Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენმა კონფლიქტურ რეგიონებში დაპატიმრებულთა შესახებ სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი გამოაქვეყნა


2014 წლის 31 მაისის მდგომარეობით, ე.წ სამხრეთ ოსეთისგან გამყოფ ხაზთან დაკავებული იყო საქართველოს 70 მოქალაქე, აფხაზეთთან კი - 107. ასეთ მონაცემებს შეიცავს სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი, რომელიც დღეს გამოაქვეყნა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა. მისი ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში რჩება 3 ქართველი პატიმარი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე დაწესებულებებში კი სასჯელს იხდის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები 11 პირი. „ერთი წლის წინ პირველად გამოითქვა ორივე მხარის მიერ პატიმართა შეწყალების იდეა, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა არა მხოლოდ პატიმართა ოჯახის წევრებისგან, არამედ კონფლიქტის ორივე მხარეს მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციისგანაც, თუმცა დღეს ეს პროცესი შეჩერებულია" - განაცხადა ნანუაშვილმა. მისი შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯი იყო 2012-2013 წლებში ორი პატიმრის გათავისუფლება. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტების შედეგები მწვავედ აისახება გალის რაიონის მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზეც. უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, როგორც სოხუმში, ისე თბილისში სასჯელს იხდის გალის რაიონის რამდენიმე მკვიდრი. სახალხო დამცველის განცხადებით, პატიმრების საკითხის მოგვარების პარალელურად მხარეები უნდა შეთანხმდნენ მექანიზმზე, რომელიც გამყოფ ხაზებთან მშვიდობიან მოქალაქეთა დაკავების მანკიერ პრაქტიკას აღმოფხვრის.
XS
SM
MD
LG