Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სვანეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების ნაწილი ამ დრომდე მოუგვარებელია


ერთი კვირაა მესტიის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის გამო გამგეობას საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. ამ დრომდე სოფლების დიდ ნაწილში თოვლის საფარი ორ მეტრს აღწევს. მიუვალობის გამო ვერ ხერხდება უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ელექტროსადენების სრულად აღდგენა, ამიტომ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, იმისათვის, რომ გადაადგილება არ შეიზღუდოს, გამგეობის სპეციალურ ტექნიკას ყოველდღე უწევს მუშაობა. მიუხედავად ამისა, არის სოფლები, სადაც ტრანსპორტით მოძრაობა ამ დრომდე შეუძლებელია.

ერთ-ერთი ასეთია ეცერის თემი, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება. ეცერის თემის მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ზემფირა კვიციანი რადიო თავისუფლებას უამბობს, რა პრობლემები შეუქმნა სოფელს უხვმა ნალექმა:

„ხშირად ითიშება ელექტროენერგია. მე ყველაზე ზევით ვცხოვრობ ეცერის სოფელში და მანქანები საერთოდ ვერ ამოდიან. მეზობელ სოფელში სამედიცინო დახმარება მივიდა მარტო ცენტრამდე, მერე ფეხით მოუხდათ გზის გაკვალვა“.

ზემფირა კვიციანის თქმით, სოფლის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტრაქტორით მოსახლეობამ თავად გაწმინდა შიდა გზები, ახლა კი გამგეობის მიერ მიწოდებული საწვავის მარაგი ამოეწურათ:

„საწვავით რომ ვიყოთ ნორმალურად მომარაგებული, ტრაქტორი ადგილზეა და, ალბათ, არ დაიზარებდნენ და გზას გაწმენდდნენ უკეთესად“.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნელი ნავერიანის განცხადებით, გამგეობამ ტექნიკისთვის საჭირო საწვავის დარიგება უკვე დაიწყო. მისი სიტყვებით, სოფლის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს რვა ტრაქტორი შეიძინეს, რაც საშუალებას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას თავადაც მიიღონ მონაწილეობა გზის გაწმენდის პროცესში. ნელი ნავერიანის თქმით, საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით იყო გარკვეული შეფერხება, მაგრამ ახლა უკვე ეს პრობლემაც მოგვარებულია. გამგებლის მოადგილის მტკიცებით, მთავარ გზებზე მოძრაობა თავისუფალია და შეზღუდვები მხოლოდ მაღალმთიანი სოფლების მცირე ნაწილშია დარჩენილი:

„სვანეთისთვის ასეთი ტემპერატურა უჩვეულოა, როცა, ტრადიციულად, ასეთ დროს ყველაზე დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. დღისით პლუსია ან ნული გრადუსია, ან მინუს ერთია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ინტენსიური თოვლი, რომელიც არის ძალიან მძიმე და სველი თოვლი, ქმნის მუდმივად ზვავსაშიშროებას. სწორედ ეს იწვევს შეფერხებებს“.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდების სრულად აღდგენას, ნელი ნავერიანი აცხადებს, რომ უხვი ნალექის გამო დაზიანებულია ერთ-ერთი მთავარი ელექტროსადენი, რომლის აღდგენაზეც მუშაობა მიმდინარეობს:

„დაზიანება რადგან ზედა მიმართულებითაა, ამიტომ ჩახსნილია სოფლები. ოთხი სოფელია ჩახსნილი, რომ იპოვონ ის დაზიანება სად არის. მუშაობენ ამწუთშიც ამაზე. უშგულის მიმართულებით ხდება ეს“.

ერთი კვირაა, რაც უხვმა ნალექმა მესტიის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა. თავდაპირველად ცხრა თემს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, აბონენტების ჩართვა ეტაპობრივად მოხერხდა. პარალელურად, თითქმის ყველა სოფელი ცენტრს იყო მოწყვეტილი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეფერხებული იყო მოძრაობა ჯვარი-უშგულის მონაკვეთზეც.

XS
SM
MD
LG