Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს. სხდომას ესწრებიან საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთა წარმომადგენლებიც. საკომიტეტო მოსმენისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების შემდეგ წინასწარ, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება შეთანხმების სავაჭრო ნაწილი და ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირებული ქართული პროდუქცია გათავისუფლებულ იქნება საბაჟო გადასახდისგან. რაც შეეხება შესყიდვებში მონაწილეობას, ჯანელიძის განმარტებით, ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულია საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების საგზაო რუკა, რომელიც დაახლოებით რვა წელიწადზეა გათვლილი და ბაზარზე ეტაპობრივ დაშვებას ითვალისწინებს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის ხვალისთვის დანიშნულ რიგგარეშე სხდომაზე. მას დაესწრებიან ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე, აგრეთვე ბულგარეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები კრისტიან ვიგენინი და ედგარს რინკევიჩსი.

XS
SM
MD
LG