Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროვოკაციად შეაფასა ქობულეთში მშენებარე მუსლიმურ სასწავლებელთან 10 სექტემბერს მომხდარი ფაქტი და სამართალდამცავებს მისი სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდა. "პრინციპულად ვგმობ ამ პროვოკაციას. ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებაში. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ქობულეთში მომხდარი პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც სურს საქართველოში დესტაბილიზაციის სურათი შექმნას და მოსახლეობაში გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება. პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავებს მიმართა, სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც ამ პროვოკაციაში მონაწილეობდა. „მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას, საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ მათი ინტერესების დასაცავად ყველაფერს ვიღონებთ და ყველა დამნაშვე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. ქობულეთში ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობის ნაწილმა მუსლიმური სასწავლებლის მშენებლობის გამო საპროტესტო აქცია 10 სექტემბერს გამართა. აქციის მონაწილეებმა შენობასთან ღორი დაკლეს და მისი თავი კარზე დაამაგრეს.

XS
SM
MD
LG