Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის გენპროკურორი „პუსი რაიოტის“ სამიზნეში


კადრი „პუსი რაიოტის“ კლიპიდან
კადრი „პუსი რაიოტის“ კლიპიდან

მათ პერფორმანსი მოაწყვეს მართმადიდებელი ეკლესიის საკურთხეველთან, სოჭში ოლიმპიური თამაშების დროს ჩავიდნენ - რუსეთის პრეზიდენტის დასაგმობ-დასაცინი აქციით, ციხეშიც აღმოჩნდნენ... ფემინისტური პანკ-ჯგუფის, „პუსი რაიოტის“წევრები, რომლებმაც მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი კრემლის საწინააღმდეგო პოლიტიკურ-ანარქისტული ტექსტებით და აქციებით, ისევ დაბრუნდნენ ყურადღების ცენტრში, ამჯერად სიმღერით „ჩაიკა“

ჩაიკა თოლიასაც ნიშნავს და, ამავე დროს, არის გვარი კაცისა, რომელიც ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს სამართლის მოსკოვური ვერსიის აღსრულებაში. საუბარია იური ჩაიკაზე, რუსეთის გენერალურ პროკურორზე. კრემლის ოპონენტების მტკიცებით, ის ყელამდეა ჩაფლული კორუფციაში და კავშირი აქვს ორგანიზებულ დანაშაულთან...

ახალ ვიდეოკლიპში თავად ნადეჟდა ტოლოკონიკოვა - „პუსი რაიოტის“, ალბათ, ყველაზე ცნობილი წევრი - ასრულებს გენპროკურორის როლს და განმარტავს: ჩაიკა ასწავლის თავის შვილებსა და ხელქვეითებს, როგორ უნდა მოკლა და მოიპარო სწორად, ანუ ისე, რომ მახეში არ გაება და მატერიალური სარგებელიც ნახოო.

„კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა“, რომელიც რუსეთში 2011 წელს დააარსა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, შარშან, ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, გამოუშვა 43-წუთიანი დოკუმენტური ფილმი გენერალურ პროკურორ ჩაიკაზე. მასში ჩაიკას ორ ვაჟიშვილს ადანაშაულებენ მასშტაბური კორუფციული სქემების შექმნაში, საამისოდ მამის გავლენიანი პოზიციის გამოყენებით. თუმცა ბრალდებებმა ვერაფერი დააკლო იური ჩაიკას: ის დღესაც გენერალური პროკურორია.

მორჩილად უერთგულე იმათ, ვის ხელშიც ძალაუფლებაა, რადგან „ძალაუფლება მათ, შვილო, ღმერთმა უბოძა. მე მიყვარს რუსეთი, პატრიოტი ვარ!“ - ასეთია „პუსი რაიოტის“ ახალი ტექსტის რეფრენი. ის გასდევს სიმღერას, რომელიც გვასწავლის, რომ რუსეთი ევროპა არ არის და, თუ ლიდერის ერთგული ხარ, ყველაფერი გეპატიება. რამე რომ იყოს, პასუხს არც მკვლელობისთვის მოგთხოვენ. პანკ-ჯგუფის ახალი სიმღერა ლოს-ანჯელესშია ჩაწერილი, ვიდეოკლიპი კი მოსკოვში გადაიღეს.

ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და მის თანამოაზრეებს ერთხელ უკვე ძვირად დაუჯდათ ხელისუფალთა კრიტიკა - მას შემდეგ, რაც მათ მოსკოვში, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, აღავლინეს ე. წ. „პანკლოცვა“. 2012 წლის 21 თებერვალს ეკლესიაში მოწყობილი ამ პერფორმანსის („ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“) შემდეგ, „პუსი რაიოტის“ წევრები დააკავეს და სამს - ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, მარია ალიოხინას, ეკატერინა სამუცევიჩს - ორ-ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში ბრალდებით. სამუცევიჩი მალე, ორ თვეში, გამოუშვეს ციხიდან, ტოლოკონიკოვას და ალიოხინას კი თითქმის მთელი სასჯელის მოხდა მოუწიათ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ ახალი სიმღერა დაწერეს: „პუტინი გასწავლის, როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო“. მისი ვიდეოკლიპის სიუჟეტია, როგორ ჩადიან „პუსი რაიოტის“ წევრები სოჭში ოლიმპიური თამაშების დროს და როგორ ურტყამენ მათ სამართალდამცველები.

მაგრამ დავუბრუნდეთ „ჩაიკას“. ვიდეოკლიპის ნაწილი გადაღებულია კაბინეტში, სადაც დიდ სამუშაო მაგიდას უზის ტოლოკონიკოვას მიერ განსახიერებული გენერალური პროკურორი, კედელზე პრეზიდენტ პუტინის პორტრეტი კიდია. სხვა ეპიზოდებში ჩანან გენერალური პროკურორის კოლეგები - პროკურორებად შემოსილი ქალები. ისინი ხან ცეკვავენ, ხან კი პატიმრებს აწამებენ. ვხედავთ მრავლისმეტყველ ატრიბუტებსაც, მათ შორის, ოქროსაგან დამზადებულ პურს. ოქროს პური უკრაინაში კორუფციის სიმბოლოდ არის ქცეული მას შემდეგ, რაც ასეთი არტეფაქტი აღმოაჩინეს დამხობილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის, რეზიდენციაში.

რუსეთის ხელისუფალთა მთავარი მახასიათებელი კი გაუმაძღრობაა - ასე ფიქრობს ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, რომელმაც ინტერნეტპორტალ vice.com-თან საუბრისას განმარტა, რატომ იწყება „პუსი რაიოტის“ ახალი კლიპი ხორცის თქვლეფის ერთობ უსიამოვნო სცენით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG