Accessibility links

ახალი ამბები

ერაყის პრეზიდენტმა ჰაიდარ ალ აბადის დავალა ახალი მთავრობის შექმნა

გავრცელდა ცნობა, რომ ერაყის პრეზიდენტმა, მაღალი რანგის შიიტ პოლიტიკოსს, ჰაიდარ ალ-აბადის დაავალა, ჩამოაყალიბოს მთავრობა. ეს ნაბიჯი, პრეზიდენტმა, ფუალ მასუმმა მას მერე გადადგა, რაც ერაყის შიიტთა საპარლამენტო ბლოკმა, ეროვნულმა ალიანსმა აბადი დაასახელა პრემიერად ახლა მოქმედი ალ მალიკის ნაცვლად. აპრილის არადამაჯერებელი არჩევნების შემდეგ პრემიერის მოვალეობას ასრულებდა მალიკი და სუნიტების, ქურთების და თანაპარტიელი შიიტების მოთხოვნას, გადამდგარიყო, უარყოფდა. მალიკი 2006 წლის შემდეგ არის ერაყის პრემიერ-მინისტრი. მას ბრალად სდებენ, რომ ქვეყანაში შიდა დაპირისპირებებს აღვივებდა მაშინ, როცა ქვეყანა ისლამისტურ ამბოხებას ებრძვის.10 აგვისტოს მალიკიმ თქვა, რომ უჩივლებს პრეზიდენტ ფუალ მასუმს კონსტიტუციის დარღვევის აგმო, როცა არ დაასახელა ვადებში პრემიერი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ 11 აგვისტოს განაცხადა, რომ სტაბილური მთავრობის შექმნა ერაყში გადამწყვეტია და მოუწოდა მალიკის, ნუ შეუწყობს ხელს მღელვარებას.

ყველა ახალი ამბავი

გიორგი ჩიქოვანი: ჰესების მშენებლობის გარეშე ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია

„ენერგეტიკის და გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიის ფუნდამენტური ნაწილი. მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე ჩვენი ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ვინაიდან ეს ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებას“ - ამის შესახებ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც დასმული კითხვის საპასუხოდ დღეს „ხადორი-3 ის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს გამოეხმაურა.

„ჩვენი მთავარი მიზანი და სტრატეგია არის მოსახლეობასთან კომუნიკაცია, რათა კარგად იყოს განმარტებული, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს თითოეული ჰესის მშენებლობამ ქვეყანას, კონკრეტულ რეგიონს და იქ მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. რაც შეეხება „ხადორი 3“-ს, ეს არის მცირე ჰესი, 5,4 მეგავატი სიმძლავრის, მას არ აქვს რეზერვუარი და არის მოდინებაზე, შესაბამისად, ეს არის სუფთა „მწვანე ენერგია“ და მას აქვს მინიმალური ზეგავლენა გარემოზე“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ნინო ლომჯარია: უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკის პირადი გვერდიდან ეხმაურება და აცხადებს, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები.


"მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა", - წერს ნინო ლომჯარია.

​სახალხო დამცველის განცხადებით, ის მზადაა ადგილზე ჩავიდეს და დაპირისპირებულ მხარეებს შეხვდეს.


"ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება", - წერს ნინო ლომჯარია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოითხოვს პანკისის ხეობაში მედიის უსაფრთხოების დაცვას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებულია პანკისში განვითარებული მოვლენებით და მიმართავს ყველა შესაბამის უწყებას, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება, რათა მათ დროულად და ადეკვატურად შეძლონ მიმდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენის გაშუქება და მოსახლეობის ინფორმირება.

ქარტიის განცხადებით, მნიშვნელოვანია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადების მობილიზება, რათა დაშავებულებმა მიიღონ დროული დახმარება.

"სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ ჟურნალისტებისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასწორი და სპეკულაციების შემცველი ცნობების გავრცელება”, – ვკითხულობთ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირიპისრება მოხდა.

დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

პანკისის ხეობის მოსახლეობა მოითხოვს ხეობიდან სპეცრაზმელთა გაყვანას.

პანკისში ტრაქტორს ცეცხლი წაუკიდეს

პანკისში აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს კომპანია „ალაზანი ენერჯის“ ტრაქტორს, რომლითაც დღეს დილით ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო. უფრო ადრე დაიწვა პოლიციის მანქანა. ამ წუთებში პანკისში ვითარება კვლავ დაძაბულია. დაშავებულები არიან ადგილობრივები, ჟურნალისტები, პოლიციის თანამშრომლები.

სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რამდენიმე დაშავებული ახმეტაში გადაიყვანა. ადგილზე ამ დროისთვის სამედიცინო ბრიგადები არ იმყოფებიან.

პანკისში პოლიციამ დამატებითი ძალები გადაისროლა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა.

მოსახლეობა და სამართალდამცევები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

პანკისში, სოფელ ძიბახევში ვითარება უკიდურესად დაძაბულია

პანკისში, ძიბახევში პოლიციის დამატებითი ძალების შეყვანის შემდეგ მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებულთა შორის არიან პოლიციელებიც. დამტვრეულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ტექნიკა, ცეცხლი გაუჩნდა პოლიციის მანქანას.

დაპირისპირების განმუხტვა ვერ ხერხდება. ხელისუფლებამ დამატებითი საპოლიციო ძალები ხეობაში თელავში მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულებამდე შეიყვანა. მოსახლეობა პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

პანკისის სათემო რადიოს თანახმად, დაშავებულია ათობით მოქალაქე. ადგილზე არ არიან სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

არასამთავრობო ორგანიზაციები ეკონომიკის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საპოლიციო ძალის გამოყენება პანკისის ხეობაში და გამოიყვანოს ხეობაში შეყვანილი დამატებითი ძალები და პროკურატურამ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ძალაუფლების სავარაუდო გადამეტების გამოძიების მიზნით.

ასევე - "დაუყოვნებლივ გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რომელსაც აშკარა ინტერესთა კონფლიქტი აქვს ბიზნესინტერესებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის და მისი დანიშვნიდან პირველივე დღეებში კრიზისი შექმნა პანკისის ხეობაში...
საქართველოს პარლამენტი დაინტერესდეს აღნიშნული თემით და გამოიყენოს საზედამხედველო მექანიზმები ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის".

განცხადებას ხელს აწერენ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "მწვანე ალტერნატივა", "კავკასიური სახლი".

.

მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა - ისვრიან რეზინის ტყვიებსა და ქვებს

პანკისში პოლიციამ დამატებითი ძალები გადაისროლა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება მოჰყვა.

მოსახლეობა და სამართალდამცევები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისვრიან რეზინის ტყვიებს, ასევე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი. მოსახლეობა ჯოხებითა და ქვებით იბრძვის სამართალდამცავების წინააღმდეგ.

ძიბახევის მიმართულებით ორმხრივი სროლაა, პოლიციას სპეციალური საპოლიციო ტექნიკა ძალით შეჰყავს.

ბათუმის ნავსადგურს აშშ-ის სამხედრო ხომალდი USS Ross ესტუმრება

ბათუმის პორტი

აშშ-ს სამხედრო ხომალდი USS Ross (DDG 71) ბათუმის ნავსადგურის მეათე ნავმისადგომზე შემოვა. 15:30 საათზე გაიმართება საზეიმო დახვედრის ცერემონია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. ეს ხომალდის პირველი ვიზიტია საქართველოში და იგი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.

USS Ross (DDG 71) არის Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები. USS Ross-ის ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მოკავშირეების მიმართ, პარტნიორებთან კავშირის გაძლიერებითა და რეგიონში უსაფრთხოების ხელშეწყობით.

USS Ross-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან. დაგეგმილია ამხანაგური საფეხბურთო მატჩები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვედრები ახალგაზრდებთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

„შავი ზღვის რეგიონში ჩვენი მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების შენარჩუნებაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“, - განაცხადა ხომალდის მეთაურმა კაპიტანმა Dave Coles-მა, - „ეკიპაჟი და მე მოუთმენლად ველით დინამიკურ პირობებში სამხედრო თავსებადობის გაუმჯობესებას და ამ რეგიონის მდიდარი ისტორიისა და კულტურის გაცნობას.“

ხომალდი USS Ross წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონში. აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად. USS Ross-ის მეთაურია კაპიტანი David Coles. ხომალდის ზომებია: სიგრძე - 154 მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 9.4 მეტრი.

უკრაინაში არჩევნების მეორე ტურია, პოროშენკო რთული გამოცდის წინაშეა

უკრაინაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტოს მოქმედი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბედი. 21 აპრილამდე ჩატარებული გამოკითხვები მოწმობს, რომ პოროშენკოს მეტოქეს, 41 წლის კომიკოს მსახიობს, ვლადიმირ ზელენსკის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს პოროშენკოსთან შედარებით.

18 აპრილს გავრცელებული გამოკითხვით, რომელიც ჩაატარა ჯგუფმა "რეიტინგი", ამომრჩევლის 57,9 პროცენტი ამბობდა, რომ მეორე ტურში აუცილებლად ზელენსკის დაუჭერდა მხარს, პოროშენკოს მომხრე კი 21.7 პროცენტი იყო.

ზელენსკიმ თავისი კამპანია ძირითადად სოციალური მედიით წარმართა და დიდწილად თავს არიდებდა პოლიტიკურ საკითხებზე არსობრივ დისკუსიებს. მისი რეიტინგის ზრდას ხელი შეუწყო უკრაინის ეკონომიკის პრობლემებმა, ენდემურმა კორუფციამ და დაღლილობამ ქვეყნის აღმოსავლეთში ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის გამო კიევის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.

"მე პოლიტიკოსი არ ვარ" - განაცხადა ზელენსკიმ 19 აპრილს, კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული დებატების დროს ორ კანიდატს შორის და დასძინა - "მე ვარ რიგითი ადამიანი, რომელიც მოვიდა სისტემის დასანგრევად".

თავის მხრივ, 53 წლის პოროშენკო შეეცადა ხაზი გაესვა ზელენსკის გამოუცდელობისთვის - განაცხადა, რომ ის ვერ შესძლებს გაუმკლავდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. "სახელმწიფოს სუსტი მეთაური იქნებით" - უთხრა პოროშენკომ ზელენსკის 19 აპრილის დებატებზე - "ვერ შეძლებთ თავი დაიცვათ პუტინის დარტყმებისგან. არ ვფიქრობ, რომ [ზელენსკი] უკრაინის დანებებაზე, ან უკრაინის რუსეთის იმპერიაში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ პუტინს აქვს ასეთი ოცნებები".

31 მარტს გამართული პირველი ტური ზელენსკიმ ხმათა 30 პროცენტით მოიგო. პოროშენკო მეორე ადგილზე გავიდა, 16 პროცენტით.

ხასო ხანგოშვილი: თუ ჰესი მაინც აშენდება, ადგილობრივმა მოსახლეობამ სარგებელი უნდა მიიღოს

პანკისის ხეობის უხუცესი ხასო ხანგოშვილი არ იზიარებს ძალადობრივი გზით ხალხზე ზემოქმედებას და ამბობს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებები და შეთანხმების ახსნა-განმარტების გზით მიღწევა:

„ჩვენი პოზიციაა, რომ თუ აქ სახელმწიფოს ინტერესებია ჩადებული და სახელმწიფო მაინც ააშენებს ამ ჰესს, მაშინ რაც შეიძლება მეტი სარგებელი უნდა მივიღოთ კომპანიისგან. კომპანია ძალიან ბევრს გვპირდება და ეს თუ შესრულდა, სხვა საკითხია, მაგრამ მაინც ხალხი გადაწყვეტს ამ საკითხს. ჩვენ უხუცესები ვართ და ასეთ აქციებში არ ვერევით“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დღეს იგეგმებოდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სოფელ ბირკიანში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორის პოლიციელებიც.

ამ დროისთვის ჰესის მშენებლობის საკითხზე პანკისელების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს შშს-სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მართავენ.

მოსკოვი ამთავრებს მუშაობას შეთანხმებაზე სირიის პორტის 49-წლიანი იჯარის შესახებ

სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი 30 აპრილს დამასკში შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს. ორივე ქვეყნის მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ მალე გაფორმდება შეთანხმება სირიის ტარტუსის პორტის რუსეთისთვის იჯარით გადაცემის შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასადმა ორი დღის განმავლობაში გამართა შეხვედრები სირიაში მოსკოვის საგანგებო წარმომადგენელთან, ალექსანდრ ლავრენტიევთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი ვერშინინთან, ვიცე-პრემიერ იური ბორისოვთან და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. იუწყებიან, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილეს მოახლოებული სამშვიდობო მოლაპარაკებები და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, იმ ფონზე, როცა მოსკოვს სურს გაზარდოს საკუთარი გავლენა ახლო აღმოსავლეთზე.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასი" ბორისოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტარტუსის პორტის რუსეთისთვის იჯარით გადაცემის შესახებ შეთანხმება მალე გაფორმდება. რუსეთის ფედერაციის საბჭომ 2017 წლის დეკემბერში გაუკეთა რატიფიკაცია მოსკოვსა და ასადის მთავრობას შორის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რუსეთის ჯარისთვის ხელმისაწვდომი იქნება ტარტუსის საზღვაო ბაზა. ეს რუსეთის ფლოტს საშუალებს მისცემს გაზარდოს თავისი ტექნიკური და ლოგისტიკური ბაზა, რუსეთის გემებს სირიის ტერიტორიულ წყლებში, შიდა წყლებში და პორტებში ჩასვლის საშუალება ექნება. შეთანხმება 49 წლის ვადით გაფორმდება და შემდეგ მისი განახლება 25 წლიანი პერიოდებით იქნება შესაძლებელი.

150 ადამიანზე მეტი შეეწირა აფეთქებებს შრი-ლანკაში

150 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 400-ზე მეტი დაიჭრა შრი-ლანკაში, რამდენიმე აფეთქების დროს, მათ შორის სასტუმროებში და ეკლესიებში, სადაც მორწმუნეები სააღდგომო წირვას ესწრებოდნენ.

ეკლესიებში აფეთქება მოხდა დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, ქალაქ ნეგომბოში - კოლომბოსთან ახლოს, და ქალაქ ბატიკალოაში, რომელიც 250 კილომენტრითაა დაშორებული დედაქალაქს. პოლიციის ცნობით, კიდევ სამი აფეთქება მოხდა ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში.

ძალადობა ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც შრი-ლანკაში ათი წლის წინ დასრულდა სისხლიანი სამოქალაქო ომი. ჯერჯერობით პასუხისმგებლობა არავის უკისრია. მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს თავდასხმები.

პანკისის ხეობაში ამ დროისათვის სიმშვიდეა

პანკისის ხეობაში ამ დროისათვის შედარებითი სიმშვიდეა, თუმცა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ შეკრებილი მოსახლეობა არ იშლება. ჰესის სამშენებლო სამუშაოები ამ დროისათვის შეჩერებულია.

როგორც ადგილობრივმა ჟურნალისტმა სულხან ბორძიკაშვილმა გვითხრა,ადგილზე მობილიზებულია დამატებითი სპეცტექნიკა წყლის ჭავლით. მისივე ინფორმაციით, სპეცნაზის შემადგენლობა უკეთ ეკიპირებული შემადგენლობით შეცვალეს. „სამი მხრიდანაა გადაკეტილი გზა, რომელიც მშენებლობასთან მიდის,-აღნიშნა სულხან ბორძიკაშვილმა,- ველოდებით თელავში მოლაპარაკებებზე წასულთა ამოსვლას. ხალხი არ იშლება, რა მოხდება შემდეგ დამოკიდებულია იმაზე, რა შედეგებით დასრულდება მოლაპარაკებები .“

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დღეს იგეგმებოდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სოფელ ბირკიანში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. მათ შორის პოლიციელებიც.

კახაბერ საბანაძე: ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ

„ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, დაისჯება უმკაცრესად. პირდაპირ გეუბნებით. სანაცვლოდ გეუბნებით რომ პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს და მაქსიმალურად ეცდება გაითვალისწინოს ხალხის ინტერესი“,-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ბირკიანში, სადაც პანკისის ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხეობის წარმომადგენლებს ამ საკითხზე მოლაპარაკებების თელავში გაგრძელებისკენ მოუწოდა.

გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, ვისაც თქვენ ენდობით, ჩავიყვანთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერ თემაზე“.- აღნიშნა კახაბერ საბანაძემ. მისი თქმით, პოლიცია მოწოდებულია იმისთვის, რომ აღასრულოს კანონი და ამავე დროს დაიცვას მოსახლეობის ინტერესები.

დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მუშაობა შევაჩერეთ და გეუბნებით, რომ დავჯდეთ და მოვილაპარაკოთ. ჩვენ ვართ როგორც თქვენი ინტერესების დამცველი, ისე იმ ხალხის ინტერესების დამცველი, რომელსაც ინვესტორი ჰქვია. ჩვენთვის თქვენი და მათი ინტერესი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გვინდა, რომ შევაჯეროთ ეს ინტერესი. მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ თქვენც კმაყოფილები იყოთ და ისინიც და საერთო ჯამში იყოს მშვიდობა ამ ხეობაში. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დღეს იგეგმებოდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სოფელ ბირკიანში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა სამი ადამიანი.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებას მოსახლეობის პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყება დღეს იგეგმება, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა. სოფელ ბირკიანში შეკრებილი ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციას დაუპირისპირდა. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ ხეობაში ჩასული მინისტრები მათ ჰესების საკითხთან დაკავშირებით პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ, თუმცა სამუშაოები მაინც გრძელდება. პანკისელები აღნიშნავენ, რომ მათ ამის უფლებას არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

მაიკ პომპეო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს ტელეფონით ესაუბრა

მაიკ პომპეო

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

მაიკ პომპეო დღეს ღამით ორივე კანდიდატს ესაუბრა და აშშ-ის მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა დაადასტურა. მან ასევე დაადასტურა, რომ აშშ-ი მზად არის იმუშავოს იმ კანდიდატთან, რომელსაც უკრაინელი ხალხი აირჩევს, რათა უკრაინა უსაფრთხო, დემოკრატიული და თავისუფალი იყოს”, – წერს კურტ ვოლკერი.

უკრაინაში დღეს, 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.არჩევნებში მონაწილეობენ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა 20:00 საათამდე შეეძლება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უკრაინაში 31 მარტს გაიმართა. არჩევნებში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან მეორე ტურში გადასულმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, ხოლო პეტრო პოროშენკომ 15,94 პროცენტი.

შრი ლანკაში აფეთქებების შედეგად 51 ადამიანი გარდაიცვალა

შრი ლანკაში 51 ადამიანი დაიღუპა და 300-მდე დაიჭრა აფეთქებების სერიის შედეგად. ბომბები აფეთქდა სამ კათოლიკურ ეკლესიაშიმ სადაც აღდგომის მსახურება მიმდინარეობდა და ქვეყნის დედაქალაქის, კოლომბოს სამ სასტუმროში. გავრცელებული ცნობით, დაღუპულთა შორის არიან უცხოელი მოქალაქეებიც.

Indian Express-ი ადგილობრივ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დახურულია აეროპორტი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

უკრაინაში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური

პეტრო პოროშენკო, ვლადიმირ ზელენსი

უკრაინაში დღეს, 21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნებში მონაწილეობენ უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი, მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩეველს თავისი სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა 20:00 საათამდე შეეძლება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის უკრაინაში 30 ათასამდე საარჩევნო უბანი მუშაობს, 102 საარჩევნო უბანი გახსნილია საზღვარგარეთ. მათ შორის ერთი საქართველოში, უკრაინის საელჩოში.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 30 მილიონზე მეტი ამომრჩეველი. არჩევნებს მონიტორინგს უწევს 22 ქვეყნისა და 19 საერთაშორისო ორგანიზაციის სამი ათასი დამკვირვებელი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური უკრაინაში 31 მარტს გაიმართა. არჩევნებში სულ 39 კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან ვლადიმირ ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 30,24 პროცენტი მიიღო, ხოლო პეტრო პოროშენკომ 15,94 პროცენტი.

ლიბიის დედაქალაქში განახლდა შეტაკებები

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის სამხრეთის უბნებში განახლდა შეტაკებები. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად მიმდინარე კონფლიქტს ემსხვერპლა 220-მდე ადამიანი.

ლიბია გაყოფილია ორ, ერთმანეთის მეტოქე მთავრობას შორის, აღმოსავლეთით და დასავლეთით. შეტაკებაში ერთმანეთს უპირისპირდებიან თვითგამოცხადებული ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც ხალიფა ჰაფთარი ხელმძღვანელობს და გასამხედროებული დაჯგუფებები, რომლებსაც გარკვეული კავშირები აქვთ ტრიპოლიში განთავსებულ, გაეროს მიერ მხარდაჭერილ ეროვნული თანხმობის მთავრობასთან.

ჰაფთარმა შეტევა 4 აპრილს დაიწყო. ის მხარს უჭერს აღმოსავლეთ ლიბიაში განთავსებულ ადმინისტრაციას, რომელიც უარს ამბობს ტრიპოლიში მყოფი ხელისუფლების აღიარებაზე.

ჭაბუკი ბორჯღალოსნები ზედიზედ მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრები

საქართველოს 18-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა რუსეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ესპანეთი დაამარცხა.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქეს 20:10 მოუგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე, ფინალის გზაზე ორი ეტაპი დაძლია. მოუგო გერმანიას - 46:0 და რუსეთს - 64:10.

სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა ქაბულში, სამთავრობო შენობაზე

სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა ქაბულის ცენტრში, როცა შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ კომუნიკაციების სამინისტროს - იუწყებიან ოფიციალური პირები. იერიშზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია.

თავდასხმა დაიწყო თორმეტი საათამდე მცირე ხნით ადრე, აფეთქებით სამინისტროს შესასვლელთან, რასაც სროლა მოჰყვა. პოლიციის ცნობით, სამინისტროს წინ თვითმკვლელმა მოიერიშემ აიფეთქა თავი და სხვა თავდამსხმელებს გზა გაუხსნა შენობაში შესვლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულია ოთხი სამოქალაქო პირი და სამი ჯარისკაცი, დაჭრილია რვა სამოქალაქო პირი. თავდასხმა რამდენიმე საათს გაგრძელდა და დასრულდა ოთხივე თავდამსხმელის ლიკვიდირებით ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მიერ.

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გამოდის ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით

აშშ-ში, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ელიზაბეთ უორენი ამ პარტიის პირველი გავლენიანი წარმომადგენელი გახდა, რომელიც საჯაროდ გამოვიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის რუსეთის შესახებ გამოძიების ანგარიში.

"მიულერის ანგარიში მოიცავს ფაქტებს, რომლებიც აჩვენებს, რომ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის მთავრობამ იერიში მიიტანა ჩვენთან 2016 წელს გამართულ არჩევნებზე დონალდ ტრამპის დასახმარებლად, და დონალდ ტრამპი ამ დახმარებას მიესალმა" - წერს უორენი ტვიტერზე. "არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ხელი შეუშალა ამ იერიშის გამოძიებას. მიულერმა შემდეგი ნაბიჯის გადადგმა კონგრესს გადაულოცა: 'კონგრესს აქვს უფლებამოსილება პრეზიდენტს აუკრძალოს უფლებამოსილებით არასწორად სარგებლობა, საიმისოდ, რომ დაცული იყოს სამართალწარმოება'".

უორენი, ლიბერალი სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან, ამბობს, რომ თუკი ტრამპის ანგარიშვალდებულების საკითხი არ დადგება, ეს "დიდ და ხანგრძლივ ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას".

სალომე ზურაბიშვილი: „აუცილებელია გარეჯის კომპლექსის სასწრაფოდ აღდგენა და აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხის გადაჭრა“

საქართველოს პრეზიდენტმა, "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.

"აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის თქმითაც, ასევე სასწრაფოდ გადასაწყვეტია საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც, მისი თქმით, ვეღარ ითმენს.

,,ევროპა ნოსტრა" კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.

"ევროპა ნოსტრა" საერთო ევროპული მემკვიდრეობის დაცვისა და წარმოჩენისთვის უზრუნველყოფს დიალოგის და დებატების პლატფორმას;

აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება „ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ჩეხეთის პრემიერი აცხადებს, რომ ბრალის წაყენების შემთხვევაში არ გადადგება

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა 20 აპრილს განაცხადა, რომ არ გადადგება იმ შემთხვევაშიც, თუკი მას ბრალს წაუყენებენ ევროკავშირის მიერ სუბსიდიის სახით გამოყოფილი ორი მილიონი ევროს მითვისების საქმეზე.

პოლიცია 17 აპრილს გამოვიდა რეკომენდაციით ბაბიშისთვის ბრალის წაყენების თაობაზე საქმეზე, რომლის გამოც ბაბიშს და კიდევ რამდენიმე პირს, მათ შორის მისი ოჯახის წევრებს, შესაძლოა ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა მიესაჯოთ.

"არ გადავდგები, რადგან, როგორც თავიდანვე ვამბობდი, ეს პოლიტიკური პროცესია" - უთხრა ბაბიშმა მის მფლობელობაში არსებულ გაზეთ "დნესს".

საქმე ეხება ფერმას, რომელმაც ევროკავშირის სუბსიდია მიიღო მას მერე, რაც მისი მფლობელი შეიცვალა, ბაბიშის კუთვნილი კონგლომერატის, 250-დე კომპანიისგან შემდგარი "აგროფერტიდან" ბაბიშის ოჯახის წევრებზე. სუბსიდიები განკუთვნილი იყო საშუალო და მცირე ზომის ბიზნესებისთვის და "აგროფერტი" მათ ვერ მიიღებდა. მოგვიანებით, "აგროფერტი" ისევ გახდა ფერმის მფლობელი.

ბაბიში, პოპულისტური ორიენტაციის მილიარდერი, უარყოფს ყველანაირ დანაშაულს.

საუდის არაბეთიდან გამოქცეულ დებს მოკვლით ემუქრებიან

საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ვაფა და მაჰა ალ-სუბაიები ამბობენ, რომ სოციალიური ქსელით იღებენ ძალადობისა და ანგარიშსწორების მუქარის შემცველ შეტყობინებებს.

„იცით, რომ თქვენი ბოლო, ალაჰის ნებით, კისრების მოჭრა იქნება! რადგან თქვენ ხართ სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი მთელი საზოგადოებისთვის! იცი, რომ დედაშენი ჯერაც საავადმყოფოშია და სავარაუდოდ მოკვდება? ჰიპნოთერაპიული ზედამხედველობის ქვეშაა, იცით ძუკნებო?“ - წერს ერთ-ერთ დას სოციალურ ქსელ ტვიტერში უცნობი მომხმარებელი.

„არა, მუჰამედს არ მოუცია შენი ექაუნთი, მუჰამედი შენს კისერს მომცემს ალაჰის ნებით. აი, ნახავთ, მე ჩემს სიტყვაზე ვრჩები და გაგახსენებ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე“, - ამ მუქარის ადრესატებიც დები არიან.

ვაფა და მაჰა ალ-სუბაიების თქმით, მათ აშინებენ, რომ ოჯახს მეფე მოჰამად ბინ სალმანთანაც კი აქვს კომუნიკაცია.

საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა საქართველოს მთავრობას ლტოლვილის სტატუსის მისაღებად მიმართეს, თუმცა საქართველოში მუდმივად დარჩენას არ აპირებენ. ამჟამად დები თავშესაფარში იმყოფებიან. მათ დაცვასა და ადგილსამყოველის მკაცრად გასაიდუმლოებაზე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას. დები საქართველოს ტერიტორიაზე 1 აპრილიდან იმყოფებიან. ვაფა და მაჰა ალ-სუბაიები საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ უსაფრთხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღებას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG