Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ინტერნეტი, როგორც გართობისა და კომუნიკაციის საშუალება


ზუგდიდში რამდენიმე ინტერნეტპროვაიდერი კომპანია ფუნქციონირებს, თუმცა მათ შორის ბაზრის ყველაზე მსხვილ წარმომადგენლად „სილქნეტი“ და „კავკასუს ონლაინი“ ითვლება. სწორედ მათზე მოდის მომხმარებელთა მეტი წილი, განსაკუთრებით - ქალაქის ტერიტორიაზე. ინტერნეტის საფასური კი ზუგდიდში, საშუალოდ, 25 ლარიდან იწყება და ხარისხის მიხედვით იზრდება. როგორც ზუგდიდელები რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებენ, მიუხედავად რამდენიმე კომპანიის ფუნქციონირებისა, მიწოდებული პროდუქტის ფასი და ხარისხი თითქმის იდენტურია. ამასთან, რესპონდენტების განმარტებით, წლებთან ერთად იხვეწება სერვისი და იზრდება მომხმარებლის რაოდენობა. როგორც გაირკვა, ინტერნეტს მომხმარებელთა უმეტესობა მეგობრებთან კომუნიკაციისა და გართობისთვის იყენებს:

„ჩემებთან მაქვს საუბარი. ისე, ხან სად შევდივარ და ხან სად. აი, ჩემი შვილები სულ ინტერნეტში არიან. ისინი 25-28 წლისანი არიან“;

„ახალგაზრდობა იყენებს ძირითადად, იმიტომ რომ უსაქმურად არიან“;

„მე და ჩემი მეუღლე თითქმის ყოველდღე ვსარგებლობთ, უფრო მიმოწერისთვის“;

„აი, ჩემი ძმა, მაგალითად, ჩარიცხავს ფულს „აჭარაბეთში“ და არის კომპიუტერთან. ხალხი ღამის ოთხ საათამდე არ იძინებს და არის ჩხუბი. აი, ჩემი მეზობელი ქმარს უბრაზდება, ეუბნება, ადექი, მიატოვე თამაში... მერე ის დილით ვერ დგება, საქმეს ვერ აკეთებს, სამსახურში აგვიანდება და ამის გამო ხშირად უკმაყოფილება აქვთ. როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეც ძალიან ბევრი აქვს“, - ამბობს ზუგდიდელი ნანი ფეტელავა. მისგან განსხვავებით, ონლაინთამაშებით გატაცება უწყინარი საქმე ჰგონია 21 წლის გიორგი ნანავას, რომელიც, მისი თქმით, მთელ დღეებს კომპიუტერთან ატარებს. ამბობს, რომ დასაქმებული არ არის და დრო საკმარისზე მეტი აქვს:

„უფრო ფეისბუკისთვის და, რა თქმა უნდა, „აჭარაბეთის“ ონლაინთამაშებისთვის ვიყენებ. თითქმის მთელ დღეს ვატარებ ინტერნეტში“.

ქალაქის მსგავსად, ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ნელ-ნელა, მაგრამ იზრდება ზუგდიდის სოფლებშიც. როგორც სოფელ კახათის, დარჩელისა და ანაკლიის მცხოვრებლები ამბობენ, ამ ეტაპზე კომპანიების მომსახურებით სარგებლობას სოციალური პრობლემების გამო ვერ ახერხებს ყველა მსურველი:

„საკაბელო ინტერნეტი სოფლებში არ არის, მაგრამ „ორდუ“ რომ ჰქვია, მას აქვს ინტერნეტი „სპუტნიკით“. ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია შეყვანა, სადაც არ უნდა ცხოვრობდე. ის შეჰყავს, ვისაც სურვილი აქვს და ვისაც არა ...შემოყვანასაც ფული უნდა, მერე 30 ლარია გადასახდელი და ეს არ აქვს ყველას“;

„ახლა უკვე ყველანაირი ცივილიზაცია შევიდა სოფლებში და ხალხმაც აითვისა. მე 25 ლარს ვიხდი. ვინც მუშაობს, ის ახერხებს გადახდას“.

როგორც ქალაქ ზუგდიდში, ისე მის სოფლებში მოქალაქეები აცხადებენ, რომ ინტერნეტით ყველაზე ხშირად 18-დან 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდები სარგებლობენ. უფრო მცირდება ინტერნეტით მოსარგებლეთა რიცხვი ასაკის მატებასთან ერთად, რასაც რესპონდენტები, მეტწილად, ტექნიკურად კომპიუტერით და ინტერნეტით სარგებლობის არცოდნას უკავშირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG