Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: მინსკის სამიტი ქმნის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობას


უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო იმედს გამოთქვამს, რომ მინსკში მიმდინარე სამიტი უკრაინას მშვიდობას მოუტანს. „გულწრფელად მჯერა, რომ მინსკში დღეს გამართული შეხვედრის შედეგი მშვიდობა იქნება და შეთანხმების მიღწევას შევძლებთო“ - განაცხადა პოროშენკომ ბელორუსიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის წინ. რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი საბაჟო კავშირის სამიტზე ასევე იმყოფებიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და ევროკავშირის მაღალჩინოსნები, მათ შორის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი. კრემლი არ გამორიცხავს პუტინსა და პოროშენკოს შორის პირდაპირი მოლაპარაკების გამართვას. შეხვედრის ფონია უკრაინის მხრიდან გამოთქმული ახალი ბრალდებები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერაზე მიანიშნებს. უკრაინის არმიის პრესმდივანმა, ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები, რომლებიც, კიევის განცხადებით, 25 აგვისტოს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეიპყრეს, უკრაინაში შეცდომით არ იმყოფებოდნენ და „საგანგებო მისიით“ იყვნენ გაგზავნილი. მანამდე რუსეთის მედიამ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანონიმურად დატოვებული წარმომადგენლის სიტყვები - რომ სამხედროებმა შემთხვევით გადაკვეთეს საზღვრის მონაკვეთი, რომელიც აღნიშნული არ იყო. ამასთან, ლისენკოს ვარაუდით, 25 აგვისტოს სასაზღვრო პუნქტზე რუსეთის ვერტმფრენებით იერიში განხორციელდა, რასაც ოთხი უკრაინელი მესაზღვრე ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG