Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციას ჩაბარებული პოლიციელი შიმშილობას აცხადებს


დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე, პოლიციას ჩაბარდა, თუმცა ის ბრალდებას არ აღიარებს და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებს. თევზაძე ასევე უარყოფს დემურ სტურუას მეგობარ ოლეგ თავაძეზე ზეწოლის ფაქტს. ყოფილი სამართალდამცველი აცხადებს, რომ მან „პოლიციელის მუნდირი უნდა დაიცვას“. გამოძიება მას ბოლო ორი კვირაა ეძებს - მას შემდეგ, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა.

გადმოწერა

სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გოდერძი თევზაძე ორკვირიანი მიმალვის შემდეგ პოლიციას ჩაბარდა და ახლა ის ქუთაისის #2 საპყრობილეში იმყოფება. სოფელ დაფნარის მკვიდრ 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული თევზაძე ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ არც ვინმეზე უძალადია და არც მიმალვაში იმყოფებოდა. მეტიც, პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო:

„მინდა, რომ დავიცვა პოლიციელის მუნდირი. დღეიდან ვაცხადებ შიმშილობას და ობიექტური გამოძიების იმედი მაქვს. თავს ამ დანაშაულში დამნაშავედ არ ვგრძნობ, არც მიმალვაში ვყოფილვარ“.

რეალური საფრთხე არსებობს და მივმართავთ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, მიიღონ თევზაძის და მისი ოჯახის დაცვის უპრეცედენტო ზომები...
ლედი ტუკვაძე

გოდერძი თევზაძე ამბობს, რომ დემურ სტურუასთან „ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, ისეთი, როგორიც უბნის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს მოქალაქესთან, უარყოფს გარდაცვლილის მეგობარ თავაძეზე ზეწოლის ფაქტსაც და აცხადებს, რომ თავაძე ცრუ მოწმეა.

თევზაძის პოლიციაში ჩაბარებამდე ორი დღით ადრე, ქუთაისში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, დემურ სტურუას საქმის გამოძიების საკითხს გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილიც. მან სამართალდამცავი ორგანოების მუშაობას „თანმიმდევრული“ უწოდა და განაცხადა, რომ 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული თევზაძე „შესატყვისს მიიღებს“. „დამნაშავემ მოასწრო მიმალვა, - თქვა ივანიშვილმა, - მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძიება გაგრძელდება და დამნაშავე შესატყვისს მიიღებს“.

გოდერძი თევზაძის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ლედი ტუკვაძე დაიცავს. მან სამართალდამცველებს თევზაძის განსაკუთრებული დაცვისაკენ მოუწოდა, რადგან, მისი სიტყვებით, დემურ სტურუას ოჯახის წევრები თევზაძეების ოჯახს ემუქრებიან:

„მუქარა, ჩვენი აზრით, არის რეალური, რადგან სტურუას ბიცოლა, დარიკო ჯაში, არის მკვლელობაზე ნასამართლევი, მრავალგზის ნასამართლევია მისი ძმაც. ამიტომ რეალური საფრთხე არსებობს და მივმართავთ სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, მიიღონ თევზაძის და მისი ოჯახის დაცვის უპრეცედენტო ზომები“.

გავიხსენოთ, რომ დემურ სტურუამ თავი 7 აგვისტოს ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიციელ გოდერძი თევზაძის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო მიიღო.

ბრალდებულ პოლიციელს კი, გოდერძი თევზაძეს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა 30 აგვისტოს შეუფარდა. საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზეა აღძრული (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 115-ე მუხლით), რაც, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრების მოთხოვნა თევზაძის დაკავების შემდეგაც უცვლელია - მკაცრად დაისაჯოს დამნაშავე. ამას მოითხოვს სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა, და სტურუას ბიცოლა, დარიკო ჯაში:

„არავითარი გათავისუფლება! მინდა, რომ მკაცრი კანონით დაისაჯოს!“

„აქამდე ხო ვერ დაიჭირეს. ძალიან კარგად იცოდა მთელმა სამტრედიამ, სად იმალებოდა გოდერძი თევზაძე. უბრალოდ, არ უნდოდათ მისი დაჭერა“.

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

დემურ სტურუას ოჯახის ადვოკატის, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტის, გურამ იმნაძის განცხადებით, პროკურატურის საგამოძიებო სამსახურის უმთავრესი ინტერესი ახლა ყველა იმ მტკიცებულების მოპოვება უნდა გახდეს, რაც საკმარისი იქნება ამ საქმეზე საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ზოგადად კი, იმნაძე, მისი არაერთი კოლეგის მსგავსად, მიიჩნევს, რომ სისტემა შესაცვლელია:

„ეს არის არა გამონაკლისი შემთხვევა, არამედ სისტემური პრობლემა, ამიტომ აუცილებელია შსს-ში თანამშრომლების სისტემური გადამზადება, ასევე პოლიტიკის შეცვლა, რომლის შემდეგაც პოლიციელები მუშაობისას აქცენტს გააკეთებენ არა მოქალაქეების დაშანტაჟებასა და იძულებაზე, არამედ მათი მთავარი საზრუნავი მოქალაქეების ნდობის მოპოვება იქნება“.

არასამთავრობო სექტორში ასევე ფიქრობენ, რომ გოდერძი თევზაძე არ არის გამონაკლისი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა ისევ სისტემის ნაწილად რჩება. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი გვილავა აცხადებს, პოლიციელების დიდ ნაწილში ადამიანებზე მუქარითა და სხვა ძალადობრივი ხერხებით ზემოქმედება და ამ გზით ინფორმაციის მიღება წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ნორმად და ეს დღემდე ასეა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლიციის მხრიდან მიდგომების ძირეულად შეცვლა. გიორგი გვილავა ფიქრობს, რომ ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, თუ არა, კიდევ ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიძლება დასრულდეს ისევე ტრაგიკულად, როგორც დემურ სტურუას შემთხვევაში მოხდა.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG