Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი შეისწავლის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაკავების საქმეს


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხუთი თანამშრომლის დაკავების საქმეს სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სახალხო დამცველს გრიფით საიდუმლო დოკუმენტების გაცნობის უფლება აქვს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საქმის შესწავლა თავის ინიციატივით დაიწყო. რაც შეეხება პროკურატურაში მოწმედ დაკითხული, თავდაცვის მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბატიაშვილის ადვოკატის განცხადებას, რომ დაკითხვა დარღვევებით მიმდინარეობდა, უჩა ნანუაშვილის თქმით, ადვოკატის ინფორმაციაზე დაყრდნობით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხუთ თანამშრომელს, რომლებიც პროკურატურამ 28 ოქტომბერს დააკავა, ბრალად ედება ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონ 102 ათასი ლარის გაფლანგვა და მითვისება. არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მათთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრას უახლოეს დღეებში აპირებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

XS
SM
MD
LG