Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

რეგიონალური მედიის გაკონტროლების სურვილი კახეთში


თელავი
თელავი

კახეთში თვითმმართველობებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებების საინფორმაციო პოლიტიკის გაკონტროლების სურვილი აქვთ. არსებობს კონკრეტული მაგალითები და ფაქტები, რომლებზეც მედიამფლობელები და ჟურნალისტები საუბრობენ. რატომ დატოვა თანამდებობა ტელეკომპანია „გურჯაანის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ზვიად რუაძემ და როგორია ხალხის აზრი მედიის მუშაობაზე?

ჟურნალისტი ზვიად რუაძე ამბობს, რომ თითქმის ერთი წლის წინ ტელეკომპანია „გურჯაანიდან“ წამოსვლის მიზეზი მაუწყებლის ხელმძღვანელების სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევა გახდა. ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი პროდიუსერიირწმუნება, რომმის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც შპს „სერპანტინს“ ეხებოდა და რომლის უკანაც მაღალი თანამდებობის პირები და ახლობლები იდგნენ, „ტელეკომპანიის დირექციამ დაბლოკა“.

რუაძის თქმით,“ მანამდეც იყო გარკვეული ზეწოლები თვითმმართველობის მხრიდან“. ჟურნალისტის განცხადებით, „ადგილობრივი ხელისუფლება ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას სთხოვდა ის სამსახურიდან გაეშვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მაუწყებელი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირებას ვერ მიიღებდა“:

„იყო ასეთი მასალა, რომელიც ეხებოდა შპს „სერპანტინს“ და რომლის უკანაც იყვნენ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზედელაშვილი და პრემიერ- მინისტრის ოჯახის წევრები. აღმასრულებელმა დირექტორმა ამ სიუჟეტის დაბლოკვა გადაწყვიტა. მასალა ეთერშ არ გასულა. სანამ ჩემი წამოსვლა მოხდებოდა, თვითმმართველობასა და დირექციას შორის იყო ასეთი საუბარი: რუაძე გაუშვით ტელევიზიიდან, თუ გინდათ დაფინანსება მიიღოთ“.

ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ტელეკომპანიაზე რაიმე სახის ზეწოლისა და ულტიმატუმის წაყენების ფაქტს უარყოფს ტელეკომპანია „გურჯაანის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ალექსიშვილი. ალექსიშვილი გვეუბნება, რომ „ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილმა უფროსმა თანამდებობა თავად დატოვა და მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა“. აღმასრულებელი დირექტორი ირწმუნება, რომ „რუაძის მიერ მომზადებული რეპორტაჟი ცალმხრივი და დაუბალანსებელი იყო,ამიტომაც მას დაბალანსება მოსთხოვა“:

„ჩარევის ფაქტები ტელეკომპანია „გურჯაანის“ სარედაქციო საქმიანობაში არც ყოფილა და ვერც იქნება. როდესაც გავიგე, რომ ზვიადმა რეპორტაჟი მოამზადა, ის საჯაროდ გავარჩიეთ, რადგან აბსოლუტურად ცალმხრივი და დაუბალანსებელი იყო. შემდეგ ჩემი მხრიდან იყო თხოვნა, მათ მეორე მხარე ჩაეწერათ მეორე დღეს. ვინმეს პირად საუბარში მოსწონდა თუ არ მოსწონდა, სიმართლე რომ გითხრათ, ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, ჩემთვის მთავარია ტელევიზიის ინტერესი“.

კითხვაზე, აქვს თუ არა ადგილობრივ ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, რადიო „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე რამდენიმე ფაქტს ასახელებს იმის დასტურად, რომ ლაგოდეხის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე სხვადასხვა ფორმით მათთვის მისაღები მასალების მომზადებას ითხოვდნენ:

„გამგებლისგან, რომელიც პირდაპირ მთხოვდა, რომ არ გვინდა ისეთი ნიუსების გაშვება, რაც ეთერში გადიოდა, რადგან ეს არ არის სიმართლეო. შემდეგ, როდესაც განვაცხადე ღიად, რომ ისინი უხეშად ერეოდნენ საინფორმაციო პოლიტიკაში, შეწყდა ჩემს მობილურზე ზარების განხორციელება. მეორე ამბავი: საკრებულოს თავმჯდომარე ნასვამ მდგომარეობაში ატარებს საკრებულოს სხდომებს და შემდეგ უკვე ჩვენს ჟურნალისტს საქმეებს ურჩევს, უყვირის და პირდაპირ ეუბნება, რომ არ მოსწონს რადიო „ჰერეთის“ საინფორმაციო პოლიტიკა. ეს არის ცალსახად საინფორმაციო პოლიტიკაში ჩარევა“.

ბოლო წლებში ხელისუფლების მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ვერ იხსენებს ჟურნალისტი მაკა მოსიაშვილი, თუმცა ამბობს, რომ „ადგილობრივი ჩინოვნიკები მუდმივად ცდილობენ მასალის მომზადების პროცესი ხელოვნურად გააჭიანურონ - არ გააკეთონ კომენტარი და არ გასცენ საჯარო ინფორმაცია:

„ჯამში, გვაქვს 2 ძირითადი პრობლემა. პირველი არის ის, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ამბობენ უარს და მეუბნებიან, წადი და მიჩივლე სასამართლოშიო და, მეორე, კომენტარის გაკეთებას თავს არიდებენ“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონალურ მედიაზე ზეწოლის ფაქტები ხშირია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, „ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების მხრიდან მედიის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ცუდ მაგალითს აძლევს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და მთავრობების წარმომადგენლებს“.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG