Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის წარმომადგენელი: სამხედროები უკრაინის საზღვარზე „შემთხვევით“ გადავიდნენ


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროებმა, რომლებიც, როგორც იუწყებიან, უკრაინის ძალებმა დააკავეს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის საზღვარი „შემთხვევით“ გადალახეს. წყარო, რომლის ვინაობას არ ასახელებენ, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს ეუბნება, რომ სამხედროები პატრულირებას ახორციელებდნენ და შემთხვევით გადალახეს საზღვრის მონაკვეთი, რომელიც აღნიშნული არ იყო. თუმცა უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ 10 სამხედრო 98-ე საჰაერო-სადესანტო დანაყოფის პარაშუტისტ-მედესანტეა და ისინი დონეცკიდან 50-მდე კილომეტრის მოშორებით, სოფელ ზერკალნესთან შეიპყრეს. უკრაინის სამხედრო უწყებამ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, როგორც ამბობენ, ჯარისკაცებიდან რამდენიმეს ასახავს. უწყება აცხადებს, რომ მიმდინარეობს სამხედროების დაკითხვა გამოძიების ფარგლებში. 25 აგვისტოს უფრო ადრე უკრაინის არმიამ განაცხადა, რომ რუსეთის ძალები, რომლებიც თავს სეპარატისტებად აჩვენებდნენ, რუსეთიდან უკრაინაში შევიდნენ ათი ტანკით და ორი დაჯავშნული მანქანით, თუმცა მათ უკრაინის სამხედროებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და ნოვოაზოვსკთან შეაჩერეს. კიევი მოსკოვს დიდი ხანია უკრაინაში მეამბოხეების მხარდაჭერაში ადანაშაულებს, თუმცა რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG