Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიგაში გაიმართა საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს რიგაში გაიმართა საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილის და ანდრის ბერზინშის პირისპირ შეხვედრა, რომელიც ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების გაფართოებული შეხვედრით გაგრძელდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას, რომლის მთავარი თემა იყო რიგაში მაისისთვის დაგეგმილი „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ეფექტიანად შესრულების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ურყევი მხარდაჭერისთვის. დღესვე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრები შეხვდებიან ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერს ინარა მურნიეცეს და პრემიერ-მინისტრს ლაიმდოტა სტრაუიუმას. საქართველოს პრეზიდენტის თანმხლებ დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა, სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრები თამარ ბერუჩაშვილი, ოთარ დანელია და მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და მრჩევლები და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესასოციაციის, საერთაშორისო სავაჭრო პალატის და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები. რიგაში გაიმართება ლატვიელი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრაც.

XS
SM
MD
LG