Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში ცნო


"რუსთავი 2"-ის შენობა
"რუსთავი 2"-ის შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელი, გააუქმა ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ამჟამინდელი მეწილეების საკუთრების უფლება და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს "პანორამა" აღიარა. ჯამში, მოსამართლემ შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად არასრული სამი საათი დასჭირდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაუქმდა „რუსთავი ორის“ პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის 22 პროცენტის, გიორგი ყარამანიშვილის 18 პროცენტის, ტელეკომპანია „საქართველოს“ 51 პროცენტის და ნინო ნიჟარაძის 9 პროცენტის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი ორის“ 60 პროცენტი წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში, ხოლო 40 პროცენტი წილის მესაკუთრედ - ხალვაშისვე დაფუძნებული „პანორამა“. ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 17 ნოემბერს ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლებითაც ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი ორის“ 38 პროცენტი გადაუფორმა კომპანია „ჯეოტრანსს“, ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე ამ კომპანიასა და „პანორამას“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა დათმო „რუსთავი ორის“ 40 პროცენტი.

ძირითადად ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნა ემყარება ყალბ საბუთს, რაც არასწორია, და ემყარებიან კეთილსინდისიერების საკითხს, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები და მოქმედებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია, თუმცა ჩვენ მიერ მათი კეთილსინდისიერების საკითხი არის სადავოდ გახდილი...
პაატა სალია

სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას მოპასუხე მხარის ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა ვრცლად ილაპარაკა მოსამართლის ტენდენციურობასა და საქმის პოლიტიკურ შემადგენელზე, რომ სინამდვილეში გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება იურიდიულად გააფორმა, თუმცა, ზაზა ბიბილაშვილის თქმით, მოპასუხე მხარე არ აპირებს ბრძოლიდან გასვლას და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება:

„მოხდა ის, რასაც ველოდით. საქართველოში გაფორმდა ბიძინა ივანიშვილის ბნელი, ევრაზიული ტიპის დიქტატურა, რომელსაც საფუძვლად უდევს უსამართლობა, უკანონობა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასეთი ტიპის უკანონო გადაწყვეტილებები არ აღსრულდება დაუყოვნებლივ. ე.წ. ქიბარ ხალვაშს, სინამდვილეში კი ბიძინა ივანიშვილს, მოუწევს დაელოდოს ამ საქმის სრულად დასრულებას“.

მოპასუხე მხარის კიდევ ერთი ადვოკატის, თამთა მურადაშვილის, თქმით, საავტორო უფლებების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნები იყო სრულიად უსაფუძვლო და ეს გაკეთდა იმ მიზნით, რომ საქმე მოხვედრილიყო მოსამართლე თამაზ ურთმელიძესთან:

„ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ქიბარ ხალვაშს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და კომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას, ვაპირებთ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას მეორე ინსტანციაში, თუ საჭირო იქნება მესამე ინსტანციაში. სააპელაციოში არის სამი მოსამართლე, რომლებიც უფრო სერიოზულად იმსჯელებენ და განხილვა არ გაიმართება ასეთი დაჩქარებული წესით“.

გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უძღოდა მხარეების შემაჯამებელი სიტყვები და ათ-ათწუთიანი რეპლიკები. სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ მოსარჩელე მხარის არგუმენტები იყო დასაბუთებული, ფაქტებით გამაგრებული და არსებობდა ყველა მტკიცებულება იმისათვის, რომ სასამართლოს დაეკმაყოფილებინა მათი სარჩელი. რაც შეეხება ოპონენტების არგუმენტებს, ამასთან დაკავშირებით პაატა სალიამ თქვა:

„ძირითადად ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ექსპერტიზის დასკვნა ემყარება ყალბ საბუთს, რაც არასწორია, და ემყარებიან კეთილსინდისიერების საკითხს, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერი შემძენები და მოქმედებს რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია, თუმცა ჩვენ მიერ მათი კეთილსინდისიერების საკითხი არის სადავოდ გახდილი. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც საეჭვოს ხდის მათ კეთილსინდისიერებას და ამ შემთხვევაში მათზეც არის მტკიცების ტვირთი, ისევე როგორც ჩვენზე, რომ ისინი წარმოადგენენ კეთილსინდისიერ შემძენებს, თუმცა მათი კეთილსინდისიერების დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის“.

ნიკა გვარამია
ნიკა გვარამია

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კომენტარი გააკეთა „რუსთავი ორის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომლის თქმითაც, „რუსთავი ორს“ ასევე გასაჩივრებული აქვს საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომლის შესაბამისად „რუსთავი ორის“ ქონებასა და ანგარიშებს ყადაღა აქვს დადებული:

„ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ ფინანსური პრობლემების გამო დავიხრჩოთ, ის შედეგი მივიღოთ, რაც ბიძინა ივანიშვილს უნდოდა. ივანიშვილი ამ პროცესში უკვე დამარცხებულია. მან იწვნია მორალური ზარალი ამ ყველაფრისგან. მისი რეპუტაცია განულებულია და მიწასთანაა გასწორებული მისი საერთაშორისო რეპუტაციაც, მაგრამ მან ასევე იწვნია პრაგმატული ზარალი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მეშვეობით. მას თავისი რეიდერული შემოვარდნა „რუსთავი ორში“ არ გამოუვიდა. როგორც მინიმუმ, არჩევნებამდე ამ პროცესს გავჭიმავთ, მერე დარწმუნებული ვართ, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ვეღარ ვიხილავთ და „რუსთავი ორიც“, სასამართლოც, თავისუფალი სიტყვაც და ქვეყანაში დემოკრატიაც იქნება უსაფრთხო დემოკრატიული ძალების ხელში“.

ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა, ბიზნესმენი "რუსთავი 2"-ისგან ასევე მოითხოვდა ფულად კომპენსაციას და ინტელექტუალური საკუთრების დაბრუნებას, „რუსთავი ორის“ ლოგოსა და რამდენიმე პროექტის სახით. აქვე უნდა ითქვას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში ვერ შევა მყისიერად იმის გამო, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელ აღსრულებას ეხება და რომლის არაკონსტიტუციურად ცნობასაც მას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ტელეკომპანია “საქართველო” თავიანთ სარჩელში ითხოვდნენ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG