Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნარკოდანაშაულშია მხილებული


ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ჭაბუკა გეთიას ბრალი 260-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ზედამხედველობის სამსახურის რეაგირების განყოფილების თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან დაკავებისთანავე გაათავისუფლეს, სამართალდამცავებმა ზუგდიდის სოფელ ხამისკურში აიყვანეს, როცა ის ზუგდიდის მიმართულებით მიდიოდა. დაკავებულის ადვოკატის ლადო ჩიტაიას განცხადებით, ბრალდებულის ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი აბები კონკრეტული პირისთვის გამოატანეს. ადვოკატის ცნობითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აზუსტებს, ვინ გამოატანა და ვისთვის იყო განკუთვნილი.

„ნარკოტიკული საშუალება ცოტა ისე ჟღერს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი, წოდებული პენტალგინად. აქვს შაკიკი, არის საოპერაციო. კიდევ რაღაც აბები იყო მანდ, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნაშიც არ არის დასახელებული, რა ნივთიერებაა. უბრალოდ, შემცველობითაა დაყოფილი, რომ ამას და ამას შეიცავს. მეასედი თუ მეათასედით შეიცავს ნარკოტიკული თრობის ელემენტებს“, - ეს განცხადება ადვოკატმა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესთან“ საუბრისას გააკეთა.

ლადო ჩიტაიას თქმით, თავად დაკავებული არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი, რაც ნარკოლოგიური შემოწმებითაც დადგინდა. იყო თუ არა ინფორმირებული ჭაბუკა გეთია, რა აბები გამოატანეს, მისი უფლებების დამცველი აცხადებს, „არა მგონიაო“. მისგან განსხვავებით, ამაში დარწმუნებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა მიქაია. ამ თემაზე მან საკრებულოს სხდომაზე საგანგებო განცხადება გააკეთა:

„თბილისიდან მომავალი მერიის თანამშრომელი დააკავეს წამლით ხელში. საუბარია ჭაბუკა გეთიაზე. მეც და მთელმა ქალაქმა იცის, ვისთვის მოჰქონდა ჭაბუკას წამალი, ვინ უნდა დახვედროდა მას ხობისწყლის ხიდთან, როგორ დააკავა პოლიციამ, რა შესთავაზა პოლიციამ, რაზე არ წავიდა ჭაბუკა, ვისთვის მოჰქონდა მას მერიაში ეს წამალი ჭაბუკას, ეს ყველამ კარგად იცის. განა თქვენ არ იცით?! მივმართავ მერიას, პროკურატურას და სასამართლოს, არ განახორციელონ ზეწოლა გეთიაზე. მე მინდა დადგინდეს სიმართლე“.

კახა მიქაიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ბევრი დეტალია ცნობილი, ამჟამად ამაზე საუბარი არ სურს. დეპუტატის სიტყვებით, რადგან საქმე ძიებაშია, დაელოდება შედეგს, მანამდე კი არ სურს უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიოს.

ქალაქ ზუგდიდის მერია ყოფილი თანამშრომლის, ჭაბუკა გეთიას ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებასთან დაკავშირებით მოკლე განცხადებით შემოიფარგლა იმ მიზეზით, რომ ბრალდებული უკვე აღარ მუშაობს აღნიშნულ უწყებაში.

„მერიის ზედამხედველობის სამსახურის რეაგირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი ჭაბუკა გეთია უკვე აღარ არის მერიის თანამშრომელი. შესაბამისად, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჭაბუკა გეთიას დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე მიმდინარეობს, რაც გვაძლევს რწმენას, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს“, - განაცხადა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მაია ღუბელაძემ.

მერიის ყოფილი თანამშრომელი, ზედამხედველობის სამსახურის რეაგირების განყოფილების მთავარი სპევიალისტის მოვალეობის შემსრულებელი სამართალდამცავებმა 12 სექტემბერს დააკავეს. საზოგადოებისთვის ფაქტი ცნობილი გახდა დეპუტატ კახა მიქაიას მიერ საკრებულოს სხდომაზე გაკეთებილი განცხადების შემდეგ. ჭაბუკა გეთიას საქმეს ზუგდიდის რაიონული სასამართლო 27 ოტომბერს განიხილავს.

XS
SM
MD
LG