Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში იმსჯელებენ რუსეთის მიმართ ახალ სანქციებზე


ევროკავშირის ლიდერებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს სთხოვეს, იმსჯელონ საპასუხო ზომებზე აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის გააქტიურების შემდეგ. ეს ზომები, რომლებსაც ბრიუსელში 29 იანვრის შეხვედრაზე განიხილავენ, შესაძლოა ითვალისწინებდეს რუსეთის მიმართ ახალ სანქციებსაც. როგორც ევროკავშირის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მხრიდან სეპარატისტების მზარდი დახმარების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოაჩენს რუსეთის პასუხისმგებლობას. ამავე განცხადებით რუსეთს მოუწოდებენ, დაგმოს სეპარატისტების მოქმედება და განახორციელოს 2014 წლის სექტემბერში მინსკში გაფორმებული შეთანხმებები, რომლებიც ზავსაც ითვალისწინებს. ევროკავშირის განცხადებაში დაგმობილია 30 სამოქალაქო პირის დახოცვა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო იერიშის შედეგად. ამასობაში, კიევიდან გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა და 29 დაიჭრა ბოლო დღე-ღამის ბრძოლების შედეგად.

XS
SM
MD
LG