Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინდია ჯანელიძე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ბრიუსელში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ჩაკ ჰეიგელს. შეხვედრისას, რომელზეც თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მინდია ჯანელიძემ აშშ-ს მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაკ ჰეიგელმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სისტემაშიმიმდინარე რეფორმები და ტრანსფორმაციის პროცესის შემდგომი მხარდაჭერისთვის აშშ-ის მზადყოფნა დაადასტურა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპის მხარდასაჭერად პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობაზე. თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ჩაკ ჰეიგელმა და მინდია ჯანელიძემ განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები და ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზეც. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და აშშ-ის როლი ამ პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. არსებითი პაკეტის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებსა და შესაძლებლობებზე 5 თებერვალს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზეც იმსჯელეს ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და საქართველოს და ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებმა.

XS
SM
MD
LG