Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კაპიტალს არ აქვს ეთნიკურობა“


შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა

3 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ სამი თანამშრომელი, რომლებსაც ბრალი ედებათ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებული ხუთი მუშისა და ორი ადგილობრივი მკვიდრის ცემაში. ზვარეს მოსახლეობა და პროფესიული კავშირების გაერთიანება მოითხოვენ კვალიფიციურ გამოძიებას და დამნაშავეთა დროულ დასჯას, თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველები ასევე ამახვილებენ ყურადღებას ქსენოფობიის გაღვივების საფრთხეზეც, რადგანაც მედია, ხშირ შემთხვევაში, დავის გაშუქებისას ხაზს უსვამს დამქირავებლისა და დაქირავებულის ეთნიკურ წარმომავლობას.

„კაპიტალს არ აქვს ეთნიკურობა“
please wait

No media source currently available

0:00 0:06:46 0:00
გადმოწერა

3 ნოემბერს სოფელ ზვარეში კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებმა, კომპანიაში დასაქმებულ მუშებთან ფიზიკური დაპირისპირებისას გამოიყენეს არმატურის ნაჭრები, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები, რის შედეგადაც შვიდმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება. თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, როგორც მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა:

„ამ საქმეზე დააკავეს რამდენიმე პირი... თუ არ ვცდები, ჩინეთის მოქალაქეები. საქმის კვალიფიკაცია შეიცვალა ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით. გამოძიება ახლაც მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ მუხლი კიდევ შეიცვალოს“.

ვიტალი გიორგაძე
ვიტალი გიორგაძე

წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება გამოიწვია შეშის ქურდობასთან დაკავშირებულმა ეჭვმა, თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობასა და მუშებს შორის ადრე არსებობდა შრომითი დავა. რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის თქმით, სექტემბერში შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მუშები ორი კვირით გაიფიცნენ, თუმცა გაფიცვამ შედეგი ვერ გამოიღო:

„სახელმწიფო და ჩვენ – პროფკავშირები აღმოვჩნდით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი მოქალაქეები არიან დაჩაგრულები, როგორც მონები, ისე ჰყავთ დამსაქმებლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქსენოფობიისგან შორს ვართ. რა მნიშვნელობა აქვს ჩინელია დამსაქმებელი თუ სხვა ეროვნების, მაგრამ ქვეყანაში გვყავს დამსაქმებელი, რომელიც არ ემორჩილება ჩვენს კანონებს, კონსტიტუციას და არ იცავს ადამიანის უფლებებს“.

ვიტალი გიორგაძემ შენიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა დამსაქმებლის ეთნიკურ წარმომავლობასო, თუმცა, ზვარეში მომხდარი ინციდენტის გახმაურებისთანავე, მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჩნდა შემდეგი შინაარსის ქსენოფობიური მოწოდებები:

„ჩინელებისგან ნაცემი ქართველები. შეშფოთებას გამოთქვამთ და არიქა, ვიმოქმედოთო. ვინ ხართ აბა მზად, შაბათს, დილის 8 საათზე გავიდეთ ზვარეში და ადგილზე გავეცნოთ სიტუაციას! დაფიქრდით, ქართველებს იგივე რომ ექნათ, რა ამბავი იქნებოდა, ვის რამდენ წელს მისცემდნენ“.

მსგავსი განწყობა აქვთ თბილისელების ნაწილსაც. რადიო თავისუფლების კითხვას, რას ფიქრობენ უცხოელი ინვესტორებისა და შრომითი მიგრანტების შესახებ, ერთ-ერთმა მამაკაცმა ასე უპასუხა:

„მე რომ მთავრობაში ვიყო, ყველას გავყრიდი აქედან! რა უცხოელი... დღეს გავიგე, მუშა უცემიათ ჩინელებს. თურქეთში ქართველი ქალი მოუკლავთ... აი, ყველა გვჩაგრავს და ყველა უნდა გაიყაროს!“

კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ხელმძღვანელობას აკისრებს პასუხისმგებლობას საქართველოს პარლამენტის ბაღდათი-ხარაგაულის ოლქის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული კობა ლურსმანაშვილიც:

„ცხადია, ასეთი აგრესიული დამოკიდებულება კომპანიაში დასაქმებულ პირებთან არ უნდა ხდებოდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს არ ხდება ეთნიკურ ნიადაგზე“.

კაპიტალს არ აქვს არც ეთნიკურობა, არც რელიგიურობა და სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რომ კაპიტალისტური ლოგიკა ადამიანებს ჩაგრავს, მიუხედავად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა. ეს ჩაგვრის და ექსპლუატაციის პრაქტიკა მიემართება ყველა ადამიანს, რომელიც მოყვება ამ ლოგიკაში...
ლანა ღვინიანიძე

დამსაქმებლისა და დასაქმებულის ეთნიკურ წარმომავლობაზეა ლაპარაკი კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც, რომლის მიხედვითაც, კონფლიქტი გამოიწვია მოჭრილი მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ უკანონო მითვისების ფაქტმა. ინციდენტი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. განცხადების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოჭრილი მერქნული რესურსი ეკუთვნის გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტს და მის შენახვასა და გადაცემაზე პასუხისმგებელია ჩინური მხარე. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ:

„მასობრივი მედიის საშუალებებით ვრცელდება მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაცია, თითქოს ჩინელმა მუშებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქართველებს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება როგორც ქართველ, ისე ჩინელ თანამშრომლებს. კონფლიქტის ინიცირების შესახებ არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სათანადოდ და დროულად მოახდენენ ყველა მონაწილე პირისგან ჩვენებების აღებას და მიუკერძოებლად ჩაატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს”.

კონფლიქტში მონაწილე მხარეებისა და მედიის მიერ ხაზის გასმა ეთნიკურ წარმომავლობაზე ქმნის ქსენოფობიის გაღვივების საფრთხეს – მიაჩნიათ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, ლინა ღვინიანიძის თქმით, ხდება შრომითი დავის ტრანსფორმაცია სხვა სახის კონფლიქტად, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ზვარეში შექმნილ ვითარებას.

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის, რომ არ მოხდეს ხაზგასმა კონკრეტული ეთნიკური, რელიგიური ნიშნით, რადგანაც კაპიტალს არ აქვს არც ეთნიკურობა, არც რელიგიურობა და სწორედ ეს არის მთავარი საკითხი, რომ კაპიტალისტური ლოგიკა ადამიანებს ჩაგრავს, მიუხედავად ეთნიკური და რელიგიური კუთვნილებისა. ეს ჩაგვრის და ექსპლუატაციის პრაქტიკა მიემართება ყველა ადამიანს, რომელიც მოყვება ამ ლოგიკაში“, – უთხრა ლანა ღვინიანიძემ რადიო თავისუფლებას.

კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ კი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს განცხადებით და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე, კატეგორიულად მოითხოვს, გათავისუფლდნენ დაკავებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG