Accessibility links

ახალი ამბები

4 ავღანელი პოლიციელი დაიღუპა "ინსაიდერული" თავდასხმის შედეგად

ავღანეთის პოლიციის 4 თანამშრომელი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ე.წ. ინსაიდერული იერიშის შედეგად, რომელიც ერთ-ერთმა პოლიციელმა მოაწყო ქვეყნის სამხრეთით მდებარე ყანდაარის პროვინციაში. რეგიონის ოფიციალური წარმომადგენლის ზია დურანის ინფორმაციით, სროლა მოხდა 10 თებერვლის ღამით ზარის რაიონში. საპასუხო ცეცხლით მოკლეს ბოროტმოქმედი პოლიციელი, რომელმაც სამსახური ორი წლის წინ დაიწყო. მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. 26 იანვარს ექსტრემისტების მიერ ჩანერგილმა პოლიციელმა, ურუზგანის პროვინციაში 10 კოლეგა დახოცა.

ყველა ახალი ამბავი

ინგუშეთში კვლავ გააპროტესტეს ჩეჩნეთთან ტერიტორიების გაცვლა

მაგასი, 2019 წლის 26 მარტი: ინგუშები აპროტესტებენ ჩეჩნეთთან შეთანხმებას საზღვრის შესახებ

ინგუშეთში ათასობით ადამიამა გააპროტესტა ჩეჩნეთთან გაფორმებული შეთანხმება საზღვრის დადგენის შესახებ. დემონსტრანტებმა დაგმეს ტერიტორიების გაცვლა, რასაც შეთანხმება ითვალისწინებს და მოითხოვეს ინგუშეთის ლიდერის, იუნუს-ბეკ ევკუროვის გადადგომა.

პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა რესპუბლიკის დედაქალაქ მაგასში 26 მარტს გამართულ რამდენიმესაათიან აქციას, რომელიც ხელისუფლების ნებართვით ჩატარდა.

ინგუშეთში ადრეც გაიმართა მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ, რაც ევკუროვმა და კადიროვმა 2018 წლის 26 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა გააფორმეს საზღვრის შესახებ შეთანხმება. ორი ლიდერი ამბობს, რომ შეთანხმება რამდენიმე დღეში დაამტკიცეს როგორც ჩეჩნეთის, ისე ინგუშეთის პარლამენტებმა.

დემონსტრანტების აზრით, ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი გაუმართლებლად გადაეცა აღმოსავლელ მეზობელს.

„ევროპული საქართველო“ ია კერზაიას საქმეზე პროკურორს პარლამენტში იბარებს

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვს დადგეს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პასუხი გაეცეს დაგროვილ კითხვებს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე.

სერგი კაპანაძის განცხადებით, კერზაიას გარდაცვალებიდან ოთხ თვეზე მეტი გავიდა, პროკურატურას კი არანაირი შედეგი არ აქვს:

ჩვენ ამ თემაზე პარლამენტში დაბარებული გვყავდა განათლების მინისტრი, რომელსაც დავუსვით კითხვები. ამის შემდეგ გავიდა 1 თვეზე მეტი. პროკურატურამ თითქოს გამოძიებაც დაიწყო, მაგრამ არცერთი ადამიანი არ დასჯილა. იმისთვის, რომ ამ საქმეს მოეფინოს ნათელი, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ განათლების მინისტრმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მას თანამდებობიდან უნდა გაეთავისუფლებინა ეს ადამიანები, რაც არ გააკეთა. ამიტომ უნდა დადგეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - უთხრა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს.

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, რომ გენერალური პროკურორი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში მივიდეს და ამ საქმესთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინოს. ასევე, შეიქმნას საკომიტეტო მოკვლევის ჯგუფი, რომელიც შეისწავლის როგორც ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს, ასევე სკოლებში არსებულ მდგომარეობას.

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საავტორო უფლებების დაცვის სადავო რეფორმას

ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში საავტორო უფლებების დაცვის გამკაცრებას.

რეფორმას ბევრი ოპონენტი ჰყავს, მათ შორის გიგანტური ინტერნეტ-კომპანიები, როგორიცაა გუგლი და ფეისბუკი, რომლებიც კანონში ხედავენ თავისუფლებისა და შემოქმედებითი მიდგომის შეზღუდვის საფრთხეს.

სტრასბურგში 26 მარტს გამართულ კენჭისყრას წინ უძღოდა მწვავე დებატები და ლობისტების აქტიური მუშაობა. რეფორმას მხარი დაუჭირა 348 პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 274, თავი შეიკავა 36-მა.

ახლა ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს კანონპროექტი, რათა ის ძალაში შევიდეს.

ბევრი ხელოვანი მოელის, რომ ახალი წესების მეშვეობით, მათი ანაზღაურება უფრო სამართლიანი იქნება. რეფორმის მოწინააღმდეგეები კი შიშობენ, რომ შეიზღუდება გამოხატვის თავისუფლება და ვებსაიტები იძულებული იქნებიან, აამოქმედონ ძვირადღირებული ფილტრები.

ევროკომისიამ ორი წლის წინ დაიწყო საავტორო უფლებების დაცვის ევროკავშირში მოქმედი, მოძველებულად მიჩნეული წესების გადასინჯვის პროცესი, რათა უკეთ იქნეს დაცული ევროპის კულტურული მემკვიდრეობა და ონლაინ-კომპანიებისაგან სამართლიანი ანაზღაურება მიიღონ გამომცემლებმა, მაუწყებლებმა და ხელოვანებმა.

ჯეკ შეფერდი თანახმაა ბრიტანეთში ექსტრადიციაზე

26 მარტს, თბილისის საქალაქოს სამართლოში გამართულ პროცესზე ჯეკ შეფერდმა განაცხადა, რომ ის თანახმაა დიდ ბრიტანეთში ექსტრადირებაზე. ბრალდებული მზადაა საკუთარი უდანაშაულობა ბრიტანულ სასამართლოში დაამტკიცოს.

„მსურს ისე ვიმოქმედო, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, და დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და ჩემს ვაჟს“, - თქვა ჯეკ შეფერდმა სასამართლო პროცესზე.

დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი თბილისში, პოლიციას 23 იანვარს ჩაბარდა, რის შემდეგაც დააკავეს და სასამართლოს მიერ შეფარდებული ჰქონდა სექსტრადიციო პატიმრობა. შეფერდს სამშობლოში ბრალად ედება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. ის უარს აცხადებდა გამარტივებული წესით ბრიტანეთში ექსტრადიციაზე.

26 მარტს მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მოხდება შეფარდის ექსტრადირება.

მოგერინი ქაბულში: ევროკავშირი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს, რომელსაც ავღანელები უძღვებიან

ქაბული, 2019 წლის 26 მარტი: ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინისა და ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ერთობლივი პრესკონფერენცია

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ ქაბულში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბრიუსელი მხარს უჭერს სამშვიდობო პროცესს, რომელსაც ავღანელები უძღვებიან.

26 მარტს პრეზიდენტ აშრაფ ღანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, მოგერინიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუდამ გვერდში ედგა ავღანელ ხალხს ერთადერთი სურვილით - ქვეყანაში იყოს მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა.

ამ განცხადებამდე ორი კვირით ადრე ყატარში დასრულდა აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკების ჯერ-ჯერობით ბოლო რაუნდი. პროცესის მიზანია, ბოლო მოეღოს ავღანეთში თითქმის 18 წლის წინ დაწყებულ ომს.

ავღანეთის მთავრობა უკმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ არ არის ჩართული მოლაპარაკების პროცესში. მიზეზია თალიბანის უარი პირდაპირ კონტაქტზე მთავრობასთან, რომელიც მას „აშშ-ის მარიონეტად“ მიაჩნია.

დეპორტირებულთათვის კომპენსაციის გადახდა რუსეთს ინდივიდუალურ საქმეებშიც დაეკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, 26 მარტს დააკმაყოფილა 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების ინდივიდუალური სარჩელები. სასამართლომ დაადგინა, რომ 19 მომჩივნიდან თითქმის ყველას მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლები. გადაწყვეტილება მოსამართლეებმა ერთხმად მიიღეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა კომპენსაციის სახით 2 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2006 წლის ოქტომბერში ადმინისტრაციული წესით დააკავეს და გააძევეს.

ინდივიდუალურ საჩივრებზე ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2016 წლის 20 დეკემბერს გამოიტანა. სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეები გახდნენ დაკავების, დაპატიმრებისა და გამოძევების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლნი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რა დროსაც შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები.

2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მომჩივანთა მიერ განცდილი ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვა ევროპულმა სასამართლომ გადადო, რადგან იმ მომენტისთვის სახელმწიფოთაშორის საჩივარში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ კომპენსაციის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო და მისი განხილვა კვლავ მიმდინარეობდა სასამართლოს დიდ პალატაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ 2019 წლის 31 იანვარს გამოიტანა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

სახელმწიფოთაშორის საჩივარზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ განაახლა ინდივიდუალური საჩივრების განხილვა და 2019 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას მომჩივნების სასარგებლოდ გამოძევების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისრა. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის დროს სასამართლომ მხედველობაში მიიღო თითოეული მომჩივნის მიმართ ჩადენილი დარღვევის არსი, მათ შორის მათი დაკავების ხანგრძლივობა.

26 მარტის გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას დაეკისრა:

- 2,000 ევროს გადახდა იმ მომჩივნებისთვის, რომლებიც გახდნენ კოლექტიური გამოძევების მსხვერპლნი, თუმცა, დაკავებული არ ყოფილან.

- 10,000 ევრო - იმ პირებისთვის, რომლებიც დაკავებულნი იყვნენ დაახლოებით 48 საათის განმავლობაში, ხოლო სასამართლო პროცესის შემდეგ გათავისუფლდნენ

- 12,500 ევრო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა დაკავება გაგრძელდა ორიდან ათ დღემდე

- 15,000 ევრო იმ მომჩივანთა სასარგებლოდ, რომელთა დაკავების ხანგრძლივობა აღემატებოდა 10 დღეს .

რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული თანხა დაზარალებულებს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს.

თურქმენეთს მოუწოდებენ, ბოლო მოუღოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნას

თურქმენი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, სოლტან აჩილოვა

ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ თურქმენეთს მოუწოდებს, ქვეყნიდან გამგზავრების უფლება მისცეს ჟურნალისტ სოლტან აჩილოვას. ის 11 მარტს აპირებდა თბილისში გამგზავრებას საერთაშორისო სემინარზე დასასწრებად, მაგრამ აშხაბადის აეროპორტში არ მისცეს თვითმფრინავში ასვლის უფლება.

ნიუ-იორკში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გულნოზა საიდმა 25 მარტს განაცხადა, რომ ბოლო უნდა მოეღოს აჩილოვასა და სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების „სისტემატურ დევნას“ და რომ ეს ადამიანები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყნიდან ინფორმაციის გავრცელებით.

აჩილოვა აშხაბადიდან თანამშრომლობს ვენაში დაფუძნებულ დამოუკიდებელ საინფორმაციო ვებპორტალთან „ხრონიკა ტურკმენისტანა“.

გამოცემის მთავარი რედაქტორის, ფარიდ ტუხბატულინის ინფორმაციით, 11 მარტს აჩილოვას აშხაბადის აეროპორტში საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა უთხრა, რომ მას არ ჰქონდა ქვეყნიდან გამგზავრების უფლება. ოფიციალურ პირს მიზეზი არ განუმარტავს.

წარსულში აჩილოვა პოლიციას ჰყავდა დაკავებული, მას რამდენჯერმე ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

500 ლარამდე ღირებულების ამანათები, შესაძლოა, აღარ დაიბეგროს

თუ საქართველოს პარლამენტი „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, ინტერნეტ მაღაზიებში ნაყიდი ნივთების განბაჟების ზღვარი 500 ლარამდე გაიზრდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ამაზონიდან ან რომელიმე სხვა ონლაინ მაღაზიიდან შესაძლებელი გახდება 500 ლარიანი ნივთის გამოწერა ისე, რომ ის არ დაიბეგრება.

დღეს მოქმედი წესის მიხედვით, 300 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის გამოწერის შემთხვევაში განბაჟების საფასურის გადახდაა საჭირო.

„ევროპელი დემოკრატების“ ინიციატივას დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. წინ კიდევ რამდენიმე საკომიტეტო განხილვაა, შემდეგ კი პლენარულ სხდომა - ახალ კანონპროექტს კენჭი სწორედ სესიაზე უნდა უყარონ.

რატომ უნდა გაიზარდოს ზღვარი 500 ლარამდე და არა მაგალითად, 1000 ლარამდე ან სულაც ზღვარის გაუქმებამდე? - ოპოზიციის ინიციატივამ ეს კითხვაც გააჩინა.

ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ოპოზიციას შესაძლოა, ზღვარის 1000 ლარამდე გაზრდა მოეთხოვა და ინიციატივა ჩავარდნილიყო.

„საფოსტო გზავნილების განბაჟების გადასახადის 300-დან 500 ლარზე აწევის შესახებ ჩვენს ინიციატივაზე მთავრობის არგუმენტები იმდენად სუსტი იყო რომ, საბედნიეროდ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა მას მხარი დაუჭირა. ბევრი მეკითხება რატომ არ შეიძლება ეს ზღვარი უფრო დიდი იყოსო. კომიტეტზე ვთქვი, რომ მომხრე ვარ ზღვრის 600-700 ლარამდე აწევის, ან ისეთ ნიშნულამდე გაზრდი, რომ ბიზნესიც არ დაზარალდეს. მიზანი ინიციატივის კანონად ქცევა და ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის ცხოვრების გაიოლებაა“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ოთარ კახიძე კი მიიჩნევს, რომ თუ პარლამენტი ამ ინიციატივას მხარს დაუჭეტს, ონლაინ მაღაზიებით მოსარგებლე არაერთი მოქალაქისთვის ლარის გაუფასურების ფონზე ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

"ევროპული საქართველოს" კიდევ ერთი წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, 2017 წლის დასაწყისში პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც მნიშვნელოვანი შეღავათების დაწესებას გულისხმობდა და ონლაინ მაღაზიებში ნაყიდი ამანათების დაბეგვრის საკითხიც მისი ნაწილი იყო.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ თუ "ქართული ოცნება" მეორე მოსმენითაც მხარს დაუჭერს მათ კანონპროექტს და პრინციპზე შეთანხმდებიან, შესაძლოა დაბეგვრის ზღვარმა 500-დან 700 ლარამდეც აიწიოს. მისი სიტყვებით, ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უნდა გავიდეს.

რუსეთში პირველად დააჯარიმეს აქტივისტი მცირეწლოვანის აქციაზე მიყვანისთვის

რუსეთში პირველად დააჯარიმეს მოქალაქე მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც კრძალავს მცირეწლოვანის საპროტესტო აქციაზე გაყვანას.

ქალაქ კალინინგრადის სასამართლოს 25 მარტის გადაწყვეტილებით, ნავალნის მომხრე აქტივისტ, 18 წლის ივან ლუზინს დაეკისრა 30 ათასი რუბლის (დაახლოებით 465 $) გადახდა იმისათვის, რომ 7 თებერვალს არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე მივიდა 16 წლის ორ გოგოსთან ერთად.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გასული წლის დეკემბერში ხელმოწერილი კანონი ფულადი ჯარიმის გარდა ითვალისწინებს ასევე 15 დღიან პატიმრობას და ჯარიმას 50 ათასი რუბლის (775 $) -ის ოდენობით.

სამოქალაქო აქტივისტები კანონს უწოდებენ ნაწილს პუტინის ხელისუფლების ჯიუტი მცდელობისა, ჩაახშოს დისიდენტების საპროტესტო ხმა.

სალომე ზურაბიშვილი ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლის მომხრეა

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი უფრო მაღალი დონის პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგით უნდა შეიცვალოს. მისი შეფასებით, არსებული ფორმატი ტექნიკური საკითხებითაა დაკავებული, რაც საკმარისი არ არის კონფლიქტის გადასაჭრელად. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა:

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხზე 26 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმაც. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით ყველა არსებული ფორმატი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული, ამ მხრივ ამ ეტაპზე უალტერნატივოა ჟენევის ფორმატიც, თუმცა ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს:

„ჟენევის ფორმატს არ აქვს ალტერნატივა. ის უალტერნატივოა დღესდღეობით, თუმცა ბოლო წლებმა ცხადყო, რომ ამ ფორმატში ხდება ტექნიკური საკითხების გადაწყვეტა და მასზე მუშაობა. ის არ პასუხობს პოლიტიკურ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ამ ფორმატის განახლება და არ აქვს ალტერნატივა იმ ფაქტს, რომ უნდა მოხდეს პოლიტიკური დიალოგის წარმოება. თუ ეს მოხდება ჟენევის ფორმატში, რა თქმა უნდა, ეს არის მისასალმებელი, თუ არადა უნდა მოიძებნოს სხვა გზები, რომლითაც შესაძლებელი იქნება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა", - განაცხადა პრესსპიკერმა.

სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა სირიაში

რუსეთის სამხედრო სარდლობის ცნობით, სამი რუსი ჯარისკაცი მოკლეს სირიაში, დეირ ალ-ზორის პროვინციაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მხოლოდ 25 მარტს გაამჟღავნა ცნობა დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარი თავდასხმის შესახებ. ოფიციალური ცნობით რუსეთის სამხედრო პატრულის მანქანა ალყაში მოაქციეს ექსტრემისტებმა. შეტაკების შედეგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, დამხმარე ძალებმა, გაანადგურეს 30 თავდამსხმელი.

ოფიციალური მონაცემებით, ამ მსხვერპლის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი სირიაში 115-მდე გაიზარდა. პირადი შემადგენლობის ყველაზე დიდი დანაკარგი რუსეთმა განიცადა 2018 წლის მარტში, როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა სირიის ჰმეიმიმის საავიაციო ბაზაზე. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 39 კაცი.

რუსეთი 2015 წლიდან მონაწილეობს სირიაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეზე.

სოფიო კილაძე: ღამის კლუბებში არასრულწლოვნების ადგილი არ არის

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ არასრულწლოვნები ღამის კლუბებში არ მოხვდნენ, - განაცხადა განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საკომიტეტო განხილვისას.

კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, ბავშვები ღამის კლუბებში არ დაიშვებიან 18 საათიდან 24 საათამდე დროის მონაკვეთში, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხლების გარეშე.

„ჩვენს თანამედროვე ახალგაზრდობას სჭირდება, რა თქმა უნდა, გართობის სხვადასხვა საშუალება. ოღონდ, არა ისე, როგორც ზოგჯერ, სამწუხაროდ, ხდება. განსაკუთრებით პატარა ასაკის ბავშვები შუაღამისას გასართობ კლუბებში იღებენ ნარკოტიკებს, ებმებიან პროსტიტუციაში, ხდება ათასი უბედურება. ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არასრულწოვნობის ასაკამდე ჩვენ ვიზრუნოთ მათზე...

ადრეულ ეტაპზე რომ არ მოხდეს ამ ბავშვების ჩართვა ასეთი ტიპის უბედურებაში, ამიტომ გვჭირდება ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული კონტროლის მექანიზმები. ამას აწესრიგებს სწორედ ეს პროექტი“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ბაქოში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 26 მარტს დიდი ხანძარი გაჩნდა. აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ევაკუირებულია სავაჭრო ცენტრ „დიგლას“ თანამშრომლები.

ბაქოში ხანძარი გაუჩნდა სავაჭრო ცენტრს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:19 0:00

როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება შემთხვევის ადგილიდან, მეხანძრეები ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას ხუთსართულიანი შენობის ზედა სართულებზე. სტიქიის ადგილზე გაიგზავნა ორი შვეულმფრენი მეხანძრეების დასახმარებლად.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კვამლის მოწამვლით საავადმყოფოში გადაიყვანეს 10 კაცი.

შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი

ხატია მოისწრაფიშვილი

"შეწყალება არის საქართველოს პრეზიდენტის დისკრეცია და ნებისმიერ შემთხვევაში, შეწყალებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისი თქმით, მუშავდება კონცეფცია, რათა შეწყალების კომისიამ იუსტიციის სამინისტროს ქვეშ იმუშაოს. ხატია მოისწრაფიშვილის განმარტებით, ამ მიზნით, ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღება იქნება საჭირო. ხატია მოისწრაფიშვილის თანახმად, საკითხი შეთანხმებულია, შესწავლილია და კანონში ცვლილებებისთვის მუშაობა მიმდინარეობს.

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები მშობლის ნებართვით დაიშვება

სოფიო კილაძე

სკოლებში სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით,- განაცხადა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ. „ბავშვის უფლებათა კოდექსზე“ საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვიწრო ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის და ეკლესიის ნაწილისთვის კოდექსის ძირითადი იდეის მიწოდება არასწორად მოხდა:

სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით. ასევე, თუ ოჯახი მოითხოვს კონკრეტულ შემთხვევაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და სხვა კონფესიებს, ვისაც მოითხოვს კონკრეტული ოჯახი, მათ უფლება ექნებათ ჩაერთონ და კონსულტაციები გაიარონ ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით. უბრალოდ მინდა ვკითხო საზოგადოებას - ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ანტიეროვნული? - რა თქმა უნდა, არ შეიძლება. აქ არის კონკრეტული გარანტიები ჩადებული იმისა, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რაც სჭირდება ოჯახების გაძლიერებას, ჩვენი ბავშვების კეთილდღეობას“,- განაცხადა სოფიო კილაძემ.

სოფიო კილაძის განმარტებით, საკანონმდებლო დონეზე პირველად შემოდის, რომ „შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ.“ მისივე თქმით, კოდექსით საქართველოს კანონმდებლობაში ასევე პირველად შემოდის სიტყვა „სამშობლო“ და „ის, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების და ფასეულობების სიყვარულით უნდა აღვზარდოთ.“- აღნიშნა სოფიო კილაძემ. მისი აზრით, კითხვები კოდექსის ანტიეროვნულობასთან დაკავშირებით არ უნდა დარჩეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული

შსს სამინისტროს თანახმად, მიმდინარე წლის 23 მარტს „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით 3 პირია დაკავებული. წარსულში ისინი სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ ნასამართლევი.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულები არიან კრიმინალური ავტორიტეტები - 1970 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1964 წელს დაბადებული გ.მ., ხოლო „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით - 1959 წელს დაბადებული რ.ღ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც კერძო კომპანიის მეწილეა, თავისივე ბიზნესპარტნიორთან - აღნიშნული კომპანიის დირექტორთან წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, დახმარებისთვის 2 ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტს მიმართა და კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტა სთხოვა.

გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ აღნიშნული პირები შეხვდნენ ბრალდებულის ბიზნესპარტნიორს, მას გაეცნენ საზღვარგარეთ მცხოვრები „კანონიერი ქურდის“ ზაალ მახარობლიძის (მეტსახელად „გლეხოვიჩის“) წარმომადგენლებად და კომპანიის მნიშვნელოვანი წილის დათმობა მოსთხოვეს. ბიზნესპარტნიორებს შორის დავის გადაწყვეტა აღნიშნულ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“ სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაგრძელდა. ზაალ მახარობლიძემ მხარეებს შორის უთანხმოება თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, "ქურდული წესებით", ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

გამოძიება "ქურდული სამყაროს“ წევრობისა და "კანონიერი ქურდისადმი" მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე 4-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2018 წლის იანვრიდან დღემდე პასუხისგებაში მიეცა 5 ე.წ. "კანონიერი ქურდი", დაკავებულია "ქურდული სამყაროს" 39 წევრი, ხოლო სამინისტროს მიერ ინიცირებული, კანონში შესული ცვლილებების შედეგად დამატებული ახალი მუხლებით - „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდული სამყაროს“ წევრის ან „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ან მიმართვის შედეგად მატერიალური სარგებლის მიღებისთვის - 32 პირი.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჩატარებული ერთობლივი ოპერაციების შედეგად კი დაკავებულია კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.

ოჯახებს გადაეცათ 2008 წლის ომის დროს დაღუპული 7 მოქალაქის ნეშტები

რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს 7 მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცათ. მათ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტები მიმდინარე წლის 19 მარტს გადმოასვენეს. სამარხის გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2017 წლის ოქტომბერში განახორციელა.

ნეშტებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ ხორვატიის ქალაქ ზაგრების საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც მოხდა მათი იდენტიფიცირება.

კონორ მაკგრეგორმა კარიერა დაასრულა

კონორ მაკგრეგორი

„შერეული ორთაბრძოლების“ ვარსკვლავმა კონორ მაკგრეგორმა კარიერის დასრულების შესახებ გაავრცელა განცხადება. 30 წლის ირლანდიელმა ტვიტერის პირად გვერდზე დაწერა:

"მოგესალმებით. გადავწყვიტე დღეს წავიდე სპორტიდან, რომელსაც „შერეული ორთაბრძოლები“ ჰქვია. წარმატებას ვუსურვებ კოლეგებს, მე კი ყოფილ პარტნიორებს ვუერთდები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს".

მაკგრეგორის განცხადებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ასეთი პოსტი პირველად არ გამოუქვეყნებია. ირლანდიელმა მებრძოლმა 2016 წელსაც დაწერა, რომ მიდიოდა, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა.

კონორ მაკგრეგორს პროფესიულ კარიერაში 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო და 4 წააგო. ბოლო შეხვედრაში ის რუს ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა 2018 წლის 6 ოქტომბერს.

ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციების მე-9 კონფერენცია იმართება

ბათუმში მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციების მე-9 ყოველწლიური კონფერენცია თემაზე „არჩევნების მთლიანობა - კიბერ უსაფრთხოება და ინფორმაციის სანდოობა ციფრულ ეპოქაში“.

კონფერენციაში 19 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ ტექნოლოგიურ საფრთხეებს საარჩევნო პროცესში, ამ საფრთხეების გადაჭრის გზებს, ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს და სხვა. კონფერენციის მსჯელობის საგანი იქნება ასევე კიბერ უსაფრთხოების მიზნით უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

საარჩევნო ადმინისტრაციების მე-9 საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ წარადგინა პრეზენტაცია სახელწოდებით "პირველი დემოკრატიული არჩევნების 100 წლის იუბილე დამოუკიდებელ საქართველოში". მანვე ისაუბრა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოწვევებზე.

ინსპექტირება ია კერზაიას მიმართ პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული იყო დირექტორის, ია კერზაიას დასჯაზე - ასეთია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ანგარიშის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ 26 მარტს წარადგინა.

ინსპექტირების დასკვნის შესახებ „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები სკოლაში აღმოჩენილ დარღვევებს დრამატულად წარმოაჩენდა. ანგარიშის მიხედვით, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკურ საფუძველზე დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები.

"სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული არ იყო სკოლის, როგორც, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, რაც ეწინააღმდეგება აუდიტის თანამედროვე სტანდარტებს,"- აღნიშნა ISFED-ის აღმასრუულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ. მისი თქმით, რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ სამეურვეო საბჭოს ია კერზაიას სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელა, დარღვევების გამომწვევ მიზეზებს ვერ მოაგვარებდა. "ეს რეკომენდაცია ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე",- წერია ISFED-ის ანგარიშში.

"სამართლიანი არჩევნები" მთავარ პროკურატურას მოუწოდებს დაიწყოს გამოძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე, ასევე გამოიძიოს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას მასზე ხელისუფების მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

ვლადიმირ ვაისი: "მინიმუმ ერთი გოლი უნდა გავიტანოთ"

ვლადიმირ ვაისი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადება. დღეს საღამოს, ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი დუბლინში დაუპირისპირდება ირლანდიის ნაკრებს. გუშინ გაიმართა ორივე გუნდის წინასამატჩო ვარჯიშები და პრესკონფერენციები. მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საქართველოს ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა ისაუბრა.

„ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ამ ნაკრებისთვის არასოდეს მოგვიგია და შევეცდებით, ისტორია მომავალ შეხვედრაში შევცვალოთ. შესარჩევი ციკლი შვეიცარიის ნაკრებთან თბილისში განცდილი მარცხით დავიწყეთ და ჩვენი მიზანია, პირველი ქულები დუბლინში მოვიპოვოთ. ამისთვის პირველ ყოვლისა საჭიროა, დაცვაში უშეცდომოდ ვითამაშოთ. ამასთან, ვაჩვენოთ კარგი ბალანსი დაცვასა და შეტევას შორის და რაც მთავარია, გავიტანოთ მინიმუმ ერთი გოლი“ - განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

ირლანდიისა და საქართველოს მატჩი დუბლინში 26 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სამხედრო განყოფილების უფროსი  დააკავეს 700 ლარის ქრთამის აღების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მერიის ერთ-ერთი რაიონის გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მოქალაქეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებისთვის ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 700 ლარი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კოსოვოში ჩინოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს 1999 წელს ნატოს ავიაიერიშის დაგმობის გამო

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელმაც „დაგეგმილი გენოციდი“ უწოდა 1999 წელს განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს ყოფილ იუგოსლავიაზე.

მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, კოსოვოს მთავრობაში ადგილი არ არის იმ პირებისთვის, ვინც არ იზიარებს საერთო ევროატლანტიკურ ღირებულებებს,“-განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ვესნა მიკიჩის თანამდებობიდან გათავისუფლებისას.

ვესნა მიკიჩი კოსოვოში სერბულ უმცირესობას წარმოადგენს. მათი რიცხვი კოსოვოში დაახლოებით 2 მილიონია. „ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განზრახ დაგეგმილი გენოციდი განახორციელა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც თავის საზღვრებში ალბანურ ტერორიზმს ებრძოდა,“- დაწერა ვესნა მიკიჩმა ფეისბუკში.

1999 წელს ნატომ ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე სერბეთის არმიის წინააღმდეგ განახორციელა საჰაერო თავდასხმები, რათა კოსოვოს ეთნიკური ალბანელების მიმართ ძალადობა შეეჩერებინა. ამ ოპერაციას ნატოში ჰუმანიტარულ ინტერვენციად მიიჩნევდნენ. გაეროს უშიშროების საბჭოს რუსეთისა და ჩინეთის პოზიციის გამო მასზე თანხმობა არ განუცხადებია.

2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამჟამად ქვეყანას აქვს „ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოს“ სტატუსი. მასთან დიპლომატური ურთიერთობა 100-ზე მეტმა სახელმწიფომ დაამყარა.

მალხაზ კობაურისთვის წარდგენილი სასჯელის ზომა 27 მარტს გახდება ცნობილი

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურისთვის შეფარდებული სასჯელის ზომას მოსამართლე 27 მარტს გამოაცხადებს. სასჯელის დანიშვნის სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 27 მარტის 12 საათზე გაიმართება. ბრალდების მხარე მალხაზ კობაურისთვის თავისუფლების უვადოდ აღკვეთას მოითხოვს.

სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაური 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს და ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიცმა მსაჯულებმა კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად სცნეს, მათ შორის გაუპატიურებაში.

მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. ეს მუხლები 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დეპუტატები მოისმენენ ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს  დელეგაციების ანგარიშს

დღეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიშს მოისმენს. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა განმარტავს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ანგარიშში საუბარია რეზოლუციებზეც, რომლებიც საქართველოს მიმართაა მიღებული.

ეუთოსა და ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეებში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციების საქმიანობის ანგარიში საკომიტეტო მოსმენების შემდეგ პარლამენტის სესიასაც წარედგინება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG