Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიის არჩევნებში დამარცხდა ულტრამემარჯვენე კანდიდატი


ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა ულტრამემარჯვენე, ავსტრიის თავისუფლების პარტია და მისი კანდიდატი, ნორბერტ ჰოფერი. გამარჯვება მოიპოვა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა - რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, თუმცა მას მწვანეთა პარტია უჭერდა მხარს. წინასწარი შედეგებით, ვან დერ ბელენმა ხმათა 54 პროცენტი მოიპოვა, ჰოფერმა - 46 პროცენტი. 45 წლის ჰოფერის გამარჯვება იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს სათავეში ულტრა-მემარჯვენე ფიგურა ჩაუდგებოდა. გამარჯვებული, 72 წლის ვან დერ ბელენი უწინ ეკონომიკის პროფესორი იყო, და თავს უწოდებს „ლტოლვილთა შვილს“. ის მყარად უჭერს მხარს ევროკავშირს და გამოდის ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გატარების მოწოდებებით. "დღეს აქ რაც მოხდება, ამას მთელი ევროპისთვის ექნება მნიშვნელობაო", განაცხადა ვან დერ ბელენმა 4 დეკემბერს, ხმის მიცემის შემდეგ. მას ნათქვამი აქვს, რომ ის „პრო-ევროპელია, თუმცა ბატონ ჰოფერთან მიმართებით ამ საკითხზე გარკვეული ეჭვები არსებობს“. ჰოფერი გამოდიოდა დაპირებით, რომ დააწესებდა მკაცრ სასაზღვრო კონტროლს და მუსლიმ ქალებს აუკრძალავდა საჯაროდ მთელი სხეულის დამფარავი ბურკის ტარებას. „ავსტრიაში ისლამის ადგილი არ არისო“, უთხრა ჰოფერმა ამომრჩევლებს და განაცხადა, რომ დაითხოვდა მთავრობას, თუკი ის უფრო მკაცრად არ მოეკიდებოდა ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ მიგრანტებს.

XS
SM
MD
LG