Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ წამართვა საქსტატმა ენა (ნაწ. 2)


ავტორი: გივი გ. ქარჩავა

(ნაწ. 1-ის გაგრძელება)

შუა საუბრისას, უცებ, ბ-ნმა ირაკლი დიხამინჯიამ ტელეფონი აიღო და დარეკა. მიესალმა მის ზემდეგს, რომელიც, როგორც შემდგომ გაირკვა, გახლდათ ბ-ნი ზაზა ქორიძე, მოსახლეობის აღწერისას საქართველოს ველის კოორდინატორი (თუ თანამდებობას ზუსტად ვერ ვწერ, მომიტევეთ). მოკლე საუბრის შემდეგ, დიხამინჯიამ ტელეფონი გადმომცა და ჩემსა და ქორიძეს შორის საუბარიც შედგა. ასევე უშედეგო და საკმაოდ დაძაბული, რადგან ბ-ნმა ზაზამ არ შეისმინა არცერთი ჩემი არგუმენტი. მან განმიცხადა, რომ ჩემს მიერ მითითებული მონაცემი მაინც შეიცვლებოდა და მის ნაცვლად ჩაიწერებოდა „ქართული ენა“ და საბოლოო ბაზაშიც ასეთი სახით შევიდოდა. ჩემს არგუმენტზე, რომ მათ კანონი უკრძალავთ აღსაწერის პიროვნების მიერ ანკეტაში მითითებული მონაცემის თვითნებურ შეცვლას, ბ-ნ ზაზას გაბრაზება დაეტყო და მიპასუხა, რომ აზრი არ ჰქონდა ჩემს მოწადინებას, რადგან მეგრული დიალექტის (!) ჩაწერის საშუალებას მათ ყველაფერთან ერთად არ აძლევდათ საკანონმდებლო ბაზა, სადაც ქართულისგან განსხვავებით მეგრულს კოდი არ აქვს მინიჭებული.

ამაზე მე ვუპასუხე, რომ როგორც ქართულს, ასევე მეგრულ და სვანურ ენებს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ISO-ს მიერ აქვთ მინიჭებული უნიკალური კოდები, მეგრულის შემთხვევაში .xmf, ხოლო სვანური შემთხვევაში .sva, (ენათა კოდების ISO 693-3 ნახვა შესაძლებელია SIL International-ის ვებგვერდზე). ბ-ნმა ზაზამ აქაც მიპასუხა, რომ მან არ იცის ISO კოდის შესახებ, ხოლო მხედველობაში აქვს შიდა კოდი, რომელიც გამოიყენება საქსტატის მუშაობისას. რათქმაუნდა, მე კვლავ განვუმარტე ბ-ნ ზაზას, რომ ISO კოდის ცნობა სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის, რა დროსაც მან მაუწყა ერთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რაც მანამდე დიხამინჯიასგანაც მოვისმინე - თითქოს, საქართველოს პარლამენტში მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც ცალსახად კრძალავდა აღწერის დოკუმენტში მშობლიურ ენად მეგრული მოხსენიებას. თუმცა, ბ-ნმა ზაზამ ვერც კანონპროექტის სახელწოდება მითხრა, ვერც მისი მიღების თარიღი, ვერც შინაარსი, ხოლო თხოვნაზე, წარმოედგინათ კანონი ჩემთვის, საკმაოდ უკმეხად მიპასუხა, რომ ინტერნეტში შემეძლო მომეძია. საუბრის ბოლოს კი, როდესაც ავუხსენი, რომ იმ პიროებში, როცა არ ვიცი კანონის სახელწოდებაც კი, ვერ მოვძებნი ფიზიკურად და შესაძლებელია თუ არა თქვენმა კოლეგამ, ბ-ნმა დიხამინჯიამ ჩემთვის მოიძიოს და გადმომცეს-მეთქი, მიპასუხა, რომ იყო ამის შესაძლებლობა და აქ დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ცალკე, ბ-ნ დიხამინჯიას გავაცანი ჩვენი საუბრის შინაარსი და ვუთხარი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა კანონის სახელწოდება, ან ელექტრონული მისამართი სადაც მისი მოძიება შეიძლება, რათა მცოდნოდა თუ ვის უნდა ვედავო აღნიშნული პრობლემის თაობაზე, საქსტატს, რომელიც ჩემს პირდაპირ დისკრიმინაციას ეწევა და კანონსაც არღვევს თუ პარლამენტს, რომელიც საქსტატს ხელ-ფეხს უხსნის დისკრიმინაციასა თუ კანონის დარღვევაში. მიუხედავად ირაკლი დიხამინიას დაპირებისა, მე დღემდე არ ვიცი, თუ რომელი კანონის საფუძველზე ჩამომერთვა აღწერის ანკეტაში ჩემი მშობლიური ენის დაფიქსირების უფლება.

ასე დასრულდა ჩემი და საქსტატის „დავა“. გამარჯვებული დარჩა ისევ სახელმწიფო, უფრო სწორედ გამარჯვებული დარჩა ვიწროპროვინციალური შეხედულებები და ფობია, რომელსაც, როგორც ჩანს სახელმწიფო ახალისებს. მინდა ვთქვა, რომ მე მარტო არ ვარ ასეთი - უამრავ ადამიანს აღსაწერად მოსულმა საქსტატის მუშაკმა უარი განუცხადა მეგრულის ჩაწერაზე, ხოლო ბევრს საერთოდ არ ჰკითხეს, ავტომატურად ქართული ჩაუწერეს მშობლიური ენის გრაფაში. ხოლო, ძალიან ბევრმა თვითონ თქვა უარი მეგრულის ჩაწერაზე, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მეგრულს თვლიან მშობლიურ ენად, მაინც ალბათ „არასწორი“ იქნებოდა მისი ჩაწერა, ვინ იცის ყურს საიდან გამოაბამენო. ეს ხო ხვდებით რასაც ნიშნავს? ერთი ფობიის მიერ გამოწვეული მეორე საპასუხო ფობია. მე კი გადავწყვიტე, ფობიას არა შემხვედრი ფობიით, არამედ პროტესტით ვუპასუხო, გულწრფელი და მართალი პროტესტით! ბოლოსდაბოლოს, დროა ეს სახელმწიფო და საზოგადოება, დაფიქრდეს, კარგად გაანალიზოს და შემდგომ აღიაროს, რომ დაცვა, მოფრთხილება და შენარჩუნება არამხოლოდ მატერიალური კულტურის ძეგლებს, არამედ არამატერიალურსაც სჭირდება. არ შეიძლება სახელმწიფოს არ ჰქონდეს ოფიციალური პოლიტიკა 4000 წლის ასაკის სიმდიდრეზე, ხოლო არაოფიციალურად დისკრიმინაციას ახალისებდეს. არ შეიძლება გამუდმებით ეშინოდეს სახელმწიფოს ჩემი, მეგრული ენის მშობლიურად მიმჩნევი ადამიანისა და არ შეიძლება მე მუდმივად მიწევდეს იმის მტკიცება, რომ მე თუ მეგრულს მშობლიურ ენად ვაღიარებ, მტერი არ ვარ ამ ქვეყნის, და არც რუსული პოლიტიკის ნებსით თუ უნებლიედ გამტარებელი ამ ქვეყანაში, პირიქით, ეს რუსეთი მისი იმპერიული პოლიტიკით ისე მძულს როგორც არავის თქვენ! დროა, მივხვდეთ, რომ ენა, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს გადასცემენ აგერ უკვე 4000 წელია, არ შეიძლება ჩვენი საბჭოთა პერიოდში შეძენილი ფობიების გამო გადაშენების საფრთხეს დავუქვემდებაროთ, აკი UNESCO-ს შეფასებით, მეგრული, ლაზური, სვანური ენები Definitely Endangered (გადაშენების უდავო საფრთხის ქვეშ) კატეგორიაში იმყოფებიან! და ასეც რომ არ იყოს, მე, ამ ქვეყნის მოქალაქეს, მაქვს აბსოლუტური უფლება მივიჩნევდე მშობლიურ ენად იმ ენას, რომელიც რეალურად წარმოადგენს ჩემს მშობლიურ ენას და ეს მხოლოდდამხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია!

წერილის ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ წინასწარვე შეგუებული ვარ იმ ლაფსა და ტალახს, რომელსაც ახლა მავანნი გამოსტყორცნიან ჩემი მიმართულებით. თუმცა, ვერ ვეგუები და მწყინს ის ფაქტი, რომ ამ წერილს არ გამოეხმაურება არავინ, არცერთი მედიასაშუალება, არცერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, არც სახალხო დამცველი, არც საერთაშორისო ორგანიზაციები, არცერთ ტელევიზიაში არცერთი ტოქშოუ ეთერის თუნდაც მცირედ ნაწილს არ დაუთმობს ამ პრობლემის განხილვას. თუკი, ერთ კარგ ქართულ სერიალში სავარაუდო ანტიპროაბორტისტული მესიჯის გაშვებას გარკვეული პიროვნებების მიერ მრავალდღიანი გამძაფრებული განხილვა შეიძლება მოჰყვეს, ჩემს და ათასობით ჩემნაირის დისკრიმინაციაზე კაციშვილი ხმას არ ამოიღებს. თითო-ოროლა ადამიანის გარდა, არც არავინ გააზიარებს ამ წერილს, ძალიან ლიბერალებიც კი, ვისაც წესით პირდაპირ ევალება, იმიტომ, რომ ამ თემას ტაბუ ადევს და ეს ტაბუ საერთოა ყველასთვის, ქსენოფობისთვის თუ ლიბერალისთვის. ხო, უდაბნოში ვღაღადებ.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG