Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო რუსეთს მოუწოდებს, „საქმით“ დაუჭიროს მხარი მშვიდობას


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს მოუწოდებს, „საქმით და არა სიტყვით“ დაუჭიროს მხარი მის სამშვიდობო გეგმას. სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას, პოროშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი, გეგმის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის მიუხედავად, საკმარისს არ აკეთებს. პოროშენკომ ისაუბრა კიევისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზეც: „ჩვენი არჩევანია, ავაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროპული ქვეყნების ოჯახში. ჩვენს გზას ევროპის კავშირისაკენ მივყავართ და ამიტომ ხვალ, 27 ივნისს, ბოლოსდაბოლოს, როგორც უკრაინის პრეზიდენტი ხელს მოვაწერ ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებას“, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ევროსაბოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გამოსვლისას. 26 ივნისს, უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მოსკოვმა მომდევნო „საათებში“ უნდა დაამტკიცოს, რომ ხელს უწყობს აღმოსავლეთ უკრაინაში ზავს კიევსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის. კერის თქმით, რუსეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მომდევნო საათებში აჩვენოს, რომ მიმართავს ზომებს სეპარატისტების განიარაღების მისაღწევად და მათ წასახალისებლად, ჩაერთონ „კანონიერ პროცესში“.

XS
SM
MD
LG