Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ემართება ლარს?


საქართველოს ეროვნული ვალუტა განაგრძობს გაუფასურებას ამერიკულ დოლართან მიმართებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივნისში ერთი ამერიკული დოლარი 2 ლარი და 13 თეთრი ღირდა, დღევანდელი მდგომარეობით კი, მისი ფასი 1 ლარი და 42 თეთრია. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები არ გაუარესებულა და ლარის ვარდნაც დროებითია. უფრო მეტს იმაზე, თუ რა ახდენს გავლენას ლარის კურსის მკვეთრ ცვლილებაზე ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ.

რა ემართება ლარს
please wait

No media source currently available

0:00 0:06:02 0:00
გადმოწერა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ნერვიულობის საფუძველი, რადგანაც ლარი უახლოეს მომავალში კვლავ გამყარდება. ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის შემდგომი გაუფასურების რეალურის საფუძვლები არ არსებობს:

„მაკროეკონომიკური პარამეტრები არ არის შეცვლილი. პირიქით, გაუმჯობესებულია, მათ შორის, გაუმჯობესებულია ჩამორიცხვები, რომლებიც შემცირებული იყო. იმპორტს აქვს შემცირების ტენდენცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ მთავრობის ანგარიშებზე იქნება დადებითი ცვლილებები დოლარის თვალსაზრისით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში ჩამოირიცხება აზიის განვითარების ბანკიდან თანხები. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დროებითი და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ კურსის გამყარებას“.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ნოდარ ხადურის თქმით, საქართველოს ფინანსური ბაზრის კონიუნქტურა იმგვარია, რომ ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები ზეგავლენას ახდენენ ეროვნული ვალუტის კურსზე, თუმცა ეს გავლენა დროებითია. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ ფაქტორს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, ფინანსთა მინისტრის მსგავსად, ეკონომისტების ნაწილიც მიიჩნევს, რომ საქართველოს, ამ მხრივ, ცუდი ვითარება არ აქვს. ასე ფიქრობს ეკონომისტი მიხეილ დუნდუა, რომელმაც ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ატარებს სწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას:

„დაახლოებით, ერთი თვის წინ გამოქვეყნდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროპაში დაიკავა მე-17 ადგილი, ოცეულში შევიდა, ანუ მკვეთრად გაიუმჯობესა მდგომარეობა, მაკროეკონომიკური ვითარების თვალსაზრისით. ასე რომ, ლარის გაუფასურებასთან მთავრობის პოლიტიკას კავშირი არ აქვს. ეს პოლიტიკა, როგორც დაასკვნა მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა, არის სწორი. ახლა, რაც შეეხება ლარის კურსს, უნდა ვთქვათ, რომ არა მხოლოდ ლარი არის გაუფასურებული, არამედ ყველა ჩვენი მეზობლისა და სავაჭრო პარტნიორების ვალუტები გაუფასურდა. ევროც კი გაუფასურდა დოლართან მიმართებით“.

თუმცა, ამ არგუმენტებს არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ნაციონალური მოძრაობის წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ, სხვა არაერთი ფაქტორის გარდა, ლარის გაუფასურებაზე გავლენას ახდენს მთავრობის მიერ გაწეული ხარჯების მოცულობის ზრდა, რაც, განსაკუთრებით, შესამჩნევი იყო საარჩევნო პერიოდში.

„შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ, იცით რა, წინა ხელისუფლების დროსაც ხომ ასე აკეთებდნენ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ყოველთვის აქტიურობს? კი, ბატონო, აქტიურობს, მაგრამ მაშინ აკეთებდნენ ჭკვიანურად. მათ იცოდნენ ფულადი ნაკადების ბუნება და ამის გამო, ათი წლის განმავლობაში, ლარი იყო მყარი და პირიქით, პრობლემა იყო მეტად გამყარება და არა დასუსტება. ამას დაემატა პოლიტიკური გადაწყვეტილება მთავრობისა და ეროვნული ბანკისა – დახარჯეს 180 მილიონი დოლარი იმისათვის, რომ არჩევნებისთვის კურსი ყოფილიყო ფიქსირებული, რამაც გამოიწვია ზამბარის ეფექტი. ნელ-ნელა დაგროვდა პრობლემები და აგერ ვხედავთ, რომ ლარი უფასურდება და ეროვნული ბანკი არ მიმართავს ინტერვენციებს და სწორად იქცევა, რომ არ მიმართავს, მაგრამ მაშინ რატომ არ გააკეთა იგივე, როცა 1 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრამდე დახარჯა 100 მილიონი დოლარი“, – უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

ეროვნულმა ბანკმა თავისი გადაწვეტილება ახსნა, „თი-ბი-სი ბანკის“ მიერ „რესპუბლიკა ბანკის“ შესყიდვის გამო, ქვეყნიდან 100 მილიონი დოლარის გადინებით, თუმცა, რომან გოცირიძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა, რატომღაც, ბაზარზე გამოიტანა 180 მილიონი დოლარი. რომან გოცირიძეს ასევე არ სჯერა მთავრობისა, რომელიც ამტკიცებს, რომ საგანგაშო არაფერია და, რომ ვალუტა განაგრძობს შემოდინებას:

ეკონომიკა დავარდნილია. მოსახლეობის შემოსავლები შემცირებულია და კაპიტალის აქ დაბანდებას დაკარგული აქვს ეკონომიკური აზრი. თუმცა, ლარის კურსის რყევის მკვეთრი ალაგმვა შესაძლებელია დღესვე იმითი, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც კომერციულ ბანკებს აეკრძალებათ ერთჯერადი მსხვილი გადარიცხვის განხორციელება...
ლია ელიავა

„მაშინ დავსვათ შეკითხვა: რატომ უფასურდება ლარი? იმიტომ, რომ მიწოდება არის უფრო მეტი და მიწოდების ძირითადი წყარო არის ბიუჯეტის დეფიციტი. აგერ, დღეს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 1 მილიარდ 290 მილიონი ლარის კრედიტი, რეფინანსირების სესხების სახით. გუშინ, მთავრობამ კანონის დარღვევით, დამატებით აიღო, შიდა სესხის სახით, 45 მილიონი ლარი. დაახლოებით, ათი დღის წინ აიღო 90 მილიონი ლარი, ანუ 135 მილიონი ლარით მეტი სესხი აიღო, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ბიუჯეტის შესახებ კანონით. შესაბამისად, მთავრობა ზრდის ბიუჯეტის დეფიციტს. ფულის შემოსვლის გარეშე ეწევა ნაშთებიდან ხარჯვას, რასაც ჩვენ დეფიციტურ ხარჯვას ვუწოდებთ, ირღვევა დისბალანსი ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებას შორის და, რეალურად, დღეს ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია არასწორი საბიუჯეტო ხარჯვა“ – აღნიშნა რომან გოცირიძემ. სხვა ეკონომისტებიც იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ ლარის კურსის ვარდნაზე გავლენას ახდენს საქართველოდან კაპიტალის გადინება. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა კაპიტალის გადინებას ასეთ ახსნას უძებნის:

„რა თქმა უნდა, ხდება გადინება, რადგანაც აქ დაბანდების საშუალება არის მწირი. ეკონომიკა დავარდნილია. მოსახლეობის შემოსავლები შემცირებულია და კაპიტალის აქ დაბანდებას დაკარგული აქვს ეკონომიკური აზრი. თუმცა, ლარის კურსის რყევის მკვეთრი ალაგმვა შესაძლებელია დღესვე იმითი, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც კომერციულ ბანკებს აეკრძალებათ ერთჯერადი მსხვილი გადარიცხვის განხორციელება. შეეძლებათ დღეში არა 5,10, 20 მილიონის გადარიცხვა, არამედ მაგალითად 1 მილიონისა. ასეთი წვრილ-წვრილი გადარიცხვებით კაპიტალის გადინება არ იმოქმედებს ასე ტრაგიკულად ლარის კურსზე“, – უთხრა ლია ელიავამ რადიო თავისუფლებას.

შესაბამისად, ლია ელიავას თქმით, „თი-ბი-სი ბანკიც“ „რესპუბლიკა ბანკის“ შესყიდვისას არ გადარიცხავდა ერთდროულად 100 მილიონ დოლარს, თუმცა ეროვნული ბანკი, ჯერჯერობით, თავს იკავებს ამგვარი შეზღუდვის დაწესებისგან, არადა, როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, თუ არ შეჩერდება ლარის დევალვაცია, ეს ნეგატიური პროცესი აუცილებლად გადაიზრდება ინფლაციაში – ანუ, ლარის გაუფასურებასთან ერთად, მივიღებთ ფასების მკვეთრ ზრდას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG