Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე


საქართველოს მიერ ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესის განსახილველად თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, ალექსანდრ ვერშბოუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. ვერშბოუმ აღნიშნა, რომ საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და საერთაშორისო ოპერაციებში დიდი წვლილი შეაქვს, რაც უსაფრთხოების ექსპორტიორ ქვეყნად აქცევს. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე გამოეხმაურა რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებულ „მოკავშირეობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას,“ რომელსაც დესტაბილიზაციის ფაქტორი უწოდა. ვერშბოუს განცხადებით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ალექსანდრ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურბალისტებს აცნობა, რომ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე 5 თებერვალს, ბრიუსელში იმსჯელებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები. ბაქრაძის ინფორმაციით, ვერშბოუსთან დღევანდელი შეხვედრისას ისაუბრეს უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც და იმ გამოწვევებზე, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს აქვთ რუსეთის მზარდი აგრესიისა და ანექსიის პოლიტიკის გამო.

XS
SM
MD
LG