Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს აშშ-ის საჰაერო თავდასხმებს სირიის ტერიტორიაზე


რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით სირიაში მიმდინარე საჰაერო თავდასხმათა კამპანია, რომლის სამიზნეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები წარმოადგენენ, არღვევს სირიის სუვერენიტეტს და საერთაშორისო კანონმდებლობას. მოსკოვის მხრიდან ეს კრიტიკული შეფასება გავრცელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ-მა და მისი „პარტნიორი ქვეყნების ძალებმა“ დაიწყეს საჰაერო თავდასხმები სირიაში ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ სავარაუდო ობიექტებზე, რამაც გააფართოვა საჰაერო კამპანია, რომელიც ამ დრომდე ერაყით შემოიფარგლებოდა. გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ამგვარი ნაბიჯების განხორციელება შეიძლება მხოლოდ სირიის მთავრობის „მკაფიო თანხმობის“, ან გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ტერორიზმთან ბრძოლა მოითხოვს „კოორდინირებულ მოქმედებას მთელი მსოფლიოს თანამეგობრობის მხრიდან, გაეროს ზედამხედველობის ქვეშ.“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს ბრალს სდებს მისი გეოპოლიტიკური მიზნების გამო სირიის სუვერენიტეტის უგულებელყოფაში. ამგვარი ნაბიჯები „მხოლოდ დაძაბულობას ზრდის და სიტუაციის კიდევ უფრო მეტ დესტაბილიზაციას იწვევს“ ახლო აღმოსავლეთშიო, აცხადებს სამინისტრო.

XS
SM
MD
LG