Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტრო პოროშენკომ იგორ კოლომოისკი გაათავისუფლა გუბერნატორის პოსტიდან


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის, ცნობილი ოლიგარქის იგორ კოლომოისკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. პოროშენკოს საიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მან დააკმაყოფილა კოლომოისკის განცხადება გადადგომის შესახებ. პეტრო პოროშენკო და იგორ კოლომოისკი 24 მარტს შეხვდნენ ერთმანეთს კიევში. ისინი ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორ სახელმწიფო კომპანიაზე „უკრნტრანსნაფტასა“ და „უკრნაფტაზე“ კონტროლის ფლობის საკითხზე. გასულ კვირაში უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც შეზღუდა კოლომოისკის, როგორც ამ კომპანიების აქციების უმცირესობის მფლობელის ძალაუფლება და დაუშვა მენეჯმენტის ცვლილება, რასაც მანამდე კოლომოისკი აფერხებდა. როცა უკრაინის ხელისუფლება შეეცადა „უკრტრანსნაფტას“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, იგორ კოლომოისკიმ კომპანიის კიევის ოფისში შეიარაღებული პირები შეიყვანა. მისი ერთ-ერთი განმარტებით, ის შენობას „რუსი დივერსანტებისგან“ იცავდა. მთავრობამ განაცხადა, რომ საბოტაჟის მცდელობა არ ყოფილა. „ფრანს პრესის“ ცნობით, შეიარაღებული პირების კიდევ ერთმა ჯგუფმა, რომელიც, სავარაუდოდ იგორ კოლომოისკისთან არის დაკავშირებული, 24 მარტს დატოვა „უკრნაფტას“ კიევის ოფისები, ამ შენობების ორდღიანი ბლოკირების შემდეგ. 52 წლის ოლიგარქი იგორ კოლომოისკი მხარს უჭერს უკრაინის პრო-დასავლურ მთავრობას უკრაინის აღმოსავლეთში პრო-რუსი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში. კოლომოისკი იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე ოლიგარქს შორის, ვინც დიდი სიმდიდრის გამო მოუსყიდველად ჩაითვალა და დაინიშნა მაღალ თანამდებობაზე. ის არის საბანკო ქსელ „პრივატბანკის“ თანადამფუძნებელი, აქვს ინტერესები ენერგეტიკაში, მედიაში, ავიაციასა და ლითონის ბიზნესში. კოლომოისკიმ დააფინანსა რამდენიმე კერძო შეიარაღებული დაჯგუფება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეიარაღებულ კონფლიქტში, მათ შორის, მის მშობლიურ ქალაქ დნეპროპეტროვსკში. პეტრო პოროშენკომ კერძო ბატალიონების გაუქმებისა და მათი ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებში ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „ინტერფაქსის“ ცნობით, 23 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა: „არც ერთ გუბერნატორს არ ეყოლება მარიონეტული შეიარაღებული ძალები“.

XS
SM
MD
LG