Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანგი ჰოკეისტი ქართული გვარით


ფლორიან შაკიაშვილი
ფლორიან შაკიაშვილი

ამ დღეებში ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, სადაც რადიო თავისუფლების შტაბბინა მდებარეობს, ჰოკეისტთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. დღეისთვის ჩემპიონის წოდების მაძიებელთა რიცხვი ოთხამდეა შემცირებული - ცნობილია გამათაშების ნახევარფინალისტთა ვინაობა. მაგრამ „მეათე სტუდიის“ შემდეგ სიუჟეტში გაგაცნობთ იმ გუნდის წევრს, რომელიც უკვე გამოეთიშა ასპარეზობას. თუ რატომ შევაჩერეთ არჩევანი სწორედ მასზე, და არა, ვთქვათ, რომელიმე კანადელ, ჩეხ ან, თუნდაც, რუს ვარსკვლავზე, ახლავე შეიტყობთ. ეს სპორტსმენია საფრანგეთის ნაკრების მცველი ფლორიან შაკიაშვილი. დიახ, შაკიაშვილი - ჩვენი ვარაუდით, ქართული გვარის მქონე პირველი ჰოკეისტი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობს. როგორც გაირკვა, 23 წლის ფლორიან შაკიაშვილმა საქართველოზე ბევრი არაფერი იცის, თუმცა ის კი იცის, რომ ქართულ გვარს ატარებს. კობა ლიკლიკაძემ ფლორიან შაკიაშვილთან საუბარი დაიწყო შეკითხვით მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან, კანადის ნაკრებთან გამართულ მატჩზე: მასში საფრანგეთის გუნდი მინიმალური სხვაობით დამარცხდა - 3:4.

ფლორიან შაკიაშვილი: კი, ვეთამაშეთ კანადის ძალიან კარგ გუნდს. ჩემი აზრით, ძალიან კარგად ითამაშეს. ახლოს ვიყავით დამატებითი დროის დანიშვნასთან - შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვართ.

რადიო თავისუფლება: ეს არის, როგორც ვიცი, მეორე მსოფლიო ჩემპიონატი თქვენს კარიერაში.

ფლორიან შაკიაშვილი: დიახ, შარშან მინსკში ვიყავი. ესეც საუცხოო გამოცდილება იყო. ჩვენ ნახევარფინალში გავედით. ასე რომ, შარშანაც კარგად ვითამაშეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ.

ფლორიან შაკიაშვილი (მარცხნივ) და კობა ლიკლიკაძე
ფლორიან შაკიაშვილი (მარცხნივ) და კობა ლიკლიკაძე

რადიო თავისუფლება: საფრანგეთში ჰოკეი პოპულარულია? როგორც, დავუშვათ, ფეხბურთი, ან რაგბი...

ფლორიან შაკიაშვილი: არა, პრინციპში არა. მაგრამ ვფიქრობ, უფრო პოპულარული გახდება პარიზში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ - ორ წელიწადში. ამის შემდეგ, საქმე, ალბათ, უკეთ წავა.

რადიო თავისუფლება: ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი გვარი - შაკიაშვილი. თუ შეიძლება, უამბეთ მსმენელს თქვენი ოჯახის შესახებ.

ფლორიან შაკიაშვილი: შევეცდები ავხსნა. გვარი მამაჩემის მხრიდან არის - მისი მამა ქართველმა კაცმა იშვილა და თავისი გვარი მისცა. ამიტომ ვარ შაკიაშვილი.

რადიო თავისუფლება: რა იცით საქართველოზე?

ფლორიან შაკიაშვილი: ბევრი არაფერი. როგორც გითხარით, პირველ რიგში ფრანგი ვარ. არა ვარ ქართველი, მარტო გვარი მაქვს ქართული.

რადიო თავისუფლება: საფრანგეთის მოქალაქეები, მაგრამ ქართული გვარით, არიან ძმები იაშვილები, მორაგბეები.

ფლორიან შაკიაშვილი: დიახ, დიახ - მსგავსი გვარია.

რადიო თავისუფლება: აპირებთ საქართველოში ჩასვლას? ქვეყნის გასაცნობად.

ფლორიან შაკიაშვილი: პრინციპში არა, თუმცა რატომაც არა? კარგი იქნებოდა ქვეყნის ნახვა.

რადიო თავისუფლება: საფრანგეთში მცხოვრები ქართველები თუ მოდიან ხოლმე თქვენთან ამავე შეკითხვით?

ფლორიან შაკიაშვილი: კი, სულ მისვამენ შეკითხვას - საიდან ეს გვარიო. და ყოველ ჯერზე ვუხსნი ხოლმე. ეს ნორმალურია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG