Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ზაჰესის“ ფოტოები „დევების ალბომიდან“


"ზაჰესის" მშენებლობის ფოტოები
"ზაჰესის" მშენებლობის ფოტოები

20 ოქტომბერს, გალერეა „კონტეინერში“ გაიმართა ფოტო-გამოფენა სახელწოდებით „ზაჰესის აგება – ბაგრატ მიქელაძის არქივიდან“. ფოტოები ერთ-ერთი პირველი ქართველი ჰიდრომშენებლის, ბაგრატ მიქელაძის ოჯახში შენახული ალბომებიდან გამოიფინა. 2017 წელს ზაჰესის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 90 წელი სრულდება. როგორ შენდებოდა ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“ და რა ბედი ეწიათ „ზაჰესის“ მშენებლებს.

„ზაჰესის“ ფოტოები „დევების ალბომიდან“
please wait

No media source currently available

0:00 0:09:34 0:00
გადმოწერა

ბარნოვის 23 ნომერში, პიანინოს თავზე, ოქროსფერ ჩარჩოში, გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრის, ბორის ფოგელის ნამუშევარი ჰკიდია – „ზაჰესი“. ფერადი ზაჰესი, რომელიც ამ ნახატზე არ ჰგავს ჰიდროელექტროსადგურს. ჭარბობს ცისფერი და ალაგ-ალაგ წითელი. თუმცა, ეს არ არის ამბავი ამ ნახატისა. ბარნოვის 23 ნომერში, ძველ განჯინაში, თითქმის საუკუნეა ინახება ხუთი დიდი ალბომი, ფოტოებით სავსე. ამ შავ-თეთრ, მოყვითალო ფოტოებზე, ზაჰესი ნამდვილად გავს ჰიდროელექტროსადგურს. უფრო ზუსტად, თანმიმდევრულად, თანდათან ემსგავსება ჰიდროელექტროსადგურს, სადგურს, რომელიც ელექტროფიკაციის ლენინური გეგმის შედეგად აიგო. ეს არის ამბავი საქართველოში პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ მშენებლობისა. იმ ადამიანებისა, რომლებიც „ზაჰესს“ აშენებდნენ. იმ ადამიანებისა, რომლებიც ჰიდროელექტროსადგურის დასრულებიდან რამდენიმე წელში რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ. ეს დიდი ალბომები, რომლებიც მოზრდილი სასადილო მაგიდის ნახევარს იკავებენ და მათში ჩაკრული ფოტოები „ზაჰესის“, მათი მშენებლების, ინჟინრების, საქმის მწარმოებლების, რიგითი მუშების ამბებს ინახავს. ამასთანავე, ინახავს კადრებს ხუთწლიანი მძიმე შრომისა, რომლის შედეგადაც, 50 ათასი ცხენის ძალის, ანუ 37 ათასამდე კილოვატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური აშენდა.

ბარნოვის 23 ნომერში, სადაც ეს ალბომები და ფოტოები თითქმის საუკუნეა ინახება, „ზაჰესის“ სამშენებლო სამუშაოთა მთავარი მწარმოებელი ბაგრატ მიქელაძე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ცხოვრობდა 1937 წლამდე, სანამ ერთ დღეს კარზე არ მიუკაკუნეს... ამ ალბომში ერთი განსაკუთრებული ფოტო ინახება. გადაღებული 1926 წელს. ბაგრატ მიქელაძე და სხვა ინჟინრები, სტალინთან ერთად, ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ფოტოგრაფის ობიექტივში იყურებიან. ფოტოზე რამდენიმე ადამიანის სახე ამოშლილია. ეს არის ფოტო, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბაგრატ მიქელაძის შვილთაშვილზე, ნათია მიქელაძეზე. სწორედ ის გვათვალიერებინებს დიდი ბაბუისა და „ზაჰესის“ მშენებლობის ფოტო-ალბომს: „ამ ფოტოზე ჩანს, რომ სრულდება მშენებლობა, ჯერ არ არის დასრულებული და ეს ადამიანები, რომლებიც ამ სურათზე დგანან და ამოშლილები არიან მოგვიანებით, ან დახვრიტეს, ან გადაასახლეს, მათ შორის, დახვრიტეს ბაგრატიც. ამ სურათზე ის ჯერ არ არის ამოშლილი, ანუ ჯერ ცოცხალია“.

ნათია მიქელაძე
ნათია მიქელაძე

​საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, მწვავედ დადგა თბილისის ელექტროფიკაციის საკითხი. ძველ ელექტროსადგურებს არ შეეძლოთ საკმაო ელექტროენერგიის გამომუშავება. არსებული მდგომარეობა მთლიანად აფერხებდა თბილისსა და მის მახლობელ რაიონებში მოქმედი საწარმოების გაფართოებას და მრეწველობის ახალი დარგების შემდგომ განვითარებას. ელექტროენერგიით თბილისის მომარაგების გაუმჯობესების საკითხი პარტიული, საბჭოთა და სამეურნეო ორგანოების ყოველდღიური საზრუნავი გახდა. სწორედ ამის შესახებ წერს წიგნში „ზაჰესის ისტორია“ მეოცე საუკუნის ისტორიის სპეციალისტი ალექსანდრე დაუშვილი. წიგნი 1977 წელს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან 50 წლის თავზე გამოიცა. ნათია მიქელაძე ამ წიგნს ალბომებთან და დოკუმენტებთან ერთად ინახავს. წიგნის ავტორი „რადიო თავისუფლებასთან“ დეტალურად იხსენებს წიგნის წერის პროცესსა და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების ტრაგიკურ ბედს: „უნდა ითქვას, რომ ასეთი მასშტაბისა და ასეთი გრანდიოზული მშენებლობა, ამიერკავკასიაში არ უწარმოებიათ მანამდე და ითვლებოდა, რომ ზაჰესის მშენებლობა გადაწყვეტდა საქართველოს ელექტროფიკაციის პრობლემას. ზაჰესი იყო საქართველოში ელექტროფიკაციის ერთ-ერთი პირმშო იმ გაგებით, რომ მანამდე ჰიდროელექტროსადგური საქართველოში არ არსებობდა. მანამდე იყო რამდენიმე თბოსადგური, მაგრამ ჰიდროელექტროსადგური არ არსებობდა. მშენებლობის პერიოდში ზაჰესს ისეთი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ვინც კი საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდა, ყველა მიყავდათ ზაჰესში და ითვლებოდა, რომ ეს არის ეპოქალური მშენებლობა“.

"ზაჰესის" მშენებლობა
"ზაჰესის" მშენებლობა

სწორედ ასე ესტუმრა „ზაჰესს“ 1928 წელს რუსი მწერალი და პოეტი ანდრეი ბელი და რომლის მოგონებებიც, გაცრეცილ ყვითელ ფურცლებზე დაბეჭდილი, ბაგრატ მიქელაძის არქივში ინახება. ის ზაჰესის დასათვალიერებლად სწორედ ბაგრატ მიქელაძემ წაიყვანა. მწერალი თავის მოგონებებში მიქელაძის სიტყვებს იხსენებს: „ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ფართო გულით დავდივარ. აი, ასე გაფართოვდა ჩემი გული“, – გაშალა მან ხელები“.

ლექსანდრე დაუშვილი საუბრობს „ზაჰესის“ რეპრესირებულ მშენებელთა ბედზე. როგორც ის ამბობს, 1937 წლამდე თითოეული მათგანი ძალიან წარმატებული ადამიანი იყო. თავად ბაგრატ მიქელაძე და სხვა ინჟინრები 1927 წელს შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდნენ. მალევე, ბაგრატ მიქელაძე ახალი ენერგიით შეუდგა რიონჰესის მშენებლობას. 1936 წელს მას, რიონჰესის მშენებლობის დამთავრებასთან დაკავშირებით, ლენინის ორდენი გადაეცა და შრომის გმირის წოდება მიანიჭეს. თუმცა, ალექსანდრე დაუშვილის თქმით, საბჭოთა რეჟიმისთვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ ის დაეხვრიტათ. საბჭოთა რეჟიმს განტევების ვაცები სჭირდებოდა: „რა თქმა უნდა, თუკი ორგანიზაციებში რაღაც ხდებოდა, რასაც იმ წუთას ვერ ხსნიდნენ, რაღაცას და ვიღაცას უნდა დაბრალებოდა. აი, მაგალითად, 1935 წელს ზაჰესში ორი ავარია მოხდა. ამ ავარიის შედეგად ისე დაზიანდა სადგური, რომ გაითიშა და დიდი ხნის განმავლობაში ენერგია შეუწყდა მომხმარებელს. საბჭოთა ენაზე ეს ითვლებოდა მავნელობლად. დაიწყეს მავნებლების ძიება. მათ სჭირდებოდათ განტევების ვაცი და ბევრი ასეთი თანამდებობის პირი გადაეცა პასუხისგებაში“.

ისტორიკოსი ლავრენტი ბერიას ჩანაწერს იხსენებს, რაც, სავარაუდოდ, საფუძვლად დაედო „ზაჰესის“ მშენებლების ტრაგიკულ ბედს: „აი ციტატაც: „მიქელაძემ და ჭიჭინაძემ სპეციალურად დაამონტაჟეს ზაჰესი ისეთ ადგილას, სადაც გადის თბილისი-მოსკოვის რკინიგზის გზა, რომ მატარებლის უმნიშვნელო მარცხის შემთხვევაში, პირდაპირ დაეცეს ზაჰესის ელექტროსადგურს“.

გურამ წიბახაშვილი
გურამ წიბახაშვილი

რეპრესირებული ბაგრატ მიქელაძის, საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჰიდრომშენებლის სახლში, განჯინაში შენახული ფოტო-ალბომები განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილისთვის. ფოტოები, რომლებიც 1922-1927 წლებში, ანუ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყებიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდეა გადაღებული, მშენებლობის თითოეულ დეტალს ინახავს. მათ შორის, იმ ე.წ. შაბათობის ფოტოს, რომლითაც სადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. წერაქვებითა და ნიჩბებით შეიარაღებული შაბათობის მონაწილე მუშები ფოტოობიექტივში იყურებიან. გაზეთი „კომუნისტი“ კი წერს: „დღევანდელი დღე, კვირა, არის ისტორიული დღე თბილისისათვის. დღეს თბილისის პროლეტარიატი და ქალაქის ხელმძღვანელობა – ქალაქის აღმასკომი საფუძელს უყრიან უდიდეს დაწყებულობას, რომელსაც ეწოდება ავჭალის ჰიდროელექტროსადგური“. გურამ წიბახაშვილისთვის, როგორც ფოტოხელოვანისთვის, ამ ფოტოებს რამდენიმე დატვირთვა აქვს. უცნობია ფოტოების ავტორთა ვინაობა. უცნობია ისიც, თუ რამდენი ფოტოგრაფი მუშაობდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე. თუმცა, ის ამბობს, რომ ფოტოგრაფი თუ ფოტოგრაფები, რომლებმაც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა აღბეჭდეს ფირზე, ნამდვილი პოფესიონალები იყვნენ. სწორედ ამიტომ გადაწყდა გალერეა „კონტეინერში“ გამოფენის მოწყობა სახელწოდებით „ზაჰესის აგება – ბაგრატ მიქელაძის არქივიდან“: „ეს ფოტოგრაფი არ არის უბრალოდ ფაქტების აღმნუსხველი, რომელმაც იცის, როგორ უნდა ააგოს სურათი, როგორ უნდა ელაპარაკოს სურათის ენით ადამიანებს, როგორ უნდა მოყვეს ისტორია. ეს არის ფოტოების მოყოლილი ისტორია, რომელიც ყველა დათარიღებულია. ძალიან კარგად ჩანს ამ ფოტოებში ტიპაჟები. ამ ფოტოებიდან ათი სხვადასხვა გამოფენის გაკეთება შეიძლება. მაგალითად, როგორ მიდიოდა მშენებლობა, ტექნიკა როგორი იყო, ადამიანებს რა ეცვათ, ადამიანები როგორები არიან, როგორ ზეიმობენ. ეს არის 100 წლის წინანდელი ამბავი, რომლიდანაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის ისტორია ამოვიკითხოთ“.

„დევების წიგნები“, – ასე ეძახდა ნათია მიქელაძე ალბომებს, რომლებიც წლების განმავლობაში ბაგრატ მიქელაძის, დიდი ბაბუის, განჯინაში ინახებოდა. იქვე ინახებოდა ყველა დოკუმენტი თუ წერილი, რომელიც ჰიდრომშენებელს და ზაჰესის მშენებლობას მცირედით მაინც უკავშირდებოდა. ნათია დანანებით ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მცხეთისკენ მიმავალი „ზაჰესს“ ჩაუვლის, უსამართლობის განცდა ეუფლება: „ყველაზე დიდი შოკი იყო, როდესაც აღმოვაჩინე წერილი, რომელიც დაწერილია 1937 წლის თებერვალში და რომელსაც სწერდა ბაბუაჩემს, რომელიც 19 წლის იყო და სწავლობდა ლენინგრადში. თითქოს რაღაც ანდერძივითაა. თითქოს უკვე გრძნობდა რაღაცას. შვილს სწერს, რომ მართალი ადამიანი უნდა იყოს, სწორი ცხოვრებით უნდა იცხოვროს... ჩვენ ამ ანდერძით ვცხოვრობთ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG