Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის კონგრესი რუსეთს: დატოვე საქართველოს ტერიტორია


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 410 ხმით (6-ის წინააღმდეგ) დამტკიცდა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც გმობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მიერ და მოუწოდებს ოკუპანტ ქვეყანას, დატოვოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები. როგორც რეზოლუციის განხილვის პროცესში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, კონგრესმენები ამ დოკუმენტს განიხილავენ მოსკოვისთვის და პირადად პრეზიდენტ პუტინისთვის გაგზავნილ მნიშვნელოვან სიგნალად.

რეზოლუცია ნომრით 660 რუსეთს მოიხსენიებს ოკუპანტ სახელმწიფოდ, რომელიც იგნორირებას უკეთებს სხვა სახელმწიფოთა დამოუკიდებელ არჩევანს და რომელიც რეგიონში გავლენის სფეროების აღდგენისთვის ძალის გამოყენებით იბრძვის. 8 სექტემბერს დამტკიცებული რეზოლუცია კატეგორიულად გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – ის მოუწოდებს რუსეთს „უკან წაიღოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება“ და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

გადმოწერა

ამავე დროს, კონგრესმენები მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, ერთმნიშვნელოვნად განაცხადოს, რომ შეერთებული შტატები არანაირ გარემოებებში არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის დე იურე თუ დე ფაქტო ძალაუფლებას „საქართველოს რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა თუ მის ტერიტორიულ წყლებზე – მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე“. ამავე დროს, რეზოლუციის მხარდამჭერები ხაზს უსვამენ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების აუცილებლობას და აქ იგულისხმება როგორც სამხედრო წვრთნები, ასევე თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო – როგორც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშემწყობი ქვეყანა – აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის.

ჩვენ კიდევ უნდა გავიმეოროთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უკანონოა. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მთლიანობა და თავისუფლება, ხოლო რუსები უნდა გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან...
ელიოტ ენჯელი

კონგრესში დამტკიცებული რეზოლუციის ინიციატორები და თანაავტორები არიან საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები – რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი. კონგრესმენმა პომ 8 სექტემბრის სხდომაზე მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესიული პოლიტიკა - თქვა, რომ ეს არის შეტევა დემოკრატიულ იდეებზე და პუტინს „ციმბირის ნაპოლეონი“ უწოდა:

„ეს რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას და უგზავნის მკვეთრ მესიჯს (ვლადიმირ) პუტინს, რომ შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მის კონტროლს საქართველოს რომელიმე ნაწილზე. ჩვენმა მეგობრებმა საქართველოში და რეგიონში უნდა იცოდნენ, რომ შეერთებული შტატები არასდროს იტყვის უარს მოკავშირეების გრძელვადიან მხარდაჭერაზე ციმბირის ნაპოლეონისგან მომავალი საფრთხეების წინაშე... ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ გვაქვს მკაფიო ვალდებულებები ჩვენი მოკავშირეების მიმართ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააღრმავოს ურთიერთობები თავის მოკავშირეებთან... საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რომელსაც რუსეთიდან მონაბერი ავტორიტარიზმის ცივი ქარები უქმნის საფრთხეს“.

როდესაც პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები 8 სექტემბერს დამტკიცებულ რეზოლუციაზე ლაპარაკობენ, მის ღირსებად და სიძლიერედ განიხილავენ იმ ფაქტსაც, რომ დოკუმენტს მხარს უჭერენ როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი კონგრესმენები – ეს კი დოკუმენტს მეტ ლეგიტიმაციას სძენს. დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენჯელმა მხარდაჭერა 8 სექტემბრის სხდომაზეც გამოხატა და საქართველოს ტერიტორიული გამთლიანება გარდაუვალ აუცილებლობად შეაფასა:

„ჩვენ კიდევ უნდა გავიმეოროთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უკანონოა. საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მთლიანობა და თავისუფლება, ხოლო რუსები უნდა გავიდნენ საქართველოს ტერიტორიიდან... ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოსთვის კარი კვლავაც ღია უნდა იყოს ჩვენთან სათანამშრომლოდ. მჯერა, რომ საქართველოსთვის კარი ღია უნდა იყოს როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მე მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერ ამ რეზოლუციას“.

აშშ-ის კონგრესში დამტკიცებულმა დოკუმენტმა კმაყოფილი დატოვა თბილისი. როგორც 9 სექტემბერს განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ამ ნაბიჯის გადადგმა მანიშნებელია იმისა, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებით და რომ ის მუდამ უერთგულებს საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს:

მიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე

„პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გამოხატულია აშშ-ის ურყევი, მტკიცე პოზიცია, რომ ის არასოდეს აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, საქართველოს აღიარებს მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მტკიცედ დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საერთაშორისო მასშტაბით. ასევე ხაზგასმულია თანამშრომლობის საჭიროება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და საქართველო განხილულია, როგორც ამერიკის გრძელვადიანი ინტერესის ქვეყანა“.

მართალია, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ რუსეთმა უმალ შეისმინოს შეერთებული შტატების კონგრესის მოწოდებები და სასწრაფოდ დატოვოს საქართველოს ტერიტორია, მაგრამ, როგორც ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მუჩაიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, მსგავსი დოკუმენტები სასიცოცხლოდ აუცილებელია საქართველოს ინტერესების დაცვის პროცესში:

„საპასუხო ქმედებებია მძიმე სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. კიდევ უნდა დამტკიცდეს და კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი მუდმივ და მზარდ მხარდაჭერას როგორც ნატოს მხრიდან, ასევე აშშ-ის მხრიდან. ასეთი რეზოლუციები თუ არ იქნება, მუდამ თუ არ მოხდება შეხსენება და მუდამ პოლიტიკურ დღის წესრიგში თუ არ იდგება ეს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რა თქმა უნდა, ამ კუთხით რუსეთზე ზეწოლა იკლებს და უფრო გაიხსნება არეალი მისი დესტრუქციული ქმედებებისთვის“.

გიორგი მუჩაიძე ფიქრობს, რომ შეერთებული შტატების ასეთი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება, საქართველოს ოკუპაციის მუდმივი დაგმობა და გადაუჭრელი პრობლემის შეხსენება არის პოლიტიკური ფარი და გარკვეული მექანიზმი რუსეთისგან მოსალოდნელი აგრესიის შესაჩერებლად.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG