Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ შეაკავებს ძალადობას „ქცევის კოდექსი“


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა უმოკლეს დროში მიიღონ პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსი, რათა საარჩევნო პერიოდში არ იქნეს გამოყენებული ძალადობრივი მეთოდები და სიძულვილის ენა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე მოუწოდა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს რესურსზე მაქსიმალურად თანაბარი ხელმისაწვდომობა.

საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესებისა და ქცევის შესახებ განცხადების მიღებას აპირებს საქართველოს პარლამენტი.

საარჩევნო პერიოდში ფიზიკური ძალადობისა და ანგარიშსწორების გამორიცხვის მიზნით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს,შეათანხმონ ქცევის წესები და უარი თქვან ოპონენტების შეურაცხყოფასა და ღირსების შემლახველ ქმედებაზე. პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ მიმართა მმართველი პარტიის მომხრეებს:

„არავის მივცეთ საფუძველი კითხვის ნიშანი გაუჩნდეს ჩვენი მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს არ გვჭირდება, რადგან ისედაც გვაქვს ხალხის დიდი მხარდაჭერა! განსაკუთრებით მივმართავ პოლიციას! ყველაფერი უნდა გაკეთდეს არა მარტო წესრიგის უზრუნველსაყოფად, არამედ დაძაბულობისა და ესკალაციის ნებისმიერი გამოვლინების პრევენციისთვის. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რეგიონებს და ყველგან, სადაც დაპირისპირების რისკი მაღალია, უნდა მოხდეს მაქსიმალური მობილიზება. სახელმწიფო სტრუქტურების და ინსტიტუტების ვალდებულებაა უზრუნველყონ ყველა პოლიტიკური ძალის, განსაკუთრებით კი, ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა“.

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

თუმცა, როგორც სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შენიშნავენ, სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ უზრუნველყვეს ოპოზიციის კამპანიის შეუფერხებლად წარმართვა ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში გამართული ადგილობრივი არჩევნების დროს. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ ძალთა ქცევის კოდექსის მიღება უთუოდ წაადგება არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლებისა და პოლიციის ადეკვატურ რეაქციას:

„აუცილებელია, რომ მაქსიმალური კონტროლი განხორციელდეს იმ მიმართულებით, რომ პოლიციამ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ძალადობის, უფლებადარღვევის ფაქტზე. თუ არ მოხდება რეაგირება, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი იმის, რომ წახალისება ხდება და მე ვფიქრობ, კორცხელის ინციდენტი იყო გაკვეთილი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს“.

სახალხო დამცველის მსგავსად, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძეც მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო გარემოს საფრთხის ქვეშ აყენებს პოლიტიკოსებზე ძალადობა, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის მცდელობები და მსგავს ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან არაეფექტური რეაგირება. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას მიხეილ ბენიძემ თქვა:

„მნიშვნელოვანია, რომ კენჭი ეყაროს და მიღებული იქნას ის კანონპროექტები, რომლებიც რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს საარჩევნო გარემოს კუთხით და არა რაღაც კოსმეტიკურ ცვლილებებს. ასევე მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ და სამართალდამცავებმა ეფექტიანი რეაგირება იქონიონ პოლიტიკურად აქტიური პირების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე. ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა და ყველა მოთამაშემ მაქსიმალურად თავი შეიკავოს ძალადობრივი ქმედებებისგან“.

ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და საარჩევნო კამპანია დაეფუძნოს ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და არჩევნები თავისუფალი იყოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან...
ირმა პავლიაშვილი

ძალადობრივი ქმედებებისგან თავის შეკავებაზეა ყურადღება გამახვილებული საარჩევნო პერიოდში ეთიკის წესებისა და ქცევის შესახებ განცხადების პროექტში, რომლის მიღებასაც პარლამენტი აპირებს. პროექტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ დაცული უნდა იქნეს დადგენილი ქცევის წესები და ეთიკური სტანდარტები, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმოქმედონ კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, “საარჩევნო კოდექსის“ და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების შესაბამისად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა ყველა პარტიას, მათ შორის ბოიკოტის რეჟიმში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“, შეუერთდეს პროცესს, თუმცა პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ შესაბამისი პოლიტიკური ნების გარეშე ვერც კანონის გამკაცრება და ვერც პრემიერ- მინისტრის მოწოდება შედეგს ვერ გამოიღებს:

„მშვიდობიანი გარემოს მთავარი გამოწვევა არის სწორედ ხელისუფლების ქმედება, ხელისუფლებისა, რომელიც ებრძვის თავისუფალ მედიას, რომელიც წლების განმავლობაში აქეზებს ძალადობას, რომლის აგრესიული გამოვლინება იყო კორცხელის ინციდენტი, რომელიც არ გამოიძიეს და ეცადნენ მონაწილეების გამართლებას“.

კორცხელის ინციდენტის მონაწილეებისა და ორგანიზატორების სათანადო დასჯა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებელ პირობად მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს ირმა პავლიაშვილს, თუმცა ის მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და ასევე დიდ იმედს ამყარებს უწყებათაშორის კომისიაზე, რომლის შექმნა საარჩევნოდ კანონით არის განსაზღვრული.

„ეს არის მნიშვნელოვანი მესიჯი იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს მშვიდი და საარჩევნო კამპანია დაეფუძნოს ამომრჩეველთა ინფორმირებულობას და არჩევნები თავისუფალი იყოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისგან“, უთხრა ირმა პავლიაშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG