Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაცენიუკმა გასცა ავიაკატასტროფის გამოძიების განკარგულება


დღეს მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა უკრაინაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა, მისი პრეს-მდივნის ცნობით, გასცა ავიაკატასტროფის გამოძიების განკარგულება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი, ანტონ ჰერაშჩენკო აცხადებს, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდო დედამიწა-ჰაერის კლასის რაკეტამ. ჰერაშჩენკო ვარაუდობს, რომ დაიღუპა 280-ვე მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. როგორც ჰერაშჩენკო ამბობს, თვითმფრინავი მიფრინავდა 10 კილომეტრის სიმაღლეზე, როცა მას რაკეტა მოხვდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „ბოინგ 777“ ასრულებდა რეისს ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით. მალაიზიის ავიაკომპანია აცხადებს, რომ თვითმფრინავთან კონტაქტი დაკარგა უკრაინის საჰაერო სივრცეში. აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ბოროდაი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. 17 ივლისს უფრო ადრე, კიევმა რუსი სამხედროები დაადანაშაულა უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. რუსეთი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG