Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში“


საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „სახელმწიფოები გარდამავალ ეპოქაში,“ რომელიც 2015 წლის პერიოდს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, საქართველო დემოკრატიის განვითარებით მე-17 ადგილზეა ყოფილი საბჭოთა კავშირის, ბალკანეთის და ცენტრალური ევროპის 29 ქვეყანას შორის. „ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოში დემოკრატიის განვითარება 4,61 ქულით შეაფასა. 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 0,03 ქულით გაუმჯობესდა. ქვეყნების საერთო ქულა განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმით. მათ შორისაა საარჩევნო პროცესი, სამოქალაქო საზოგადოება, მედიის და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, დემოკრატიული მმართველობა და კორუფცია. საუკეთესო შეფასება 1, ყველაზე ცუდი კი 7 ქულაა. „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს შეეხება ნათქვამია, რომ გახმაურებული საქმეების პოლიტიზების მიუხედავად, სასამართლო სისტემის ხარისხი დღითიდღე უმჯობესდებოდა, რაც იყო დადებითი ნიშანი იმისა, რომ პოლარიზებულ სისტემაშიც კი, სტრუქტურულ რეფორმას შესაძლოა ჰქონდეს ეფექტი. საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებითვე, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ამ ტენდენციის მდგრადობისსერიოზული გამოცდა. „ფრიდომ ჰაუსი“ აღნიშნავს, რომ მმართველი „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 2015 წლის დასაწყისიდან ემზადებიან, ორივე ძალის მიმართ არსებული იმედგაცრუებით კი შესაძლოა, ისარგებლონ პრორუსულმა პარტიებმა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და აშშ-ზე ორიენტირებულ გრძელვადიან პოლიტიკას საქართველოში საყოველთაო მხარდაჭერა აქვს.

XS
SM
MD
LG