Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოაქვეყნეს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია


საქართველოს ხელისუფლების პირველმა პირებმა და პარლამენტში წარმოდგენილმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოაქვეყნეს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია. ხელმომწერი პარტიები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური უთანხმოებების მიუხედავად, საერთო პოზიცია აქვთ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში საქართველოს გაწევრიანების მიმართ და პრინციპზე, რომ საქართველოს სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთგულია, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ეკონომიკურ პოტენციალს და უსაფრთხოებას. „საქართველოს სურს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში, მის კოლექტიურ უსაფრთხოებაში, დემოკრატიასა და კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანით“ - ნათქვამია დეკლარაციაში. ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ საქართველო ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელმაც მის კონტროლქვეშ მყოფი სუბიექტები აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. „ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის აგრესიის და 2008 წელს საქართველოში შემოჭრის გამო, ასიათასობით მოქალაქე დევნილი გახდა. ჩვენ ვიმყოფებით ტერიტორიული დავებით სავსე რეგიონში, რომელიც გეოგრაფიულად ახლოსაა მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ზონებთან, თუმცა, ჩვენი ადგილმდებარეობა მნიშვნელოვანია, როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული დერეფანიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ - ნათქვამია დეკლარაციაში. მისი ხელმომწერები ადასტურებენ, რომ საქართველო კეთილმეზობლური ურთიერთობის, თავისუფალი ვაჭრობის, დიალოგისა და დავების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. „ჩვენ პირველები არასდროს გამოვიყენებთ ძალას სამეზობლოში, თუმცა იმავდროულად, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ერთგულნი ვართ. ველით სრულ მხარდაჭერას და დახმარებას პარტნიორებისგან, რათა საქართველომ მოახდინოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში, ნატოსა და სხვა ყველა ევროატლანტიკურ ინსტიტუტში“ - ნათქვამია დეკლარაციაში. დოკუმენტს ხელს აწერენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო ფრაქციების, „ქართული ოცნების,“ ”რესპუბლიკელების,” ”კონსერვატორების,” ”ეროვნული ფორუმის,” ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელები.

XS
SM
MD
LG