Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

პოლიტიკური გადაჯგუფება იმერეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში


ქუთაისი
ქუთაისი

გასულ კვირაში დედაქალაქში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გამოხმაურება იმერეთის რეგიონშიც მოჰყვა. კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების“ გამოყოფის პარალელურად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრთა ნაწილმა დატოვა „ქართული ოცნება“, ნაწილი კი „თავისუფალ დემოკრატებს“ გამოეყო და კოალიციას შეუერთდა. როგორც ირკვევა, თავისუფალი დემოკრატები მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ერთი ან რამდენიმე წევრით არიან წარმოდგენილნი, თუმცა ზოგიერთ რაიონში „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

კოალიციიდან გამიჯვნის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- თავისუფალი დემოკრატების“ სამმა წევრმა. ფრაქციის ხელმძღვანელის მაია შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოს საკრებულოში პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

კოალიციის დატოვების გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას ადასტურებს და „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული ორგანიზაციის სიძლიერეზე ამახვილებს ყურადღებას წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ივანე როყვა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით წარიმართა პოლიტიკური მოვლენები სამტრედიის მუნიციპალიტეტში, რომლის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა და „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი წევრი, გიორგი ხაბეიშვილი. გიორგი ხაბეიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება იდეისადმი ერთგულებით ახსნა.

პოლიტიკური გადაჯგუფება საკრებულოში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ამჟამად მხოლოდ ორ მათგანში განხორციელდა და, ცვლილებების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ წყალტუბოსა და სამტრედიის საკრებულოებში უმრავლესობას ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG