Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა გამოაქვეყნა


11 აპრილს აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი გამოკვლევის უახლესი შედეგები გამოაქვეყნა. NDI კვლევას ატარებდა პარტნიორ ორგანიზაციასთან - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) - ერთად2016 წლის 23 თებერვლიდან 14 მარტამდე. სულ, საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 3 900 ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

საზოგადოებრივი კვლევის პირველი ნაწილი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნის მიმართულება და ეროვნულის საკითხები, ეკონომიკური მდგომარეობა და საგარეო პოლიტიკა. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა (42 %) ან საერთოდ არ შეცვლილა (47 %). მოქალაქეების 52 % მიიჩნევს, რომ ქვეყანას პროდასავლური კურსი უნდა ეჭიროს, თუმცა რუსეთთანაც კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მომხრეა გამოკითხულთა 68 %.

რა მიმართულებით ვითარდება საქართველო? - ამ შეკითხვით იხსნება აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობის კვლევის პირველი ნაწილი და, როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენელი კობა თურმანიძე შენიშნავს, პასუხი ამ კითხვაზე ბოლო შვიდწლიან დინამიკაში ასეთია:

„ადამიანებს უარესი წარმოდგენა აქვთ დღეს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ. გასული წლის აპრილში პირველად მოხდა, რომ იმ ადამიანების რაოდენობამ, ვინც ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორად მიდის, გადააჭარბა მათ რიცხვს, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება. გამოკითხულთა 39 % ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად მიდის, 20 %, პირიქით, ხოლო 36 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა საერთოდ არ იცვლება“.

შემდეგ მოდის უფრო კონკრეტული კითხვა: როგორ შეიცვალა 2012 წლის შემდეგ ოჯახების მდგომარეობა? 10 % ამბობს, რომ შეიცვალა უკეთესობისკენ, 42 % - უარესობისკენ, ხოლო 47 %-ისთვის მდგომარეობა ისეთივეა, როგორიც 4 წლის წინ იყო.

კვლევაში მონაწილე ადამიანებს ჰკითხეს, რამდენად ეთანხმებიან ან პირიქით იმ აზრს, რომ ხელისუფლება ახორციელებს მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაზეც პასუხები ასე განაწილდა: 58 % არ ეთანხმება ამ აზრს, 37 % კი, პირიქით. რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: სამუშაო ადგილები (57 %), ფასები, ინფლაცია (35 %) სიღარიბე (30 %), პენსიები (26 %), ტერიტორიული მთლინობა (23 %). თუ ვითარებას ისევ და ისევ დინამიკაში შევაფასებთ, ამბობს კობა თურმანიძე, ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტულობის მაჩვენებელი დაკლებულია, ფასებისა და ინფლაციისა კი, პირიქით, გაზრდილი.

როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ვკითხეთ, რა არის ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი, 53 % დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ეს არის გლობალური ეკონომიკური პრობლემები, 81 %-მა თქვა, რომ ეს არის ახლანდელი მთავრობის შეცდომები...
ლორა თორნტონი

შემდეგი ნაწილი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას შეეხება. როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონიც შენიშნავს, მხოლოდ გამოკითხულთა 3 % მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არის კარგი. 29 % ამბობს, რომ არის საშუალო, 40 % მიიჩნევს, რომ არის ცუდი და 26 % - ძალიან ცუდი.

„როდესაც ჩვენ მოქალაქეებს ვკითხეთ, რა არის ეკონომიკური პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზი, 53 % დაეთანხმა მოსაზრებას, რომ ეს არის გლობალური ეკონომიკური პრობლემები, 81 %-მა თქვა, რომ ეს არის ახლანდელი მთავრობის შეცდომები და ამ მოსაზრებას, სხვათა შორის, ეთანხმება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დიდი ნაწილი, და 59 % ეთანხმება აზრს, რომ ეს არის წინა მთავრობის შეცდომა“.

ლორა თორნტონმა ასევე შენიშნა, რომ, წინა კვლევის მსგავსად, წელსაც გამოიკვეთა, რომ ადამიანები ვერ აკეთებენ დანაზოგს. ისინი ხარჯავენ იმდენს, რამდენსაც შოულობენ. უფრო მეტიც, კითხვაზე, თქვენს ოჯახს დღეს რომ მოულოდნელად 300 ლარის შოვნა დასჭირდეს, შეძლებთ თუ არა უპროცენტოდ ფულის სესხებას, პასუხი იყო „არა“:

„65 % ამბობს, რომ არათუ მათ არა აქვთ ეს თანხა, არამედ მათ გარშემო ახლობლებშიც არავის აქვს ეს თანხა“.

ლარის ინფლაციის ფონზე, გამოკითხულთა 56 % ამბობს, რომ უფრო მეტს ხარჯავს საჭირო საგნებზე, 40 % უფრო ნაკლებად ყიდულობს ამ საგნებს, 4 % კი ამბობს, რომ მასზე ინფლაციას გავლენა არ მოუხდენია.

უმუშევრობა არის უცვლელი პრობლემა. 43 % ამბობს, რომ ეძებს სამსახურს, 23 % პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამსახურის შოვნით. 10 % უმუშევარია და არც ეძებს სამსახურს.

როგორც ლორა თორნტონი შენიშნავს, კვლევისას დასვეს კიდევ ერთი ახალი შეკითხვა, თუ როგორ, რის იმედად აპირებენ თავის რჩენას მოქალაქეები:

„როგორც ხედავთ, მოქალაქეების თითქმის ნახევარი, 49 %, აპირებს დაეყრდნოს სახელმწიფოს მიერ დანიშნულ პენსიას. 31 % შვილების იმედზეა, ხოლო 26 %-მა, უბრალოდ, არ იცის, რას იზამს“.

საინტერესოა ტენდენციები საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით. გაზრდილია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც მოსწონს საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკაშირის წევრი, და ასეთი არის 77 %. მხოლოდ 14 %-ია ისეთი, ვისთვისაც ეს მიუღებელია. ასევე, გამოკითხულთა 86 %-მა იცის, რომ საქართველოს მოქალაქეები 2016 წლის შუა ხანებიდან შეძლებენ ევროპაში უვიზოდ მიმოსვლას, მათგან 72 % კი იზიარებს აზრს, რომ ეს სარგებელს მოუტანს საქართველოს ხალხს.

ცხოვრება დღითი დღე რთულდება და ამის ამსახველი ციფრები არის კიდეც მოყვანილი გამოკვლევაში. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლების წასვლა, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მთელი ქართველი ხალხი მოატყუა...
აკაკი მინაშვილი

შეცვლილია დამოკიდებულება ევრაზიული კავშირისადმი. თუ წინა კვლევის თანახმად, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 30 %-მდე იყო, ახლა მათი რაოდენობა 20 %-მდეა შემცირებული, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა 61 %.

ნატოს წევრობა ასევე სურს გამოკითხულთა უმრავლესობას, 68 %-ს. დაბოლოს, კითხვაზე, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, 47 % პასუხობს, რომ ეს არის რუსეთი, „ისლამურ სახელმწიფოს“ ასახელებს 8 %, აშშ-ს - 7 %. და კიდევ ერთი მაჩვენებელი: ხალხის 52 %-ის აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პროდასავლური, თუმცა ქვეყანამ უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან.

თბილისში NDI-ის გამოკვლევას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები. ოპოზიციაში არ უკვირთ მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი, მაგალითად, მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მოსახლეობა დღითი დღე ღარიბდება და ეს მათ განწყობაზეც აისახება:

„ცხოვრება დღითი დღე რთულდება და ამის ამსახველი ციფრები არის კიდეც მოყვანილი გამოკვლევაში. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ამ ხელისუფლების წასვლა, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელმაც მთელი ქართველი ხალხი მოატყუა და სწორედ ამ ტყუილის ხარჯზე მდიდრდება“.

ვიქტორ დოლიძე „თავისუფალი დემოკრატებიდან“ კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ფულს შოულობს იგივე ხალხი, რომელიც ადრე გამდიდრდა, ინვესტიციები არ იზრდება და არც ეკონომიკური ფონი გაუმჯობესებულა. ამ კონტექსტში კი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, მისი თქმით, ახლოს დგას სინამდვილესთან.

ხელისუფლებაში, უკვე ტრადიციულად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს არ ენდობიან და, როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, გედევან ფოფხაძე, შენიშნავს, მოსახლეობაში ნამდვილად არ არის ისეთი დეპრესიული განწყობა, როგორიც ამ კვლევიდან ჩანს:

„კვლევის ჩატარების მეთოდოლოგია ცოტა გაურკვეველი რჩება საზოგადოებისათვისაც და ჩემთვისაც. და რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, ძალიან ოპტიმისტური რომ არ არის, ეს ვიცით და გვესმის, მაგრამ არც დეპრესიული განწყობა არსებობს ხალხში“.

პოლიტიკის საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე რადიო თავისუფლებასთან გამოკვლევის შედეგების მიმოხილვისას შენიშნავს, რომ სოციალური ფონის გამძაფრებამ ლოგიკურად უკან დასწია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო, რომელსაც წლების წინ მოსახლეობა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად ასახელებდა.

NDI-ის გამოკვლევის პოლიტიკური ნაწილი, რომელიც განსაკუთრებით საინტერესოა მოახლოებული არჩევნების წინ, კერძოდ, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, ოთხშაბათს გამოქვეყნდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG