა. გარდა ამისა, პლაკატებს ისეთ ადგილებშიც აკრავენ, სადაც ეს აკრძალულია. გორის საკრებულომ წინასწარ განსაზღვრა ის ადგილები, სადაც პლაკატების გაკვრა შეიძლება, თუმცა ამას ყურადღებას არავინ აქცევს.

ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ამომრჩევლებთან შეხვედრას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ხშირად აშუქებს. ოქრუაშვილი ქალაქის უბნებსა და სოფლებში გამგებლობისა და მერობის საკუთარ კანდიდატებთან ერთად მართავს შეხვედრებს. ინტერნეტგამოცემა „ქართლი.გეს“ ვიდეოჩანაწერების მიხედვით, სოფლებში ოქრუაშვილი ამბობს, რომ მისი გამგებლობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-გამგებელი გახდება, გორელებს კი ეუბნება, რომ მისი მერობის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს - ასეთი განცხადებები ამომრჩეველს აბნევს.

ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრისას კი უფრო აგრესიული რიტორიკა ჭარბობდა. იქ ოქრუაშვილმა თქვა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქალაქს ერთ თვეში ნაციონალებისა და ოცნებისგან გაასუფთავებს.

ამ განცხადების საპასუხოდ, კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ ოქრუაშვილი იაფფასიანი პოპულიზმით არის დაკავებული და არჩევნებზე ნახავს, ვისგან გაწმენდს ქალაქს ამომრჩეველი.

ოქრუაშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან კი ყველაზე სკანდალური ქუჩის ძაღლებთან დაკავშირებული საკითხი აღმოჩნდა. „ქართული პარტიის“ ლიდერი აცხადებს, რომ არ აინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი და ჯობია ძაღლები დააძინო, ვიდრე მათ 24 საათი აჭამო.

ამ განცხადებამ ცხოველების უფლებათა დამცველების აღშფოთება გამოიწვია და ოქრუაშვილს კანონში ჩახედვა ურჩიეს. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის წევრი ირმა მთიულიშვილი ძაღლების ლიკვიდაციის შესახებ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაჰუმანურს უწოდებს და მის დასჯას მოითხოვს.

არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გორში პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. ძნელი სათქმელია, ვინ მოიპოვებს გამარჯვებას. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამომრჩევლების დიდ ნაწილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ მერის არჩევნებში, დიდი ალბათობით, მეორე ტური დაინიშნება.
XS
SM
MD
LG