Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაფალიანცის საქმეს პარლამენტი არ გამოიძიებს


პარლამენტმა 30 ხმით 28 -ის წინააღმდეგ ვერ დაამტკიცა დადგენილება ბარბარე რაფალიანცის საქმის თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა, მმართველ კოალიციაში კი კომისიის შექმნის თაობაზე აზრი გაიყო. 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ადანაშაულებენ. 2012 წლის არჩევნებამდე მომხდარ საქმეს პროკურატურა იძიებს.

იმის გამო, რომ 2 წლის განმავლობაში საქმის გამოძიება ვერ დასრულდა და ვერ გაირკვა ბარბარე რაფალიანცის დაღუპვის მიზეზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქმის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვდა - მათი განცხადებით, ასე იქნებოდა შესაძლებელი საქმის გამომძიებლების დაბარება და მათგან მეტი დეტალის გარკვევა. უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა გამოსვლისას გაიხსენა, თუ რას გრძნობდა მომხდარიდან მეორე დღეს, როდესაც პოლიტიკურმა ოპონენტებმა მის გუნდს და, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს, ბრალი დასდეს ბავშვის მკველობაში:

„შემეშინდა, რომ მეორე დილას, როდესაც ქუჩაში გავიდოდი, აუცილებლად ვიღაც ადამიანი დამიძახებდა ბავშვების მკვლელს. ყველაზე მეტად, მახსოვს, რომ მიჭირდა გიორგი ღვინიაშვილთან დარეკვა. წარმოდგენილი მქონდა, ის რა მდგომარეობაში იქნებოდა და მახსოვს, რომ ძლივს გავბედე მისი ტელეფონის აღება. იმ წუთებში მივხვდი, რომ მსახიობები „ქართული ოცნებიდან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ დადგმული დრამის კულმინაციაში მთავარ როლებს თამაშობდნენ“.

რაფალიანცის საქმე შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან: სამართლებრივი კომპონენტი, როცა სახელმწიფო ვალდებულია, მსგავსი დანაშაული გამოიძიოს, და მეორე კომპონენტი ეს არის პოლიტიკური კომპონენტი, თუ ვინ გამოიყენა მართლაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ეს ყველაფერი...
გიორგი ვაშაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის თქმით, იმისათვის, რომ კითხვას, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება, პოლიტიკურისა და სამართლებრივისგან, ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი და კითხვის ნიშნები მოიხსნას როგორც მისი პოლიტიკური გუნდის, ასევე მმართველი კოალიციის მიმართ, საჭიროა ყველამ მხარი დაუჭიროს დადგენილებას:

„რაფალიანცის საქმე შედგება ორი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან: სამართლებრივი კომპონენტი, როცა სახელმწიფო ვალდებულია, მსგავსი დანაშაული გამოიძიოს, და მეორე კომპონენტი ეს არის პოლიტიკური კომპონენტი, თუ ვინ გამოიყენა მართლაც პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ეს ყველაფერი. უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, პარლამენტმა, რომ ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი. იცით, რატომ? იმიტომ რომ მეორე საკითხსაც - პოლიტიკურ სპეკულაციასაც - გაეცეს საბოლოო პასუხი“.

საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ერთგვარი შეხედულება არ ჰქონდათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ დეპუტატებს. მათ შორის, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გედევან ფოფხაძემ სიტყვით გამოსვლისას ბოდიში მოუხადა კოლეგა გიორგი ღვინიაშვილს „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის სახელით და იქვე დასძინა, რომ კომისიის შექმნა არასწორი იქნება საქმის პოლიტიზების გამო. კომისიის შექმნას ემხრობოდა დეპუტატი ელისო ჩაფიძე, თუმცა რადიკალურად ეწინააღმეგებოდა ზვიად ძიძიგური. მისი თქმით, საქართველოში დანაშაულის გახსნის 60-პროცენტიანი მაჩვენებელია და ამ საქმის პარლამენტში გარჩევა „ნაციონალური მოძრაობი“ გეგმის ნაწილია:

მე გეტყვით, რომ ეს შემთხვევა ნაციონალების დროს მოხდა. მათ ჰქონდათ 25 დღე, რომ გამოეძიებინათ. ვერ გამოიძიეს. ჩვენ როცა მოვედით, სამწუხაროდ, მე ადრევე განვმარტე, რომ სამწუხაროდ, ჩიხში იყო გამოძიება შეყვანილი...
ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენს კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ აქვთ თავიანთი გეგმა, რომ შექმნან ისტერიული ფონი, რომ ყველა მიმართულებით ქვეყანაში ხდება კატასტროფა - კატასტროფაა ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში, განათლებაში... საითაც გაიხედავ, ყველგან - და ამ გეგმის ნაწილია ეს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელსაც ეს ხალხი ითხოვს“.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, მას იმედი, რომ პარლამენტი დადგენილებას დაუჭერდა მხარს, მაშინ გაუქრა, როდესაც პრემიერ-მინისტრის განცხადება მოისმინა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, ძალიან ცუდია, როცა "უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი", ბარბარე რაფალიანცის თემით სპეკულირებენო:

„მე გეტყვით, რომ ეს შემთხვევა ნაციონალების დროს მოხდა. მათ ჰქონდათ 25 დღე, რომ გამოეძიებინათ. ვერ გამოიძიეს. ჩვენ როცა მოვედით, სამწუხაროდ, მე ადრევე განვმარტე, რომ სამწუხაროდ, ჩიხში იყო გამოძიება შეყვანილი. 25 დღე მაშინ, როცა უნდა მოხდეს გამოძიება და როცა გამოძიება ცხელ კვალზეა გასული, მაშინ არაფერი არ გააკეთეს და დღეს, 2 წლის შემდეგ, უზნეო ადამიანებისგან წამოწეულ სპეკულაციაზე მე, რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ“.

საქმის გამოძიების მოლოდინშია 2012 წლის 30 სექტემბერს დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი ბარბარე რაფალიანცის ოჯახი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG