Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა 9 სარჩევნო ოლქის 45 უბანზე, 22 მაისს ჩატარებული, საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები. ცხრიდან შვიდ ოლქში გაიმარჯვეს „ქართული ოცნების,“ ხოლო ორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა. მაჟორიტარული სისტემით საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა გლდანის, კასპის, წყალტუბოს, ხობის და ზუგდიდის თითო და გარდაბნის და ოზურგეთის ორ-ორ საარჩევნო ოლქში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს ოზურგეთის და ზუგდიდის ორ საარჩევნო ოლქში, დანარჩენ შვიდ ოლქში კი წარმატებას მიაღწიეს „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა. მათ გარდა, საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრიდნენ პარტიების „თავისუფალი დემოკრატების,“ „სახალხო ხელისუფლების“ და „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატები. არჩევნებში მონაწილეობდა ორი დამოუკიდებელი კანდიდატიც, რომლებიც კენჭს იყრიდნენ გარდაბნის და ოზურგეთის საარჩევნო ოლქებში. არჩევნები ყველგან მშვიდ გარემოში ჩატარდა, გარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელისა, სადაც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები. მომხდარის გამო პარტიები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ხელისუფლებას კორცხელის ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიება მოთხოვეს არჩევნების მეთვალყურე არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ფიზიკური დაპირისპირების ფაქტის გამოძიება 22 მაისვე დაიწყო საქართველოს შსს-მ, თუმცა სამართალდამცავებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ში განუცხადეს, რომ დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა და მიმდინარეობს მოწმეთა დაკითხვა.

XS
SM
MD
LG