Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანიმაციური ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზში


„ხელოვნება ჩემთვის სიკეთის და სიყვარულის მსახურებაა და, ვფიქრობ, არაა შემთხვევითი, რომ ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი სწორედ აქ მომხდარი ომის და ზათქის შედეგად დაიბადა, რათა სიკეთისა და სიყვარულისთვის შემოიკრიბოს მსოფლიოდან მისი ერთგული მსახურები და თვითონაც ემოციქულოს მსოფლიოს სიკეთის და სიყვარულის მსახურებით“ - ეს წერილი ცხინვალ-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტმა ისაიამ (ჭანტურია) ახალგორიდან ანიმაციური ფესტივალის მონაწილეებს გამოუგზავნა. ამ ფესტივალის დამაარსებელი, მეგობრებთან ერთად, თვითონ მიტროპოლიტია, მაგრამ მეორე წელია იგი საფესტივალო ჩვენებებს ვერ ესწრება. ისაია ახალგორის ეკლესია-მონასტრებში იმყოფება და იქიდან გადასაადგილებელი საჭირო საშვის უქონლობის გამო დაბას ვერ ტოვებს, დე ფაქტო ხელისუფლებაც მისთვის საშვის გაცემას მეორე წელია აჭიანურებს. საერო ცხოვრებაში ისაია თვითონ იყო ანიმატორი. ამ პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა ნიქოზში საერთაშორისო ფესტივალი დაეფუძნებინა და ბავშვებისთვის ხელოვნების სკოლა შეექმნა. მიტროპოლიტის არყოფნის მიუხედავად, ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები მისმა მეგობრებმა მოაგვარეს. ახლა გელა კანდელაკი მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსულ რეჟისორებს, მხატვრებს და სცენარისტებს მასპინძლობს. ამბობს, რომ უფლება არ ჰქონდა დაწყებული საქმე ისაიას არ ყოფნის გამო მიეტოვებინა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე მეტრში - იქ, სადაც მავთულხლართებია და ხშირად სროლის ხმაც ისმის - უცხოელი რეჟისორები დაუფიქრებლად ჩამოდიან. ბელორუსი რეჟისორი ირინა კოდიუკოვა ფესტივალს უკვე მეორედ სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის ზონაში იმყოფება, ამბობს, რომ საშიში არაფერია, მისი ლექსიკური მარაგი კი უკვე ქართული სიტყვებით მდიდრდება.

ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზში
please wait

No media source currently available

0:00 0:02:36 0:00

ფესტივალის მასპინძლები ამბობენ, რომ ყოველწლიურად მასშტაბები იზრდება და არაერთი ხელოვანი გამოთქვამს ნიქოზში ჩამოსვლის სურვილს. მე-5 ფესტივალის პროგრამა ძალიან დატვირთულია. წელს წარმოდგენილია საფრანგეთის, იტალიის, კანადის, ბელორუსის, პოლონეთის, გერმანიისა და რუსეთის ანიმატორების ნამუშევრები. ჩვენებების გარდა, უცხოელი რეჟისორები ახალგაზრდებისთვის მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. ნინო გოგიძე უკვე მეოთხე წელია ნიქოზის ხელოვნების სკოლაში ანიმაციის ხელოვნებას ეუფლება. იგი უცხოელი სპეციალისტებისგან ბევრს სწავლობს.

რამდენიმე წლის წინ, საერთაშორისო ფესტივალის გარდა, ნიქოზში ხელოვნების სკოლაც დაარსდა, სადაც ბავშვები ანიმაციის ხელოვნებას სწავლობენ. აქვეა ჩრდილების თეატრი. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფესტივალი ნიქოზელი ბავშვების შემოქმედებით იხსნება. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის აზრით, შემთხვევითი არ არის, რომ ფესტივალი ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს იმართება და მისი მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ჯანელიძე აცხადებს, რომ ამ ფესტივალმა უკვე მოიტანა შედეგი და ნიქოზელ ბავშვებთან ერთობლივ პროექტებში თანამშრომლობის სურვილი უცხოელმა რეჟისორებმაც გამოთქვეს. მალე აქ ახალი ანიმაციური ფილმები შეიქმნება.

ნიქოზის ფესტივალის თავისებურება ისიცაა, რომ აქ რეჟისორები ერთმანეთს არ ეჯიბრებიან და ყველა ნამუშევარი უკვე გამარჯვებულია. საფესტივალო ჩვენება 6 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG