Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის „მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის“ აღქმა საქართველოში


საოკუპაციო ხაზის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის კვალდაკვალ, პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება გააზრებული გეგმით მოქმედებს. თუმცა, ოპონენტების გარდა, ექსპერტებიც თვლიან, რომ დაშვებულია შეცდომები საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ჭრილში და რომ იმთავითვე გაუმართლებელი იყო რუსეთთან დათბობის პოლიტიკა. რა გამოხმაურება მოჰყვა რუსეთის მხრიდან „მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის“ კიდევ ერთ გამოვლინებას და რა ბედი ელის ბაქო-სუფსის ნავთობსადენის იმ მონაკვეთს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა?

რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების თანდათანობითი ოკუპაციის პროცესს, რაც ამჯერად 10 ივლისს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე. წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვით გამოვლინდა, შეერთებული შტატები გამოეხმაურა. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხთან მიმართებით და ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს:

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთსშეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება: დააბრუნოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე დაკავებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა ამ რეგიონებში“.

საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცის, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას...
ირაკლი ღარიბაშვილი

რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია წარმოადგენს „მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის ნაწილს“ – ითქვა 14 ივლისს, როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი. რუსეთის ქმედების მიზნად განხილული იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ იზოლაციაში მოქცევა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მისიის ხელმძღვანელის თქმით, გაგრძელდება ინტენსიური პატრულირება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შესაძლო ინციდენტებისა და მდგომარეობის გართულების თავიდან აშორების მიზნით.

რუსეთის ქმედებას „პროვოკაციული“ უწოდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა საქართველო, მისი თქმით, უკვე 3 წელიწადია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების წრფელ სურვილს გამოხატავს. ამასთან, პრემიერი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს:

რაღაცას შეიძლება კარგს მიაღწია – რაღაც დაძაბულობა შეიძლება დააცხრო... მაგრამ რის ხარჯზე მივიღეთ ჩვენ დაძაბულობის დაცხრობა? რის ხარჯზე მივიღეთ მწვანილის, მანდარინის და პომიდვრის გატანა რუსეთის ბაზარზე?! ეს მოხდა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრაქტიკულად ანექსიის ხარჯზე...
თორნიკე შარაშენიძე

„საჭირო არ არის ზედმეტი აჟიოტაჟი და პანიკა. მთავრობამ იცის, რა უნდა გააკეთოს. მთავრობამ იცის, რას აკეთებდა და ჩვენ მიზანმიმართულად, თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს გზას. ჩვენ მშვიდად, მაგრამ პრინციპულად და მტკიცედ უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ბერკეტი.

.პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ერთ-ერთია იმ ექსპერტთა შორის, რომლებისთვისაც აბსოლუტურად არასაკმარისია ხელისუფლების პოლიტიკა საქართველოს დეოკუპაციის მიზანთან მიმართებით. ამ კონტექსტში პოლიტოლოგისთვის იმთავითვე მიუღებელი იყო რუსეთთან დათბობის პოლიტიკის გზით სიარული და ხელისუფლების კმაყოფილება მიღწეულით. რადიო თავისუფლებასთან თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, რომ ასეთმა მიდგომამ პრობლემის არაადეკვატური აღქმა გამოიწვია:

„რაღაცას შეიძლება კარგს მიაღწია – რაღაც დაძაბულობა შეიძლება დააცხრო... მაგრამ რის ხარჯზე მივიღეთ ჩვენ დაძაბულობის დაცხრობა? რის ხარჯზე მივიღეთ მწვანილის, მანდარინის და პომიდვრის გატანა რუსეთის ბაზარზე?! ეს მოხდა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრაქტიკულად ანექსიის ხარჯზე. ღირდა ასეთი დიალოგი და ურთიერთობის „გაუმჯობესება“. ვფიქრობ, არ ღირდა. თუ ეტყვი შენს პარტნიორებს, ავაყვავე ქვეყანა და არა მაქვს პრობლემები, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაშიო, ისინი გეტყვიან, კი ბატონო, რაც გინდა, ის ქენიო... და ასე მოხდა, სამწუხაროდ“.

საპროტესტო აქცია ხურვალეთში
საპროტესტო აქცია ხურვალეთში

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დადგმის გამო, ოკუპირებულ საზღვრებში მოექცა ბაქო-სუფსის 830-კილომეტრიანი ნავთობსადენის 1 605-მეტრიანი მონაკვეთი. როგორც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერატორი კომპანიის „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თამილა ჩანტლაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, BP–ს მილსადენის სექციების განახლების გეგმა აქვს, მათ შორის მოიაზრება ზოგიერთ მონაკვეთზე ნავთობსადენის მარშრუტის შეცვლაც და ეს შეეხება ახალგორის რაიონში მდებარე მონაკვეთსაც.

მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პროცესს „საზღვრის დადგენის გეგმურ სამუშაოებს“ უწოდებენ ცხინვალში. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, რომელიც ხოხ გაგლოითის სიტყვებს ეყრდნობა, სამუშაოებს სასაზღვრო ძალები აწარმოებს და არც ერთი ბანერი არ დამაგრებულა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ. „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრებზე ცხინვალის ჯგუფის ხელმძღვანელი ხოხ გაგლოითი მოუწოდებს „ბრითიშ პეტროლიუმს“, ბაქო-სუფსის მილსადენის თემაზე მათთან აწარმოონ მოლაპარაკებები. თუმცა, როგორც თამილა ჩანტლაძემ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, კომპანია BP შესაბამისი ხელშეკრულებების მიხედვით მოქმედებს და მას ვალდებულებები ეკისრება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსა და მთავრობის მიმართ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG