Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

სამოქალაქო სექტორის გააქტიურების მხრივ პროგრესი შეიმჩნევა


ზუგდიდი
ზუგდიდი

ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციები მრავლადაა, თუმცა აქტიურობით მათგან ათი თუ გამოირჩევა. მესამე სექტორის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი საქმიანობის მთავარ მიზნად რეგიონში დემოკრატიული პროცესების დაჩქარებას და ხელშეწყობას მიიჩნევს. მთავარ ამოცანად მათ დასახული აქვთ მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურება როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაში, მდგომარეობის გაუმჯობესება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.

რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“ მეთექვსმეტე წელია ზუგდიდში ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და მათი გააქტიურებაა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში. კითხვაზე, რა შეიცვალა ამ კუთხით თუნდაც ამ ბოლო 16 წლის განმავლობაში, რაც ორგანიზაცია არსებობს, „თანაზიარის“ ხელმძღვანელი ხათუნა ბეჭვაია პასუხობს:

„მანამდე ქალები უფრო დუმდნენ, მანამდე ქალების ჩართულობა ყველა თემასთან მიმართებაში, ყველა საკითხთან მიმართებაში იყო უფრო დაბალი. სამოქალაქო სექტორის აქტიურობით, მთავრობის ნებით რომ ამ კუთხით უფრო მეტი გაკეთდეს, მომართვიანობა გაიზარდა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები მყავს მხედველობაში. მომართვიანობა გაიზარდა ჩვენს მიმართ, მომართვიანობა გაიზარდა არასამთავრობოების მიმართ“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საკუთარ გამოსვლებში ხშირად აღნიშნავენ, რომ მოქალაქისთვის დღეს ბევრად მარტივია ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში, თუმცა საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის განწყობა, რომ მის სიტყვას არ მოუსმენენ, რაც, გარკვეულწილად, განაპირობებს თვითმმართველობაში მათი ჩართულობის ნაკლებობას. მაგალითად, მიუხედავად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის მოწოდებისა ბიუჯეტის საკითხების განხილვებს დაესწრონ მოქალაქეები, დარბაზში მხოლოდ არასამთავრობო სექტორის წევრები თუ იკრიბებიან.

ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩიხლაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ, მიუხევადად მცირე პროგრესისა, ძირითად პრობლემად მაინც რჩება მოქალაქეთა ჩართულობა:

„დაინტერესება მეტია, მაგრამ ზოგადად ჩართულობა, დასწრება საჯარო სექტორის საქმიანობაში, საჯარო ღონისძიებებზე, ბიუჯეტის განხილვაზე დასწრება არის დაბალ დონეზე. ვფიქრობ, ამას სჭირდება ხელშეწყობა“.

მოქალაქეთა გააქტიურების, დემოკრატიული პროცესების დაჩქარების მიზნით, 2011 წელს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ ზუგდიდში დაარსდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი. ის მოქალაქეებს პოლიტიკურად ნეიტრალურ სივრცეს სთავაზობს სხვადასხვა აქტივობების მიზნით. გარდა ამისა, თავად ცენტრის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით მართავენ შეხვედრებს, სადაც ზუგდიდელებს შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ მათთვის საინტერესო პირებს და უშუალოდ მათგან მიიღონ კითხვებზე პასუხი. ზუგდიდის ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის მოადგილე ნათია ბჟალავას განცხადებით, კარგი გამოხმაურება მოჰყვა მათ ინიციატივას: სამ თვეში ერთხელ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს იწვევენ და აწყობენ შეხვედრებს მოქალაქეებთან:

„პროგრესი თვალნათლივ შეიმჩნევა, იმიტომ რომ მე ვამჩნევ ახალ სახეებს, - განსაკუთრებით, სტუდენტებს, - რომლებიც ადრე ასე აქტიურად არ იყვნენ ჩართული. როცა ახალგაზრდა წევს ხელს და თამამად უსვამს შეკითხვას ხელისუფალს, ვფიქრობ, რომ ეს უკვე ძალიან დიდი პროგრესის მანიშნებელია“.

მსგავსი განცხადებების პარალელურად, მესამე სექტორის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ჯერ კიდევ დაბალია მოქალაქეების ჩართულობის, ინფორმირებულობის მაჩვენებელი და ამ კუთხით სამუშაო ბევრია. ამის დასტურია თუნდავ ზუგდიდის ჩართულობის ცენტრის ერთი მაგალითი, როცა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ცენტრს შეხვედრის მოწყობის თხოვნით მიმართა ერთმა მოქალაქემ. სხვა შემთხვევაში მათი მომსახურებით ძირითადად სარგებლობენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG