Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის კურსზე განმარტებას აკეთებს


ლარი ვარდნას განაგრძობს. გუშინდელი მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4080 ლარი გახდა. დღეიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4080 ლარი იქნება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0192 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6303 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.5983 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილება ევროს მიმართ 0.0320 ლარს გაუტოლდა.

გადმოწერა

გუშინვე, ლარის კურსსა და ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებულ სავალუტო ინტერვენციებზე კომენტარი გააკეთა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. „კურსის პროგნოზის გაკეთება იმ შემთხვევაში, როდესაც მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, თეორიულადაც კი ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ ის, ვინც ამას გააკეთებს, ისევე როგორც ნავთობის ფასების პროგნოზირებისას ემართებათ, შეცდება. ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარებს არც მაშინ, როცა მყარდება კურსი და არც მაშინ, როცა უფასურდება“, – აღნიშნა მან. გვენეტაძის თქმით, იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი და ამ კონტექსტში სებ-ის პრეზიდენტმა ერთ-ერთად „თიბისისა“ და ბანკ „რესპუბლიკის“ გარიგების ფაქტი დაასახელა. ამავე დროს, იყო სხვა ერთჯერადი გარიგებებიც და გარდა ამისა, იყო მოლოდინი არჩევნებისადმი.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, ლარის კურსზე, ზეგავლენის თვალსაზრით, უკანასკნელ პერიოდში დადებით ტენდენციები შეინიშნება: ტურიზმი გაიზარდა 11%-ით, ფულადი გზავნილები – 13%-ით. სექტემბერი იყო პირველი თვე ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ექსპორტი 8%-ით გაიზარდა, ამავე თვეში იმპორტი 2%-ით შემცირდა. ასევე, ბოლო პერიოდში დოლარი მყარდებოდა საკმაოდ და, გარკვეულწილად, პიკსაც მიაღწია გუშინ, სხვა ვალუტებთან შედარებით.

აქედან გამომდინარე, გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი თანაბარ პირობებში, ე. ი., თუ სხვა შიდა და გარე შოკები არ მოხდა, გაცვლითი კურსის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება.

კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებზეც, ანუ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასჭირდა ბანკს სავალუტო რეზერვების ნაწილის დახარჯვა. გვენეტაძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის სტრატეგიის მიხედვით, სებ-ს აქვს ზუსტად ის მანდატი, რომ მაშინ, როდესაც ფუნდამენტური ფაქტორები და ეროვნული ბანკის რეზერვები ამის საშუალებას იძლევა, განახორციელოს ინტერვენციები და შეამციროს ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული დიდი რყევები.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოიყვანა მაგალითები წინა მმართველობის პერიოდიდანაც, როცა მსგავსი ინტერვენციები ხორციელდებოდა.

„მე გადავხედე სტატისტიკას – 2010 წელს, 2011 წელს, 2012 წელს, 2013 წელს ზუსტად ერთჯერადი ფაქტორებით გამოწვეული ასეთი მკვეთრი ნახტომისებური ცვლილებების შესარბილებლად ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ინტერვენციები და ზუსტად ასეთ მოვლენებთან გვქონდა საქმე ამ ბოლო პერიოდში“, – განაცხადა გვენეტაძემ. მისივე თქმით, თუ მომავალშიც იქნება ამის საჭიროება, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს განახორციელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG